საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №574აპ-15 ქ. თბილისი
ჩ-ე ტ. 574აპ-15. 1 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განაჩენით ტ. ჩ-ე, - დაბადებული 19… წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ტ. ჩ-ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წელი, საიდანაც 2 წელი განსაზღვრული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი ჩათვლილი - პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, ტ. ჩ-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი - 1 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ტ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2015 წლის 8 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ ტ. ჩ-ის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი