Facebook Twitter

¹ას-353-705-07 16 ივლისი, 2007წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. შ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნოტარიუსი ლ. ჭ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს ლ. ჭ-ს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის – 10000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 1993 წელს მოსარჩელემ ე. შ-საგან შეიძინა ქ. ბათუმში, ... ¹101-ში მდებარე ¹9 ბინა. 1994 წელს მოახდინა ბინის თავის სახელზე პრივატიზება. 2005 წელს ი. შ-მ შეიტყო, რომ მოპასუხე ნოტარიუსმა ლ. ჭ-მ უკანონოდ მოახდინა მისი კუთვნილი ბინის მ. შ-ის სახელზე პრივატიზება, რითაც მოსარჩელეს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბინის პრივატიზება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში ი. შ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 15 მაისს, 11 საათზე, რის შესახებ მხარეებს სასამართლო უწყებები გაეგზავნათ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო უწყება ი. შ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, თუმცა აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე უ. შ-მ შეიტანა საჩივარი, რომლის განხილვაზეც იგი არ გამოცხადდა, თუმცა სასამართლდოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის დასაბუთებული განჩინებით ი. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. შ-ის სასამართლო უწყება 2006 წლის 15 მაისის სხდომის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა და არც ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. ამდენად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეილებითა და განჩინებით დაცულია ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინეული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობეინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაბოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ აპელანტი მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში ი. შ-ს 2006 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის კონკრეტულ მიზეზზე არც საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია, ასევე არ დაუსაბუთებია, თუ რის გამო ვერ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა ი. შ-ის საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება კასატორის მითითებას 2006 წლის 10 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს, საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, არამედ არსებითად იმსჯელა ი. შ-ის საჩივრის საფუძვლიანობაზე და იგი მართებულად არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, 2006 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ი. შ-ის გამოუცხადებლობის მიზეზს მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს.

ამასთან, მხარე 2006 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ასახელებს თავის ავადმყოფობას, რის დასადასტურებლად კასატორმა წარმოადგინა სამედიცინო ცნობა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით ამ სახის დოკუმენტისათვის დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, თუმცა საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსახილველი საქმის შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.