საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №607აპ-15 ქ. თბილისი
ჯ-ი ი. 607აპ-15. 28 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჯ-სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ხორავას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენით ი. ჯ-ი, - დაბადებული 19… წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი (ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდი) და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.
ი. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ეპიზოდი) და მიესაჯა ჯარიმა - 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ი. ჯ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ქ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ….. – 3000 ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 4 ტყვიის მასრა, ი. ჯ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 2 ვაზნა და 2 დემონტირებული ვაზნა, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ ი. ჯ-ის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ჯ-სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ხორავას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი