საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №581აპ-15 ქ. თბილისი
გ-ი ზ. 581აპ-15. 28 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განაჩენით ზ. გ-ი, - დაბადებული 19… წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ის კუთვნილი ავტომანქანიდან 2 დენის წყაროს ქურდობის მცდელობის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გ. კ-ის მფლობელობაში არსებული ჯიხურიდან ქურდობის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ბ. ყ-ის კუთვნილი 2 დენის წყაროს ქურდობის ეპიზოდი ) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ზ. გ-ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და ჯარიმა - 6000 ლარი და ზ. გ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 6000 ლარი.
ზ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 20 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ ზ. გ-ის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი