ას-352-704-07 4 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ .. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ზ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს ,,.. ..“ და ამავე კომპანიის ქვემო ქართლის ფილიალის მიმართ და მიუთითა, რომ 1996 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა რუსთავის ფილიალ „... სამმართველოში“ იურისტად. 2004 წლის 14 ოქტომბრიდან მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა იწურებოდა 2004 წლის 14 ნოემბერს, ხოლო ხელფასის ოდენობა კონტრაქტით განსაზღვრული იყო 350 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 26 ნოემბრის ¹208 ბრძანებით მოპასუხე ორგანიზაციამ გაათავისუფლა იგი სამსახურიდან. 2005 წლის 26 იანვარს, განთავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ შეიტყო, რომ მისი განთავისუფლების საფუძველი ორგანიზაციის ლიკვიდაცია გახდა, რასაც იგი არ დაეთანხმა. მოსარჩელემ მოითხოვა ¹208 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ზ-ის სარჩელი, სს “ .. ..” რუსთავის ფილიალი “... სამმართველოს” დირექტორის მიერ გაცემული ¹208 ბრძანება გაუქმდა და ნ. ზ-ი აღგენილ იქნა იურისტის თანამდებობაზე. მასვე აუნაზღაურდა იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი - დათხოვნის დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით სს “ .. ..” გენერალური დირექტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებაზე სს “ .. ..” გენერალურმა დირექტორმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით სს “ .. ..” დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო სს “.. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს “ .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით სს “ .. ..” ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 168-169).
მოცემული განჩინების ასლი სს „.. ..“ კანცელარიას ჩაჰბარდა 2007 წლის 11 მაისს (ს.ფ. 171); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 21 მაისის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.