ას-356-708-07 11 ოქტომბერი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ .. ..”
წარმომადგენელი _ კ. ნ-ი, გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ფ-ი
წარმომადგენელი _ ბ. ხ-ი, რ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 7 მარტს ზ. ფ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა შპს “ .. ..” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის 2006 წლის 26 იანვრის ¹27/კ ბრძანების გაუქმება, რომლითაც, სამსახურებრივი ვალდებულების სისტემატურად შეუსრულებლობის გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან, აგრეთვე, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ... თანამდებობა ეკავა, მას ხელმძღვანელობის უფლებამოსილება არ გააჩნდა, ვინაიდან უფლებამოსილება, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლის თანახმად, მხოლოდ საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ დირექტორს გააჩნია. იგი ითვლებოდა შპს “ .. ..” ჩვეულებრივ დაქირავებულ მუშაკად და საზოგადოებასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა, შესაბამისად, იგი არც დირექტორი ყოფილა და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რის გამოც მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები და, როგორც დაქირავებული მუშაკის განთავისუფლებისას, შრომის კანონმდებლობით უნდა ეხელმძღვანელათ. ამასთანავე, ზ. ფ-მა მიუთითა, რომ აღნიშნულ ბრძანებაში არ არის განმარტებული, თუ რაში მდგომარეობდა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობა და დისციპლინის სისტემატური დარღვევა, ხოლო, თუ მან დისციპლინა დაარღვია, ადმინისტრაციას უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლით, რომლითაც მუშაკის დათხოვნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი მის მიმართ ადრე სხვა ღონისძიება (შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური) იქნა გამოყენებული, რაც საქმის მასალებში არ მოიპოვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ფ-მა შპს “ .. ..” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის 2006 წლის 26 იანვრის ¹27/კ ბრძანება მისი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურში აღდგენამდე.
მოპასუხე შპს “ .. ..” სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი აღდგენილ იქნა შპს “ .. ..” კომერციულ საკითხებში ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2006 წლის 26 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დადგენილი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ზ. ფ- შპს “ .. ..” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის 2005 წლის 29 ივნისის ¹199/კ ბრძანებით 2005 წლის პირველი ივლისიდან დაინიშნა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ კომერციულ საკითხებში, ხოლო შპს “ .. ..” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის 2006 წლის 26 იანვრის ¹27/კ ბრძანებით კი, დათხოვნილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივი ვალდებულების სისტემატური შეუსრულებლობის გამო, რომლის საფუძვლად მიეთითა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.81-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესა და შპს “ .. ..” შორის წერილობითი ფორმით არც შრომის კონტრაქტი და არც სასამსახურო ხელშეკრულება გაფორმებულა. ასევე დაადგინა, რომ მხარეები სადავოდ ხდიან ზ. ფ-ს სამართლებრივ სტატუსს საზოგადოებაში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, მოსარჩელე რეგისტრირებული დირექტორი არ იყო, მაგრამ, ვინაიდან ხელმძღვანელობდა საზოგადოების საქმიანობას, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულიყო “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.81 მუხლი.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2005 წლის 25 აპრილს რეგისტრირებულ იქნა შპს “ .. ..” წესდებაში განხორციელებული ცვლილებები და სხვა ცვლილებები 2006 წლის 13 მარტამდე საზოგადოებაში არ მომხდარა, შესაბამისად, ზ. ფ-ს დანიშვნისა და განთავისუფლებისას მოქმედებდა 2005 წლის 25 აპრილის რედაქციის წესდება, რომლის შესაბამისად დადგენილი იყო მართვის შემდეგი ორგანოები: პარტნიორთა კრება, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.
სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული წესდების თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობა ეკისრებოდა აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება თანამდებობიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ ორი წლის ვადით, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში შეზღუდული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ფ-ი დირექტორის სტატუსით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, ხოლო, ვინაიდან ხელმძღვანელობის უფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ დირექტორს გააჩნია, ამიტომ ზ. ფ-ს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება არ გააჩნდა და მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულიყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა გამომდინარეობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან და, შესაბამისად, ჩათვალა, რომ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილდ ცნო ის გარემოება, რომ ზ. ფ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურებრივი ვალდებულების სისტემატური შეუსრულებლობის გამო, თუმცა საქმის მასალებით დაუდგენელია, თუ რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი ვალდებულებების სისტემატური შეუსრულებლობა, დაუდგენელია, გამოყენებული იყო თუ არა მის მიმართ ადრე რაიმე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანებაში მითითებული საფუძვლები შპს “ .. ..” ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე _ თ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა საზოგადოების წესდების არა 2005 წლის 25 აპრილის რედაქციით, არამედ 2006 წლის მდგომარეობით. მისი განმარტებით, სასამართლომ რეალურად არ გამიჯნა ერთმანეთისაგან წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი საქმიანობა. ზ. ფ-ი შპს “ .. ..” არ იმყოფებოდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, იგი იყო არა დაქირავებული მუშაკი, არამედ დირექტორთა საბჭოში შემავალი ერთ-ერთი დირექტორი, რომლის მიერ ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელება საზოგადოებაში ნამდვილად სცილდებოდა რიგითი მუშაკის კომპეტენციას. ამასთან, კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ზ. ფ-ი დაქირავებულ მუშაკად მიჩნეულიყო, მას და საზოგადოებას შორის უნდა არსებობდეს წერილობით გაფორმებული შრომის კონტრაქტი, რაც არასდროს შედგენილა, შესაბამისად, მის მიერ სამართლიანად იქნა გამოყენებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.81 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელესა და შპს “ .. ..” შორის წარმოშობილი ურთიერთობა საკორპორაციო-სამართლებრივი ურთიერთობაა და არა შრომითსამართლებრივი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ასევე, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.1 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან უხელმძღვანელონ საზოგადოებას, კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს. კანონი არ კრძალავს სხვა სახელწოდებების (გენერალური დირექტორი, პრეზიდენტი და სხვა) გამოყენებასაც, ძირითადი ისაა, რომ ამ პირთა უფლებამოსილებას და კომპენტენციას განსაზღვრავს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.2 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზანს. კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს საზოგადოების ხელმძღვანელობის ერთპიროვნულ და კოლეგიურ ფორმებს („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.3 მუხლი). მსხვილ საზოგადოებებში, როგორც წესი, გამოიყენება ხელმძღვანელობის კოლეგიური ფორმა. ამ მიზნით იქმნება დირექტორატი, რომელიც რამდენიმე დირექტორისაგან შედგება. დირექტორატი არის “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებულ საწარმოთა აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საწარმოს მიმდინარე საქმიანობას და უფლებამოსილია, მესამე პირების წინაშე დამოუკიდებლად წარმოადგინოს საწარმო.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის თანახმად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევაზე, მათთან შრომის ხელშეკრულების დადებასა და შეწყვეტაზე.
შპს „ .. ..“ 2005 წლის 25 აპრილის რედაქციის წესდების 6.6 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხებზე, მათ შორის, დირექტორების დანიშვნასა და გამოწვევის, მათთან შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე, მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ. ამავე წესდების 7.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების ხელმძღვანელობა ეკისრება აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება თანამდებობიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ ორი წლის ვადით.
ზემოაღნიშნული წესდებით განსაზღვრული იყო დირექტორების დანიშვნა პარტნიორთა კრების მიერ, ასევე წესდება ითვალისწინებდა აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნას ორი წლის ვადით დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ შპს „ .. ..“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანებით ზ. ფ-ი 2005 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ (ვიცე-პრეზიდენტი) კომერციულ საკითხებში. ასევე დადგენილია, რომ ზ.ფ-ი დირექტორის სტატუსით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ზ.ფ-ი დირექტორის სტატუსით რეგისტრირებული არ ყოფილა სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად, მას არ გააჩნდა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება და მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს არა აქვს გამოკვლეული და, შესაბამისად, დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.6 მუხლი ითვალისწინებს კანონით დადგენილი რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან დაკავშირებული ყოველი ცვლილების აუცილებელ რეგისტრაციას, მაგრამ აღნიშნული განპირობებულია სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობისა და მესამე პირთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფით. ამ დანაწესის დარღვევა დირექტორის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი ვერ გახდება.
სააპელაციო პალატამ ზ.ფ-ი აღადგინა შპს „ .. ..“ კომერციულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც საზოგადოების ამჟამად მოქმედი წესდების 7.1 პუნქტის თანახმად, დირექტორატი შედგება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა (პრეზიდენტი) და თავმჯდომარის მოადგილეებისაგან (ვიცე-პრეზიდენტები). 7.4 პუნქტის თანახმად, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს (ვიცე-პრეზიდენტებს) ნიშნავს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თავისი ბრძანებით განსაზღვრავს საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას და მათ უფლება-მოვალეობებს. ამდენად, ამჟამად მოქმედი წესდებით ვიცე-პრეზიდენტი დირექტორატის წევრია ანუ ერთ-ერთი დირექტორია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, ზ.ფ-ი არ მიიჩნია დირექტორად, მეორე მხრივ კი, აღადგინა საზოგადოების დირექტორატის წევრად. დირექტორატის ერთ-ერთი დირექტორის დანიშვნა კი წესდების თანახმად, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაში შედის.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა გაარკვიოს, თუ რა სახის სამუშაოს ასრულებდა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი კომერციულ საკითხებში და აღნიშნული საქმიანობა შეიცავდა თუ არა ხელმძღვანელობით ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ზ.ფ-ი არ ასრულებდა ხელმძღვანელობით ფუნქციებს, მაშინ სასამართლომ უნდა გაარკვიოს არსებობს თუ არა ამჟამად საზოგადოების კომერციულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის ისეთი თანამდებობა, რომელიც არ შედის დირექტორატის შემადგენლობაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულყოფილად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, შეაფასოს სამართლებრივად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.