Facebook Twitter

¹ას-355-707-07 24 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. კ-ს წარმომადგენელი ლ. ზ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ი და ვ. მ-ი (მოპასუხე)

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება რ.კახელიშვილისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში და მისი გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნ. მ-ს და ვ. მ-ს მიმართ და მოითხოვა მათთვის ნასესხები თანხის დაბრუნება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ მოპასუხეები არიან მეუღლეები და ცხოვრობენ მის მეზობლად; ნ. მ-მა და ვ. მ-მა 2001 წლის ოქტომბერში რ.კ-საგან ისესხეს 3000 აშშ დოლარი მოგვიანებით კი 2000 აშშ დოლარი, შემდეგ მოსარჩელის დისგან თ. ს-საგან ისესხეს 11000 აშშ დოლარი; მოსარჩელის მეშვეობით მისი რძლის ი. კ-საგან ისესხეს 1000 აშშ დოლარი; ასევე 2001 წლის 1 ოქტომბრიდან 2002 წლის 5 მარტამდე მოსარჩელის ნათესავებისაგან – რ. რ-საგან ისესხეს 1300 აშშ დოლარი; ე. მ-სგან 2000 აშშ დოლარი; ა. ქ-საგან 5000 აშშ დოლარი; თ. კ-საგან 2000 აშშ დოლარი; ფ. კ-საგან კი ისესხეს 600 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ზემოხსენებულმა პირებმა მოპასუხეებს ფული ასესხეს მისი პირადი ჩარევით, ამიტომ პირებს უშუალოდ მან გაუსტუმრა 14600 აშშ დოლარი, რის გამოც მოპასუხეებს რ. კ-სათვის გადასახდელი აქვთ 26752 აშშ დოლარი.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით რ.კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ნ. მ-ს და ვ. მ-ს დაეკისრა სოლიდარულად რ. კ-ს სასარგებლოდ სესხის სახით აღებული 17200 აშშ დოლარი, მისი 26 თვის 2%-ი 8944 აშშ დოლარი, სულ 26144 აშშ დოლარი. მოპასუხეებს დაეკისრათ სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის 1325 ლარის გადახდა.

ნ. მ-მა და ვ. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-სა და ვ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. კ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ. მ-ს და ვ. მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ რ. კ-ს სასარგებლოდ 5980 (ხუთი ათას ცხრაას ოთხმოცი) აშშ დოლარისა და 2007 წლის პირველი მარტიდან ყოველთვიურად სარგებლის სახით 52 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ნ. მ-სა და ვ. მ-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადადებული სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 403 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა დაეკისრა რ. კ-ს. მასვე დაეკისრა ნ. მ-სა და ვ. მ-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 205 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად მოპასუხეების: ნ. მ-სა და ვ. მ-სთვის რ. კ-ს სასარგებლოდ ძირითადი თანხის - 17200 აშშ დოლარის, მისი დანამატის 26 თვეზე - 8944 აშშ დოლარის, სულ 26144 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში დაკისრება; სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელისგან სესხის სახით მიიღეს 2600 აშშ დოლარი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება სესხის დაბრუნების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების გადაცილებისთვის განსაზღვრული პროცენტის მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ; იგი მისი დადების დღიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე და შემდეგ აღსრულებამდე განსაზღვრა 2%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 52 აშშ დოლარს, ხოლო 2001 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის თებერვლის ჩათვლით - 65 თვეზე შეადგენს 65 X 52 = 3276 აშშ დოლარს, რაც ძირითადად თანხასთან ერთად შეადგენს 5980 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ ეს თანხა სოლიდარულად დააკისრა ნ. მ-ს და ვ. მ-ს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის საფუძველზე.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად გადაანაწილა სასამართლო ხარჯები და სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადადებული ნაწილის 403 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების პროპორაციულად დააკისრა რ. კ-ს. მასვე დაეკისრა აპელანტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული 403 აშშ დოლარს გამოკლებული 198 (5980+52X12-ის 3%) აშშ დოლარი =205 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. კ-ს წარმომადგენელმა ლ. ზ-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება რ.კ-სათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და მისი გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს.

კასატორი I ჯგუფის ინვალიდია და იგი გათავისუფლებული იყო სასამართლო ხარჯებისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად. მართალია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხარე რომლის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება არ თავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯებისაგან, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ნ. მ-სა და ვ. მ-ს სარჩელი; მოპასუხეებს სასამართლომ გადაუდო სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის მოსარჩელე ნ. მ-სა და ვ. მ-ს გადადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის მექანიზმი და გადაწყვეტილებით მხოლოდ ის არის განსაზღვრული, რომ ეს გადადებული სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს მოპასუხე რ. კ-მა. კასატორი კი როგორც ბავშვობიდან I ჯგუფის ინვალიდი იმავე კოდექსის 55-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამიტომ კასატორის მოსაზრებით 55-ე მუხლის მიხედვითაც სასამართლოს მისთვის სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაეკისრებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება რ. კ-სათვის ნ. მ-სა და ვ. მ-სათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 403 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით რ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ნ. მ-სა და ვ. მ-ს დაეკისრათ სოლიდარულად მის სასარგებლოდ სესხის სახით აღებული 17200 აშშ დოლარი, მისი 26 თვის 2% 8 944 აშშ დოლარი, სულ 26144 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 1325 ლარის გადახდა.

ნ. მ-მა და ვ. მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მათ სააპელაციო საჩივრისათვის 2005 წლის 28 დეკემბერს გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 403 აშშ დოლარის ეკვივალენტი 719 ლარი და 36 თეთრის ოდენობით (ს.ფ. 167). სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მათ ბაჟის დარჩენილი ნაწილი 403 აშშ დოლარის (806 აშშ – 403 აშშ) გადახდა გადაედოთ (ს.ფ. 168).

სააპელაციო პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ს დაეკისრა ნ. მ-სა და ვ. მ-სათვის გადადებული სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 403 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა, მას ასევე დაეკისრა ნ. მ-სა და ვ. მ-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის 205 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. კ-ი I ჯგუფის ინვალიდია (ს.ფ. 8). „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები ყველა სარჩელზე. ამდენად, ამ ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის, გადახდისაგან გათავისუფლებულია რ. კ-ი.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და არასწორად დააკისრა რ. კ-ს ნ. მ-სა და ვ. მ-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული 205 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი არეგულირებს მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს. ამ ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუმდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათაA იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი კიდევ ერთხელ აზუსტებს წესს, რომლის თანახმად ესა თუ ის მხარე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ სასამართლო ხარჯებიდან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იქნეს შეტანილი. მაგრამ მხარე არ შეიძლება გათავისუფლდეს ხარჯებისაგან, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადახდილი. ამრიგად, თუ მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით (აგრეთვე სხვა ხარჯები), დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯების მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დააკმაყოფილა ან რომელზეც უარი უთხრა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა რ. კ-ს აღნიშნული თანხის გადახდა, რადგან მისი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდით განიცადეს მატერიალური ზიანი; სწორედ ამ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ისახავს მიზნად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი; ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, მიუხედავად იმისა, რომ რ. კ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სააპელაციო სასამართლომ რ. კ-ს სწორად დააკისრა აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 403 აშშ დოლარიდან 205 აშშ დოლარი, როგორც მათთვის მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა მას ნ. მ-სა და ვ. მ-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადადებული სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 403 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად. ეს მუხლი ეხება სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას და ამ მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ვინაიდან აპელანტებს ვ. მ-სა და ნ. მ-ს სასამართლოს მიერ გადაედო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 403 აშშ დოლარის გადახდა და შემდეგ მათი სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ისინი გათავისუფლდნენ სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო რ. კ-ი კი, როგორც აპელანტების მოწინააღმდეგე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ მას სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა 403 აშშ დოლარის გადახდა და რ. კ-ი უნდა განთავისუფლდეს 403 აშშ დოლარის გადახდის მოვალეობისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

რ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება რ. კ-სათვის, ნ. მ-სა და ვ. მ-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 403 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, დაკისრების ნაწილში;

დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.