¹ას-357-609-08 6 ნოემბერი, 2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ი”
წარმომადგენლები – ი. დ-იძე, ი. გ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-აძე
წარმომადგენელი – მ. ბ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უძრავ ნივთზე სამომავლო საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 4 მაისს ლ. მ-აძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ის” მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ....... ქ. 32-ში მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მეოთხე საცხოვრებელი სართულზე 135 კვ.მ ფართობზე და მე-5 საცხოვრებელ სართულზე 144 კვ.მ საცხოვრებელ ფართობზე სამომავლო საკუთრების უფლების აღიარება, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლ. მ-აძის საკუთრების უფლების წინასწარ რეგისტრაცია სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებამდე, ხოლო სახლის ექსპლუატაციაში მიღებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნული ფართების თავის საკუთრებად აღრიცხვა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ. თბილისში, .......... ქ. ¹30-ში. 2004 წლის ბოლოს მის მეზობლად, .......... ქ. ¹32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა “ც-მა” დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ფუნდამენტის ამოთხრის შედეგად, თავისი საცხოვრებელი სახლი იმდენად დაზიანდა, რომ აუცილებელი გახდა საძირკვლის გამაგრება, რის გამოც პრეტენზიით მიმართა ამხანაგობის თავმჯდომარეს. მხარეები შეთანხმდნენ რომ, ამხანაგობა ლ. მ-აძეს სახლის მშენებლობის გაგრძელების უფლების მინიჭების სანაცვლოდ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემდა 116 კვ.მ საერთო ფართს და ამის გარდა კიდევ 19 კვ.მ –ს მიჰყიდდა 6000 აშშ დოლარად მათ მიერ ........ ქ. ¹32-ში ასაშენებელ სახლში (სულ 135 კვ.მ). მითითებული შეთანხმება წერილობით ჩამოყალიბდა და შევიდა ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ის” 2005 წლის 15 მაისის ოქმში, რომელიც დამოწმდა ნოტარიუსის მიერ. აღნიშნული ფართობი _ 135 კვ.მ მას უნდა გადასცემოდა ......... ქ. 32-ში მდებარე ახალშენებულ “ა” კორპუსში, ......... ქ. 30-ის მხარეს., მე-5 სართულზე. მოსარჩელემ 19 კვ.მ-ის შესაბამისი თანხა 6000 აშშ დოლარი ამხანაგობას 2005 წლის ივლისს გადაუხადა. გარდა ამისა, მან დამატებით გადაიხადა 2000 აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდაც ამხანაგობას მისთვის მე-5 სართულზე უნდა მოემატებინა 9. კვმ ფართობი, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა თავისი ბინა ერთი ოთახით გაედიდებინა.
ლ. მ-აძემ მიუთითა, რომ ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-თან” მორიგდა და სურვილი ჰქონდა, იგივე ფართობის მქონე ბინა მისი მეორე ქალიშვილისთვისაც ეყიდა, რის გამოც 2005 წლის 16 მაისს მან წილის უფლების გადაცემის ხელშეკრულება დადო ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ის” წევრ დ. კ-ძესთან, რომლის შესაბამისად, შეიძინა წილი ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ში”, რომელიც შეადგენდა ქ. თბილისში, ......... ქ.¹32-ში მდებარე მშენებარე კორპუსში, “ა” ბლოკში, მე-4 სართულზე, ბინა ¹10-ს ......... ქუჩის ¹30-ის მხარეს. აღნიშნული ფართი მოსარჩელეს უნდა ჩაჰბარებოდა 2005 წლის 30 სექტემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ კუთვნილი ფართები დღემდე არ გადასცემია, მოთმინებით და ყოველგვარი პრეტენზიის გარეშეEელოდებოდა მშენებლობის დასრულებას. მოგვიანებით, როდესაც მოსარჩელემ მისი მისაღები ფართები დაათვალიერა, აღმოჩნდა, რომ მეხუთე სართულზე არსებული ფართი სხვა პირის მიერ იტიხრებოდა, მეოთხე სართულზე ლ. მ-ძისთვის გადასაცემი ფართი კი სხვა პარამეტრებით გადაიტიხრა და 135 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგინა მხოლოდ 122 კვ.მ. როდესაც მოსარჩელემ სიტუაციის გასარკვევად მიმართა ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ის” თავმჯდომარეს, მან მოახსენა, რომ მისთვის საკომპენსაციოდ გადაცემული ფართი უსამართლო იყო და თუ იგი დასთანხმდებოდა მხოლოდ მეოთხე სართულზე მისცემდნენ მის მიერ დ. კ-ძისაგან ნაყიდ ერთ ბინას, რომელიც შეადგენდა მხოლოდ 122 კვმ-ს სხვაობის 13 კვ.მ ღირებულებას კი ლ. მ-ძის მიერ გადახდილი ფასით უკანვე დააბრუნებდნენ.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელისათვის მეოთხე სართულზე 116 კვ.მ ფართის ბინის გადაცემის ნაწილში, 19 კვ.მ ფართის საფასურის უკან დაბრუნებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღიარებულ იქნა ლ. მ-აძის სამომავლო საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ......... ქ. ¹32-ში მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-4 საცხოვრებელ სართულზე 135 კვ.მ-ზე; მოპასუხეს დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარედგინა წერილობითი განცხადება თბილისში, ......... ქ. 32-ში მეოთხე საცხოვრებელ სართულზე 135 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე ლ. მ-აძის საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო სახლის ექსპლუატაციაში მიღებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ დაევალა აღნიშნული ფართის ლ. მ-აძის საკუთრებად აღრიცხვა-დარეგისტრირება.
სასამართლომ საქმეზე დაადგინა შედეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2005 წლის 16 მაისს გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულება დ. კ-ძესა და ლ. მ-აძეს შორის ......... ქ. ¹32-ში მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-4 საცხოვრებელ სართულზე ბინა ¹10-ში, 135 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე.
ლ. მ-აძემ ამხანაგობას გადაუხადა 8000 აშშ დოლარი დამატებითი ფართის შესყიდვის მიზნით, რაც მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა.
2005 წლის 15 მაისს შედგა ამხანაგობის კრების ოქმი.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეცა მხოლოდ ერთი ბინა, მეხუთე სართულზე და არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, თითქოს მას ეკუთვნის ორი ბინა, როგორც მეხუთე, ასევე მეოთხე სართულზე. სასამართლო აღნიშნულზე მსჯელობისას დაეყრდნო დასახელებული კრების ოქმის დადგენილებითი ნაწილის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვითაც “ლ. მ-აძემ გამოთქვა სურვილი, თუკი მე-3 და მე-4 სახლის მაცხოვრებლები გამოთქვამენ ნებას, გაიცვალოს მე-5 სართულზე”.
სასამართლომ ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ის” 2005 წლის 15 მაისის კრების ოქმი არ მიიჩნია ხელშეკრულებად იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსის მიერ აღნიშნული კრების ოქმი არ არის დამოწმებული, როგორც გარიგება, არამედ დამოწმებულია მხოლოდ კრების დამსწრეთა ხელმოწერები. სასამართლომ მიუთითა, რომ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის მე-13 მუხლის თანახმად, სანოტარო დამოწმების დროს ნოტარიუსი არ ამოწმებს დოკუმენტში ჩამოყალიბებული ფაქტების ნამდვილობას, არამედ მხოლოდ ამოწმებს, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე ეკუთვნის კონკრეტულ პირს. ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება კი არ წარმოშობს ქონების გადაცემის ვალდებულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ (სარჩელის უარის თქმის ნაწილში), ისე მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც არ გასაჩივრებულა და სადავო არ გამხდარა.
ლ. მ-ძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისთვის ......... 32-ში არსებული მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-5 საცხოვრებელ სართულზე 144 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო მოგვიანებით სააპელაციო პალატის სხდომაზე დააზუსტა საჩივარი და მოითხოვა იგივე უფლების ცნობა 135 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, ასევე სამომავლო უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-აძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება შეიცვალა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ლ. მ-აძის სამომავლო საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ქ. თბილისში, ......... ქ. ¹32-ში მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-5 სართულზე მდებარე 135 კვ.მ ფართზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა ლ. მ-აძის სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ......... ქ.¹32-ში მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-5 სართულზე მდებარე 135 კვ.მ ფართზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
პალატამ დადგენილიად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2005 წლის 16 მაისს ამხანაგობა “ც-ის” წევრ დ. კ-ძესა და ლ. მ-აძეს შორის გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულება ......... ქ. ¹32-ში მშEნებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-4 საცხოვრებელ სართულზე ბინა ¹10-ში, 135 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე.
პალატამ გაიზიარა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2005 წლის 15 მაისს შედგა ამხანაგობა “ც-ის” კრება. კრების ოქმი ხელმოწერილია ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ის” წევრების მიერ, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ კრების ოქმითა და წილის დათმობის ხელშეკრულებით განისაზღვრა მოსარჩელისათვის მხოლოდ ერთი ბინის გადაცემა (რომელიც ლ. მ-აძეს გადაეცა წილის დათმობის ხელშეკრულებით), ვინაიდან მიიჩნია, რომ ამხანაგობაში წილის დათმობის (გადაცემის) ხელშეკრულების დადება არ წარმოადგენდა ურთიერთობის ერთადერთ ფორმას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამხანაგობის კრების ოქმში აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც საქალაქო სასამართლომ ლ. მ-აძის მიერ ბინის გაცვლის თაობაზე გამოვლენილ ნებად ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ოქმში მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად არანაირი ნება არ იყო გამოვლენილი, რასაც შეიძლებოდა შეფასება მისცემოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კრების ოქმი მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ გარიგებას წარმოადგენდა, ვინაიდან მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მესამე პირი. კრების ოქმზე ხელმომწერი 5 პირი ერთობლივად წარმოადგენდა ამხანაგობას, ერთ კონტრაჰენტს და შესაბამისად, ამხანაგობა ჩათვალა მოვალედ, ხოლო კრედიტორად მოსარჩელე.
მითითებული კრების ოქმი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ვალის აღიარების ხელშეკრულებად. სასამართლომ ჩათვალა, რომ 2005 წლის 15 მაისის კრების ოქმით ამხანაგობა “ც-ის” მიერ აღიარებულია დელიქტის შედეგად მოსარჩლისათვის მისი ანაზღაურების ვალდებულება, ზიანის აღდგენის სანაცვლოდ. ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციო საშუალებად განისაზღვრა 135 კვ.მ ფართის ბინის გადაცემა ......... ქუჩა 30-ის მხარეს მე-5 სართულზე აქედან 116 მ2 უსასყიდლოდ, ხოლო 19 კვ/მ-ის 6000 აშშ დოლარად მიყიდვით, ამდენად, ნოტარიუსის მიერ ამხანაგობის მხრიდან ლ. მ-აძის მიმართ სწორედ ვალის აღიარების გარიგებაა დამოწმებული, შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 323-ე და 69-ე (ძვ. რედაქცია) მუხლებით დადგენილი უძრავი ნივთის გადაცემის გარიგების კანონით დადგენილი ფორმაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-ი” სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია მის მიერ აღიარებული ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად და აღიაროს მოსარჩელის სამომავლო საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ......... ქ.¹32-ში მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-5 სართულზე მდებარე 135კვ.მ ფართზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა “ც-მა” მოითხოვა მისი გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტიელბის მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი და ამხანაგობის კრების ოქმი არასწორად მიიჩნია სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 2005 წლის 15 მაისს შედგა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ც-ის“ კრება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ლ. მ-აძეს მისი კუთვნილი ორსართულიანი სახლის დაზიანებისათვის საკომპესაციოდ საკუთრებაში გადასცემოდა ......... ქ. ¹32-ში ამხანაგობის კუთვნილი მშენებარე სახლის „ა“ კორპუსში. მე-5 სართულზე 135 მ2 ფართი, საიდანაც 116 მ2 გადაეცემოდა უსასყიდლოდ, ხოლო 19 მ2 6000 აშშ დოლარად. დადგენილია, რომ ლ. მ-აძემ ამხანაგობას გადაუხადა 8000 აშშ დოლარი დამატებითი ფართის შესყიდვის მიზნით, რაც მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა.
ასევე დადგენილია, რომ 2005 წლის 16 მაისს გაფორმდა წილის დათმობის ხელშეკრულება დ. კ-ძესა და ლ. მ-აძეს შორის ......... ქ. ¹32-ში მშენებარე ნაგებობის “ა” ბლოკის მე-4 საცხოვრებელ სართულზე ბინა ¹10-ში, 135 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის საკომპესაციოდ მშენებარე კორპუსში ბინის გადაცემის ვალდებულება და გამოთქვა თანხმობა გადასცეს მოსარჩელეს ერთი ბინა.
სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და სარჩელის ცნობის შემთხვევაში მტკიცებულებათა შემოწმება და შეფასება აღარ არის საჭირო, ვინაიდან მოპასუხე სარჩელის ცნობით თანახმაა დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელის სახლის დაზიანებისათვის საკომპესაციოდ გადასცეს ერთი ბინა. ზიანის ანაზღაურების საკომპესაციოდ ერთი ბინის გადაცემის შესახებ მოპასუხის ვალდებულება დადგენილია ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია ანუ სადავოდ არ გაუხდია თავისი ვალდებულება მოსარჩელისათვის ერთი ბინის გადაცემის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ დადგენილია მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების საკომპესაციოდ ერთი ბინის გადაცემის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ამხანაგობამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დ.კალანდაძესა და ლ. მ-ძეს შორის 2005 წლის 16 მაისის წილის დათმობის ხელშეკრულებით, რომლითაც ......... ქ.¹32-ში მშენებარე ნაგებობის „ა“ ბლოკის მე-5 სართულის ნაცვლად ლ. მ-აძეს გადაეცა მე-4 სართულზე მდებარე ¹10 ბინა, ფართით 135 კვ.მ.
კასატორის აღნიშნული მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქმის მასალებით დადგენილად არის ცნობილი, რომ ამხანაგობა არ წარმოადგენს 2005 წლის 16 მაისის ხელშეკრულების მხარეს. ამ ხელშეკრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები, დ. კ-ე და ლ. მ-აძე. ხელშეკრულებით დასტურდება, რომ დ. კ-ემ გაასხვისა თავისი კუთვნილი წილი (და არა ამხანაგობის) და ამ წილზე მისი საკუთრების უფლება დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. (ს.ფ.14. ხელშეკ. 1.2. პუნქტი). ხელშეკრულების მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ამ ხელშეკრულების ნამდვილობა. არც მოპასუხე ამხანაგობას დადგენილი წესით არ მოუთხოვია აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობა, უფრო მეტიც ამხანაგობის თავმჯდომარე ე. კ-ძე თავდაპირველ შესაგებელში აღიარებს კიდეც, რომ მოსარჩელემ მე-4 სართულზე წილი შეიძინა ამხანაგობის წევრ დ. კ-ძისაგან (ს.ფ. 40-41). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ და რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დ.კალანდაძემ განკარგა ამხანაგობის კუთვნილი წილი და არა თავისი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2005 წლის 16 მაისის ხელშეკრულების საფუძვლად დაედო 2005 წლის 15 მაისის ამხანაგობის კრების ოქმი, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსიდან და არც საქმის მასალებით არ დასტურდება. უფრო მეტიც, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ამხანაგობის კრების ოქმი სანოტარო წესით დამოწმდა 2005 წლის 24 მაისს ანუ ლ. მ-ძესა და დ. კ-ძეს შორის 16 მაისს ხელშეკრულების დადების შემდეგ. მათ შორის დადებულ ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო არა კრების ოქმი, არამედ დ. კ-ძის მიერ წარდგენილ წილზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, 24 მაისს დამოწმებული კრების ოქმი 15 მაისის ხელშეკრულებას ვერ დაედებოდა საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ-ძესა და მ-ძეს შორის წილის დათმობის ხელშეკრულების დადების გარეშე ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის ვერ მოწესრიგდებოდა ურთიერთობა ანუ სხვაგვარად ვერ გადასცემდნენ ზიანის საკომპესაციოდ შეპირებულ ბინას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 934-ე მუხლების თანახმად, ამხანაგობა უფლებამოსილია მესამე პირებთან დადოს გარიგებები. ამდენად, ამხანაგობა უფლებამოსილი იყო თავად, უშუალოდ დაედო გარიგება ლ.მაისურაძესთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ......... ქ.¹32-ში მშენებარე ნაგებობის „ა“ ბლოკის მე-4 სართულზე მდებარე ¹10 ბინა ფართით 135 კვ.მ. ამხანაგობის ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ გადაცემულად ვერ ჩაითვლება, აღნიშნული ფართი ლ. მ-აძეს დ. კ-ძისაგან შეძენილი აქვს 2005 წლის 16 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, ლ. მ-ძის მოთხოვნა მშენებარე ნაგებობის მე-4 სართულზე მდებარე ფართზე სამომავლო უფლების აღიარების თაობაზე საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.
ასევე არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სადავო მე-5 სართულზე მდებარე ფართზე მოსარჩელის სამომავლო უფლების აღიარების ნაწილშიც, ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების საკომპესაციოდ ერთი ბინის გადაცემის ნაწილში სარჩელი ცნო, აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა „ც-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.