ას-355-607-08 15 სექტემბერი 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენელი მ. წ-ელი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ფ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. წ-ელმა მოპასუხე ლ. ფ-შვილის მიმართ უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე.
სასარჩელო განცხადებიდან და თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მ. წ-ელი არის არასრულწლოვანი ნ. და გ. ფ-შვილების დედა. თბილისში, ......... მე-2 მ/რ-ის 47-ე კორპუსში მდებარე ¹12 ბინა, რომელშიც ბავშვების მამა გ. ბ-ის ძე ფ-შვილი ცხოვრობდა, არ არის პრივატიზებული. ამ ბინაზე 1976 წლის 15 ივლისს ლ. ფ-შვილის მეუღლის _ ბ. გ.ს ძე ვ-ევის სახელზე გაიცა ორდერი, რომლის მიხედვით ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბ. გ.ს ძე ვ-ევი, ლ. ა-ის ასული ფ-შვილი და მოსარჩელეების მამა _ გ. ბ-ის ძე ვ-ევი. 1990 წლის 8 ივნისს ....... მმაჩის განყოფილებაში გ. ბ-ის ძე ვ-ევმა შეიცვალა გვარი ფ-შვილზე (დედის გვარი). გ. ბ-ის ძე ფ-შვილი გარდაიცვალა 2006 წლის 1 ივლისს. 2007 წლის 2 თებერვალს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ........ სამსახურის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების 18 დასკვნით, გარდაცვლილის დედის განცხადების საფუძველზე, გ. ფ-შვილის დაბადების, გარდაცვალებისა და გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერებში მისი გვარი შესწორდა ფ-შვილზე, მამის გვარი ვ-ევზე, დედის გვარი კი _ ფ-შვილზე. მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებში გვარებს შორის არსებული ურთიერთგამომრიცხაობა და შეუსაბამობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნოტარიუსმა 2007 წლის 13 მარტის ¹3 და ¹4 დადგენილებებით არასრულწლოვნების კანონიერ წარმომადგენელ მ. წ-ელს უარი უთხრა გარდაცვლილი პაპის _ ბ. ვ-ევისა და მამის _ გ. ფ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
იმის მიუხედავად, რომ სადავო ბინაში ლ. ფ-შვილთან ერთად მისი შვილიშვილებიც იყვნენ ჩაწერილი, მან მეუღლისა და შვილის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში განცხადებით მიმართა თბილისის ........ რაიონის გამგეობას და იმ საფუძვლით, რომ მითითებულ ბინაში მხოლოდ თვითონ იყო რეგისტრირებული, პრივატიზაციის ხელშეკრულების მასთან გაფორმება მოითხოვა. აღნიშნული ქმედებით ლ. ფ-შვილი ცდილობდა ბინის ერთპიროვნული მესაკუთრე გამხდარიყო, რის შედეგადაც მისი შვილიშვილები უბინაოდ დარჩებოდნენ.
მას შემდეგ, რაც მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენელ მ. წ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ. ფ-შვილი სადავო ბინაში არასრულწლოვანი შვილიშვილების კუთვნილი წილების პრივატიზაციას შეგნებულად ხელს უშლიდა, მან აღნიშნული მოთხოვნით განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელს. თავდაპირველად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის 2006 წლის 15 აგვისტოს პასუხით მ. წ-ელს განემარტა, რომ საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრეებად გ. და ნ. ფ-შვილები შეიძლებოდა შეყვანილი ყოფილიყვნენ, თუმცა საბოლოოდ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის 2006 წლის 1 ნოემბრის პასუხით მ. წ-ელს უარი ეთქვა სადავო ბინაში არასრულწლოვანი შვილიშვილების კუთვნილი წილების პრივატიზაციის მოთხოვნაზე. აღნიშნული უარი განპირობებული იყო ლ. ფ-შვილის ბრალეულობით, ეს უკანასკნელი ბინის არასრულწლოვანი შვილიშვილების სახელზე აღრიცხვის პროცესს შეგნებულად ხელს უშლიდა, რაზეც მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ შესაბამის ორგანოებში აღძრული იყო სისხლის საქმე. ამასთან, გამგეობის ზემოაღნიშნული წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციულ სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კი, რომელმაც გამგეობის წერილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო, მხარეს სააპელაციო წესით ჰქონდა გასაჩივრებული.
იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი შვილიშვილების მიერ კუთვნილი წილის მიუღებლობის მიზნით ლ. ფ-შვილს განხორციელებული ჰქონდა არაერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის აზრით, არსებობდა მისი უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ისეთ ვითარებას, როდესაც ერთ-ერთი მემკვიდრე განზრახ ხელს უშლიდა მისი ახლობელი პირების (ამ შემთხვევაში შვილიშვილების) მიერ სამკვიდროდან კუთვნილი წილის მიღებას და ცდილობდა მიეთვისებინა მთელი სამკვიდრო, რაც სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის უღირს მემკვიდრედ მიჩნევისათვის საკმარის პირობას წარმოადგენდა (ს.ფ. 3-20).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერ წარმომადგენელ მ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 78-79).
მითითებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეთა კანონიერმა წარმომადგენელმა მ. წ-ელმა საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
საჩივრის ავტორის მითითებით, 2007 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომაზე მისი დროულად გამოუცხადებლობა განპირობებული იყო ობიექტური მიზეზით. აღნიშნულ სხდომამდე ერთი დღით ადრე, მოცემული საქმის მასალების გაცნობისას, მან აღმოაჩინა, რომ საქმიდან ამოღებული იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი რიგი მტკიცებულებები, რომლებსაც სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა. სწორედ ამ მტკიცებულებების ხელახლა მოსაპოვებლად, სასამართლო სხდომის დღეს, მას მოუხდა კუთვნილი ავტომანქანით ხშირი გადაადგილება, ხოლო იმ დროს, როდესაც ის უკვე სასამართლო სხდომაზე დასასწრებად მიდიოდა, ავტომანქანა დაზიანდა. იგი იძულებული გახდა, მანქანა უახლოეს სერვის-ცენტრში გადაეყვანა, თვითონ კი ტაქსით წასულიყო, თუმცა აღნიშნულის გამო მაინც დააგვიანა (ს.ფ. 81-84; 87-88).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 სექტემბრის საოქმო განჩინებით მ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ არსებობდა მტკიცებულება (ს.ფ. 106-108).
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
აპელანტმა არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2007 წლის 27 ივლისის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ არსებობდა, რამდენადაც მითითებული დასკვნა მტკიცებულებათა სრული და ობიექტური გამოკვლევიდან არ გამომდინარეობდა. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის განმარტებას, რომელიც აცხადებდა, რომ მოსარჩელის ავტომანქანა დაინახა, იმ პირობებში, როდესაც მან ამ ავტომანქანის არც სახეობა და არც ფერი არ იცოდა. იმავდროულად, მ. წ-მა თავისი მოთხოვნის მართლზომიერების დასადასტურებლად სააპელაციო საჩივართან ერთად წარადგინა შპს “ს-ის” ოსტატის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც სასამართლო სხდომის დროს ავტომანქანის დაზიანების ფაქტს ადასტურებდა (ს.ფ. 110-112).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერ წარმომადგენელ მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2007 წლის 27 ივლისის პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რადგან მას გაუფუჭდა ავტომანქანა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონით გათვალისწინებული ორი შემთხვევიდან (მოსარჩელის და მოპასუხის გამოუცხადებლობა) თავად კანონმდებელი აწესებს ერთგვარად უფრო მკაცრ სანქციას მოსარჩელის (აპელანტის) გამოუცხადებლობის გამო, რადგან დავა სასამართლოში აღიძვრის სწორედ სარჩელის წარდგენით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ მოწმდება სარჩელის იურიდიული მხარე, რასაც ადგილი აქვს მოპასუხის გამოუცხადებლობის დროს. მოსარჩელის მხრიდან თავად კანონმდებელი მოითხოვს წინდახედულობის ნორმათა მომეტებულად დაცვას სასამართლო პროცესზე გამოცხადებასთან მიმართებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგზაო მოძრაობისას წარმოქმნილი შეფერხება წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოვლენას, რომელიც წინდახედულობის ნორმებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ. ამდენად, საგზაო შეფერხება მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებად (ს.ფ. 158-161).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. წ-ელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კასატორისათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საგზაო მოძრაობისას წარმოქმნილი შეფერხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს, რამდენადაც ამავე სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2007 წლის 27 ივლისის სხდომაზე მ. წ-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, აპელანტის ავტომანქანის დაზიანებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს შპს “ს-ის” ცნობა, რომელსაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.
მოცემული საქმის კანონდარღვევით განხილვას ასევე ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილისა და 30 აპრილის განჩინებებით მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება, მაშინ როდესაც სახეზეა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ასეთ სარჩელზე მოსარჩელეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (ს.ფ. 170-177).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და ნ. ფ-შვილების კანონიერი წარმომადგენლის _ მ. წ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი წინაპირობაა მთავარ სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა.
მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობაში, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება, რომ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა და მოსარჩელის გამოუცხადებლობა სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მოსარჩელემ დაკარგა საქმის განხილვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას განაპირობებს, ერთი მხრივ, ვარაუდი საქმის განხილვის მიმართ მისი ინტერესის არარსებობის შესახებ და, იმავდროულად, იგი ისჯება თავისი არაკეთილსინდიერებისათვის, რაც, მიწვევის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე საერთოდ გამოუცხადებლობაში მდგომარეობს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის სხდომაზე, რომელზეც მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოვიდა, გრძელდებოდა 2007 წლის 10 ივლისის მთავარ სხდომაზე დაწყებული საქმის განხილვა. 2007 წლის 10 ივლისის სხდომაზე მოსარჩელე _ კანონიერი წარმომადგენელი მ. წ-ი გამოცხადებული იყო და მონაწილეობდა საქმის განხილვაში, სასამართლომ მოისმინა მხარეთა, მათ შორის, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, დაისვა შეკითხვები და სხდომა შეწყდა მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადიაზე. ამ სხდომაზე მოსარჩელემ სასამართლოსადმი მიცემულ განმარტებაში მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ვინაიდან 10 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე გამოცხადებული იყო და მხარეთა ახსნა-განმარტებებიც მოსმენილი იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას კი საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ ცხადდება და უარს ამბობს მის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე, სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უფლება ჰქონდა, მიეღო არა დაუსწრებელი, არამედ _ საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე გადაწყდებოდა არსებითად.
იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის გამოუცხადებლობას მთავარი სხდომის დაწყებამდე ექნებოდა ადგილი, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის გამოუცხადებლობის არასაპატიობის შესახებ ექვემდებარებოდა გაზიარებას, მით უფრო, როდესაც მისი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე ცნობა მოსარჩელეს თავის დროზე არ წარუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის და არც ამ ცნობის თავის დროზე წარუდგენლობის საპატიო გარემოებებზე მიუთითებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ექვემდებარება გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.