ას-357-676-09 29 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ბ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. გ-ავა (მოსარჩელე)
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 3 სექტემბერს სარჩელით მიმართა რ. გ-ავამ შპს „ბარისტერის“ წინააღმდეგ. სარჩელის თანახმად, მოითხოვა 2007 წლის 20 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული 2007 წლის 19 სექტემბერს. 2007 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ იქნა ჩაბმული მ. ბ-ძე.
სარჩელი ძირითადად ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2005 წლის 9 ივლისს რ. გ-ავასა და მ. ბ-ძეს შორის სანოტარო ფორმით დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. ბ-ძემ რ. გ-ავას ასესხა 3000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ. გ-ავას საკუთრებაში არსებული ბინის ნაწილი, რომელიც შეადგენდა მთელი საცხოვრებელი სახლის 43\290 ნაწილიდან 20\290 ნაწილს, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.¹113-ა-ში. ამავე ხელშეკრულებით სესხის სარგებლის სახით განისაზღვრა რ. გ-ავას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის 20\290 ნაწილის მ. ბ-ძისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეთა შეთანხმებას დავის არბიტრაჟის ან სასამართლო წესით გადაწყვეტის თაობაზე.
2007 წლის 13 ივლისს რ. გ-ავამ საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა შპს „ბარისტერს“. იგი საარბიტრაჟო პრეტენზიაში მიუთითებდა, რომ მ. ბ-ძემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ უზრუნველყო ბინის იმავე მდგომარეობაში რ. გ-ავასათვის გადაცემა, ამასთან მნიშვნელოვნად დააზიანა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი სახლის ნაწილი.
საარბიტრაჟო პრეტენზიით რ. გ-ავამ მოითხოვა მ. ბ-ძისათვის, უძრავი ქონების დაზიანების გამო, 3120 ლარის, მოძრავი ნივთების დაზიანების გამო, 1743 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლისათვის 2100 ლარის დაკისრება. რ. გ-ავამ მიუთითა, ვინაიდან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას ეკისრებოდა ვალდებულება, გადაეხადა მ. ბ-ძისათვის 3000 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოითხოვა ვალდებულებათა გაქვითვა, გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხის მ. ბ-ძისათვის დაკისრება და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.
2007 წლის 20 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. გ-ავას საარბიტრაჟო პრეტენზია. დაკმაყოფილდა მ. ბ-ძის შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია ნაწილობრივ და რ. გ-ავას მ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული ყოველთვიური 2%-ის დაკისრება, ამავე გადაწყვეტილებით რ. გ-ავას დაეკისრა მ. ბ-ძის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 177 ლარის მ. ბ-ძის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა.
რ. გ-ავა მიიჩნევს, რომ არბიტრაჟმა დაარღვია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის კანონით და დებულებით დადგენილი წესი, კერძოდ, კერძო არბიტრაჟმა რ. გ-ავას არასწორად გადაახდევინა საარბიტრაჟო მოსაკრებელი 177 ლარის ოდენობით.
რ. გ-ავას უნდა გადაეხადა 112 ლარი, ვინაიდან მისი საარბიტრაჟო პრეტენზიის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 7470 ლარს, ხოლო, კერძო არბიტრაჟის დებულების თანახმად, საარბიტრაჟო მოსაკრებელი განისაზღვრებოდა სადავო საგნის ღირებულების 1,5%-ით დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე.
არბიტრაჟი შეიქმნა ერთი წევრის შემადგენლობით, მაშინ, როცა თავად მხარეებს არ ჰქონდათ განსაზღვრული არბიტრაჟის წევრთა შემადგენლობა და, შესაბამისად, იგი უნდა შექმნილიყო 3 წევრის შემადგენლობით. საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა არ დაიწყო პრეტენზიის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, რასაც ითვალისწინებდა კერძო არბიტრაჟის დებულება. პრეტენზია წარდგენილ იქნა 13 ივლისს, მისი განხილვა, ნაცვლად 18 ივლისისა, დაიწყო 8 აგვისტოს. არც ერთი სხდომის უწყებები არ ჩაჰბარებია პირადად რ. გ-ავას.
მოწინააღმდეგე მხარის შეგებებული პრეტენზია არ გადაეგზავნა რ. გ-ავას 2 დღის ვადაში, 23 ივლისს შეტანილი შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია რ. გ-ავას ჩაჰბარდა მხოლოდ 29 ივლისს ადვოკატის მეშვეობით.
კერძო არბიტრაჟმა უზრუნველყო რ. გ-ავასათვის საარბიტრაჟო განხილვის თავისებურებების მისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ კერძო არბიტრაჟის დებულება რ. გ-ავას არ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიასთან ერთად.
სხდომის ოქმი არ ასახავს საქმის განხილვის არსებით მომენტებს, მათ შორის, საქმის განხილვის გადადებას, მ. ბ-ძის აღიარებებს, ასევე რ. გ-ავას შუამდგომლობებს მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის, ექსპერტის მოწვევის თაობაზე, რაზეც კერძო არბიტრაჟის მიერ მიიღო უსაფუძვლო უარი.
სხდომის ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ არბიტრის მიერ მაშინ, როდესაც განხილვას სხდომის მდივანიც ესწრებოდა.
დებულების თანახმად, კერძო არბიტრაჟს არ უნდა მიეღო მ. ბ-ძის მიერ 2007 წლის 23 ივლისს წარდგენილი შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია, ვინაიდან ამ უკანასკნელს 2007 წლის 20 ივლისს, ე.ი. უფრო ადრე, სარჩელით ჰქონდა მიმართული სასამართლოსათვის რ. გ-ავას მიმართ იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, რის შესახებაც რ. გ-ავას მხრიდან ინფორმირებული იყო კერძო არბიტრაჟი.
არბიტრაჟმა თავისი ინიციატივით შეცვალა შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიის საფუძველი და საგანი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მ. ბ-ძის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა მიუღებელი შემოსავლის დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, არბიტრაჟმა კი გამოიყენა 403-ე მუხლი და დააკისრა თანხა რ. გ-ავას ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით რ. გ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. გ-ავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი; დაკმაყოფილდა რ. გ-ავას სარჩელი, გაუქმდა შპს “ბარისტერის” საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2007 წლის 20 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და რ. გ-ავას საარბიტრაჟო პრეტენზია მ. ბ-ძის მიმართ, ასევე მ. ბ-ძის შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია რ. გ-ავას მიმართ სესხის, იპოთეკისა და ბინის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე განსახილველად დაუბრუნდა საარბიტრაჟო სასამართლოს.
პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს შპს „ბარისტერის“ მიერ საქმის განხილვისას დარღვეულია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონით დადგენილი წესები, კერძოდ, მიუთითა, რომ კანონის პირველი მუხლით პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც კანონის სხვა ნორმებიდან გამომდინარე შეიძლება ჩამოყალიბებულ იქნეს, როგორც ცალკე წერილობით, ასევე იყოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი, მაგრამ კანონმდებელი ორივე შემთხვევაში აწესებს შეთახმების აუცილებელ ფორმას, რომელიც დაცულ უნდა იყოს მხარეთა მიერ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონის მეორე მუხლში საარბიტრაჟო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს სხვა პირობებთან ერთად დავის საგანი. აღნიშნა, რომ დავის საგანი ესაა მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხისადმი, რომელიც უნდა განიხილოს საარბიტრაჟო სასამართლომ და რომლის მიმართაც გამოტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, რ. გ-ავას მიერ აღძრული საარბიტრაჟო პრეტენზიის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი საარბიტრაჟო შეთანხმება ზიანის ანაზღაურების საკითხის არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე. მხარეთა შორის 2005 წლის 9 ივლისს დადებული ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად, „მხარეთა შორის სადავო საკითხებზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კერძო არბიტრაჟის ან სასამართლო წესით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა მიერ მიღწეულ ზემოთ მითითებულ შეთანხმებაში ჩანს, რომ მხარეები სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისათვის უშვებენ კერძო არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვას კანონმდებობის შესაბამისად. კანონმდებლობით კი, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს მხოლოდ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რაც დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს.
პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ხელშეკრულების მე-14 პუნქტში მითითებული დანაწესი არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო შეთანხმებად, შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა რ.გ-ავას საარიტრაჟო პრეტენზია. მართალია, რ.გ-ავამ საარბიტრაჟო სასამართლოში პრეტენზიის წარდგენით და მოწინააღმდეგე მხარე მ.ბ-ძემ აღნიშნულთან მიმართებაში, თავისი მოქმედებით გამოხატეს ნება საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვისა, მაგრამ აღნიშნული ვერ შეცვლის კანონის იმპერატიულ მოთხოვნას მხარეთა შორის წერილობითი საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის სავალდებულოობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დარღვეულია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. პალატამ განმარტა დასახელებული კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილი.
პალატამ დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ. გ-ავას საარბიტრაჟო დებულება არ გაგზავნია მ.ბ-ძის შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიასთან ერთად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში რ. გ-ავას მიერ წარმოდგენილ იქნა გზავნილის დედანი დალუქული სახით, რომელიც დაემთხვა საქმის ფურცელ 113-132-ზე განთავსებულ დოკუმენტებს. (აღნიშნული საქმის ფურცლები წარმოადგენენ საარბიტრაჟო საქმის მასალებს). პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ რ. გ-ავას გაეგზავნა 16 ფურცელი. აღნიშნული 16 ფურცელი კი მოიცავს დოკუმენტებს დებულების გარეშე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დარღვეულია თავისივე დებულების მე-10 მუხლის 10.16 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, მ. ბ-ძემ საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღების დროს აღძრა დავა საერთო სასამართლოში იმავე დავის საგანზე იმავე საფუძვლთ რ. გ-ავას მიმართ. საარბიტრაჟო სასამართლომ კი, ზემოთ მითითებული წესის შესაბამისად, საქმის წარმოება არ შეწყვიტა.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ დარღვეულია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მითითებული მუხლით არბიტრაჟი ვალდებულია, მხარეს წერილობით აცნობოს არბიტრაჟის ყოველი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ადრესატს პირადად ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ანდა იურიდიულ მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ გაგზავნილი უწყება ჩაჰბარდა რ. გ-ავას წარმომადგენელს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქმის განხილვის კანონით დადგენილი წესები.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ რ. გ-ავას მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენამდე ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ არსებობდა მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე, მაგრამ რ. გ-ავას მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის შეტანისა და მ. ბ-ძისათვის გადაცემის შემდეგ, მ. ბ-ძემ თავისი თანხმობა გამოხატა იმით, რომ მან შეიტანა შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში, არასწორად გამოიყენა კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-2 მუხლები და არ გამოიყენა ამავე კანონის 28-ე მუხლი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კერძო არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან დავა განხილულ იქნა დებულების მოთხოვნათა დარღვევით, როცა მ. ბ-ძის საარბიტრაჟო პრეტენზია თანდართული საბუთებით ჩაჰბარდა რ. გ-ავას წარმომადგენელს და არა თავად მას.
კასატორმა მიუთითა, რომ რ. გ-ავას არ ჩაჰბარებია მ. ბ-ძის შეგებებულ სარჩელთან ერთად დებულება, რაც დადასტურებულ იქნა სხდომაზე რ. გ-ავას მიერ წარმოდგენილი რ. გ-ავას გზავნილით, დედნის სახით, დალუქული. აღნიშნულით კი დაირღვა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის I ნაწილი – თანასწორობის პრინციპი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არ აქვს განიხილოს სარჩელი საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანს წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები მოითხოვენ საქმის განხილვას სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან ამ კანონით დადგენილი წესები.
2005 წლის 9 ივლისს რ. გ-ავასა და მ. ბ-ძის შორის სანოტარო ფორმით დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეთა წერილობით შეთანხმებას დავის არბიტრაჟის ან სასამართლო წესით^ გადაწყვეტის თაობაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არბიტრაჟმა განიხილა ორი საარბიტრაჟო პრეტენზია: რ. გ-ავას საარბიტრაჟო პრეტენზია ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლის განხილვის საარბიტრაჟო წესზე არ იყო წერილობითი შეთანხმება 2005 წლის 9 ივლისს რ. გ-ავასა და მ. ბ-ძის შორის სანოტარო ფორმით დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებაში და მ. ბ-ძის საარბიტრაჟო პრეტენზია სესხის დაბრუნებისა და მისი დაუბრუნებლობით ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლის შესახებ მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში იყო შეთანხმება დავის სასამართლო ან არბიტრაჟის მიერ განხილვაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართელოს კანონის 28-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე დებულება, რომლიდანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იყო დაცული, მიუხედავად ამისა, მხარე აგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ანდა, თუ ამისათვის გათვალისწინებულია ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წამოაყენებს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.
განსახილველი ნორმის გათვალისწინებით 2005 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საარბიტრაჟო შეთანხმებით არ იყო დაცული რ. გ-ავას მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის სახით წარდგენილი მოთხოვნა, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არ შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ საარბიტრაჟო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული პრეტენზია. იმ შემთხვევაში, თუ მხარემ საარბიტრაჟო განხილვის საგანი გახადა მოთხოვნა, რომელიც არ იყო დაცული საარბიტრაჟო შეთანხმებით, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული მოთხოვნა, თუ მოწინააღმდეგე მხარე ეთანხმება ამ მოთხოვნის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ განხილვას.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ რ. გ-ავამ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით და მოწინააღმდეგე მხარე მ. ბ-ძემ თავიანთი მოქმედებით გამოხატეს ნება საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვისა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საფუძველს საარბიტრაჟო სასამართლოსათვის ქვემდებარე საქმეებზე, “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რ. გ-ავას არ გაეგზავნა “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” დებულება. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ რ. გ-ავას მიერ წარმოდგენილი დალუქული სახით დედნის გზავნილში არ იყო დებულება.
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართელოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებულია, მიიღოს და არბიტრაჟის ამოქმედებამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოაქვეყნოს დებულება, რომელშიც უნდა შევიდეს არბიტრაჟის დანიშვნისა და საარბიტრაჟო განხილვის წესები. ამდენად, განსახილველი ნორმა მოითხოვს დებულების მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებას არბიტრაჟის ამოქმედებამდე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დებულების საჯაროდ გამოქვეყნება წარმოადგენს პრეზუმფციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი პირი, ვინც მიმართავს კონკრეტულ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს, გაცნობილია (საჯაროდ გამოქვეყნების შედეგად) მის დებულებას. მიუხედავად ამისა, მხარეებმა შეიძლება მიიღონ არბიტრაჟის დებულების წესები, რომლებიც თავისთავად შეიძლება ითვალისწინებდნენ ამ დებულების ასლის მხარეებისათვის გაგზავნის აუცილებლობას, კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ არბიტრაჟის დებულებით გათვალისწინებულ წესზე, რომლის თანახმად მხარეებს უწყებებთან ერთად ეგზავნებათ ასევე “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” დებულება (დებულების მე-6 მუხლის 6.6 პუნქტი).
მიუხედავად იმისა, რომ “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მხარეებისთვის არბიტრაჟის შესახებ დებულების გაგზავნას და მოითხოვს მხოლოდ ამ დებულების საჯაროდ გამოქვეყნებას, დებულების მხარესათვის გაგზავნის აუცილებლობა მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა გაითვალისწინა თავის დებულებაში, რაც მიუთითებს მისი განხილვის წესზე “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართელოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძოდ, მუდმივმოქმედ არბიტრაჟში დავა განიხილება მისი დებულების შესაბამისად, თუ მხარეები და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. ამდენად, თუ მხარეები და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებით გათვალისწინებული წესებით დავის განხილვა წარმოადგენს მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებით ნაწილს და ქმნის საარბიტრაჟო შეთანხმების ერთიან სუბსტანციას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან არბიტრაჟის მიერ მხარეთა დავა იხილებოდა მისი დებულების შესაბამისად, რაც ითვალისწინებდა უწყებასთან ერთად მხარეებისათვის, ასევე არბიტრაჟის დებულების გაგზავნას, მიუთითებს იმაზე, რომ განხილვის ამ წესზე მხარეები შეთანხმდნენ. საკასაციო პალატა, ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების აღნიშნული მოთხოვნა არ იყო დაცული (არ გაეგზავნა მხარეს უწყებასთან ერთად საარბიტრაჟო შეთანხმება) და, მიუხედავად ამისა, მხარე ამის წინააღმდეგ არ წარმოადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს მხარე უარს აცხადებს შეპასუხების უფლებაზე “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად.
კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გამოიკვლიოს რ. გ-ავამ განაცხადა თუ არა პრეტენზია საარბიტრაჟო სასამართლოში “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” დებულების ჩაუბარებლობის თაობაზე.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მხარემ განაცხადა პრეტენზია საარბიტრაჟო სასამართლოში დებულების ჩაუბარებლობის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, თუ რა სამართლებრივი კრიტერიუმებით შეაფასა სასამართლომ და მიიჩნია, რომ რ. გ-ავას მიერ დალუქული სახით წარმოდგენილი გზავნილის დედნით, რ. გ-ავას გაეგზავნა 16 ფურცელი, რომელიც არ მოიცავს დებულებას. ამ შემთხვევაში არ ირკვევა სასამართლომ თვითონ გახსნა ლუქი თუ არა, 16 ფურცელი წარმოადგენდა ზუსტად იმ დოკუმენტებს, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლომ გაუგზავნა მხარეს და რა მტკიცებულებით დასტურდება ეს, ასევე სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხისადმი საარბიტრაჟო პრეტენზიისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი (ს.ფ. 113), რომელშიც მითითებულია, რომ მხარეს ეგზავნება თანდართული დოკუმენტები და “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” დებულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს გაეგზავნა თუ არა მხარეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება და, თუ მას დებულება არ გაეგზავნა, განაცხადა თუ არა მან ამის შესახებ პრეტენზია საარბიტრაჟო სასამართლოში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დარღვეულია თავისი დებულების მე-10 მუხლის 10.16 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, მას უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან აღნიშნული დავა იხილებოდა სასამართლოში, კერძოდ, დებულების მე-10 მუხლის 10.16 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო პრეტენზიას (საჩივარს), თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს და არ იკვლევს განაცხადა თუ არა მხარემ იმის შესახებ, რომ იგივე საქმე იხილებოდა სასამართლოს მიერ, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოიცავს გამოკვლევას, საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღების დროს საერთო სასამართლოს წარმოებაში მიღებული ჰქონდა თუ არა ამ დავაზე სარჩელი.
საკასაციო პალატა, ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართელოს კანონის მე-20 მუხლი და სრულად არ შეაფასა ამ მუხლის განმარტებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არბიტრაჟის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინება ეგზავნებოდა მხარის წარმომადგენელს და არა მხარეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი მუხლის მიზანს წარმოადგენს მხარის საარბიტრაჟო სასამართლოში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა. აღნიშნული მუხლით დაცულია მხარის უფლება, იცოდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი იმ დროის ვარაუდით, რომ მოემზადოს თავისი უფლების მაქსიმალური რეალიზაციისათვის, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობისა და თავისი უფლების დაცვის შესაძლებლობა.
მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს მხარისათვის და არა წარმომადგენლისათვის არბიტრაჟის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების გაგზავნას, დასადგენია მხარე (რ. გ-ავა) მონაწილეობდა თუ არა საარბიტრაჟო განხილვაში, წარმომადგენელს არბიტრაჟის სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შეტყობინება გაეგზავნა თუ არა რ. გ-ავას მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა თუ არა რ. გ-ავამ ამის შესახებ პრეტენზია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ს ა რ ე ზ უ ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.