Facebook Twitter

ას-358-610-08 30 სექტემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “ს-ა” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ.გ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ური (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს-ის” მიმართ ზიანის _ 2000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 15 მარტს მოსარჩელეს ესპანეთის ქ. ბარსელონადან ა. ნ-შვილმა გამოუგზავნა .......... ამანათი, რომელიც მ. შ-მა მიიღო 2005 წლის 25 აპრილს. ამანათის ჩასაბარებლად მისულმა მოსარჩელემ შეამჩნია დაზიანების აშკარა კვალი და მოითხოვა ფოსტამტის თანამშრომლების თანდასწრებით ამანათის გახსნა, რის შედეგად აღმოაჩინა დანაკლისი, კერძოდ, სამი მობილური ტელეფონი (“ნოკია 6260”, “ნოკია 7210”, “სამსუნგ D-600”). მ.შ-მა შესთავაზა მოპასუხეს ზარალის _ 2000 ლარის ნებაყოფლობით ანაზღაურება, თუმცა შპს “ს-ის” ექსპლუატაციის დირექტორის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹15-30-134/4 წერილითYეცნობა, რომ მატერიალური ზიანი მას უნდა აუნაზღაუროს ესპანეთის საფოსტო ადმინისტრაციამ, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველ ნაწილს, 701-ე, 692-ე, 409-ე მუხლებსა და 408-ე მუხლის პირველ ნაწილს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ამანათში სადავო ნივთების არსებობის დამადასტურებლი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ამასთან, დაკარგული ტელეფონები არ იყო დაფიქსირებული საბაჟო დეკლარაციაში, სადაც უნდა აღრიცხულიყო ნივთების მახასიათებლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით მ. შ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ს-ას” დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2005 წლის 15 მარტს ესპანეთიდან, ქ. ბარსელონადან ა. ნ-შვილმა საქართველოში, ქ. თბილისში, ......... “......” მ/რ-ის 65-ე კორპუსის ¹66 ბინაში მცხოვრებ მ. შ-ურის სახელზე გამოაგზავნა ამანათი, რაზე დართული დოკუმენტების მე-14 გრაფა შეიცავდა გამოგზავნილი საქონლის დაწვრილებით ჩამონათვალს. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვეოდა, რომ ამანათით, სხვა ნივთებთან ერთად, გამოიგზავნა 3 ცალი ტელეფონი, რაც იწონიდა 14,780 კგ-ს. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2005 წლის 25 აპრილის საფოსტო ადმინისტრაციის მიერ მიმღების თანდასწრებით შედგენილი ¹19 აქტში სპეციალური აღნიშვნებით დასტურდება ამანათის გაძარცვის ფაქტი. აღნიშნული აქტის თანახმად, გამოგზავნისას ამანათი იწონიდა 14,780 კგ-ს, ხოლო ადრესატის მიერ მისი მიღებისას _ 14,600 კგ-ს. აქტში ფოსტის თანამშრომლებმა მიუთითეს ასევე ამანათის შიგთავსის დაწვრილებითი აღწერილობა და შემდგომ შემოწმების შედეგად დადგენილი დანაკლისი _ სამი მობილური ტელეფონი. აქტში ასევე აღინიშნა, რომ სადავო ამანათს დაზიანების სერიოზული კვალი ვიზუალურადაც ემჩნეოდა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებაც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა 2008 წლის 22 იანვრის სასამართლო სხდომაზე თავად უარყო სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ შპს “ს-ა” განსახილველ შემთხვევაში გადამზიდველი არ არის და, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა გადაზიდვის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს “ს-ა” განსახილველ ურთიერთობაში წარმოადგენს გადამზიდველს და საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა შესაბამისი ნორმები. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა რაიმე მტკიცებულების წარმოდგენით ვერ დაადასტურა მისი სააპელაციო საჩივრის საფუძველი, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა დაუსაბუთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქონების ღირებულების შეფასების აქტზე, რომელიც მიღებულ იქნა მტკიცებულების სახით. დასახელებული აქტით ირკვევა, რომ შესაფასებელი ტელეფონების ღირებულება 2005 წლის მდგომარეობით შეადგენდა 2000 ლარს, რაც, სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ტელეფონების ბაზარზე რეალიზაცია დაიწყო ამანათის გამოგზავნის შემდეგ _ 2005 წლის 1 ივლისიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ს-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა კასატორის წარმომადგენლის განმარტება, როდესაც მიუთითა, რომ მან სასამართლო სხდომაზე უარყო სააპელაციო საჩივრის საფუძველი და დაადასტურა, რომ შპს “ს-ა” სადავო ურთიერთობაში გადამზიდველს წარმოადგენდა, შესაბამისად, პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 681-ე, 686-ე, 687-ე და 701-ე მუხლების საფუძველზე აგებული დასაბუთება, რაც ეწინააღმდეგება მსოფლიოს საფოსტო კონვენციის რეგლამენტის 109-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომლის შესაბამისად საქართველო წარმოადგენს ტვირთის მიმღებ ქვეყანას და არა გადამზიდველს. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მ.შ-ს ამანათში ახალი მობილური ტელეფონების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ინვოისის დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ ტელეფონები და არ ირკვევა მობილურ ტელეფონებზეა საუბარი თუ არა, ასევე არ ჩანს მათი მოდელი. ამდენად, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ ამანათში სწორედ ის ტელეფონები იყო, რომელსაც მოსარჩელე უთითებს. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა აუდიტის დასკვნა, რა დროსაც არ გაითვალისწინა, რომ თავად აუდიტს სადავო ნივთები არ უნახავს და დასკვნაში მითითებულია ახალი ტელეფონების საბაზრო ღირებულება, მაშინ, როცა თავად მოსარჩელის განმარტებით დასტურდება, რომ მობილური ტელეფონები იყო ნახმარი. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ერთ-ერთი ტელეფონი _ “სამსუნგ 600” რეალიზაციაშია 2005 წლის 1 ივნისიდან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: 2005 წლის 15 მარტს ესპანეთიდან, ქ. ბარსელონადან, ა. ნ-შვილმა საქართველოში, ქ. თბილისში, ......... “.......” მ/რ-ის 65-ე კორპუსის ¹66 ბინაში მცხოვრებ მ. შ-ურის სახელზე გამოაგზავნა ამანათი, რაზეც დართული დოკუმენტების მე-14 გრაფა შეიცავდა გამოგზავნილი საქონლის დაწვრილებით ჩამონათვალს. ამანათით, სხვა ნივთებთან ერთად, გამოიგზავნა 3 ცალი ტელეფონი, რაც იწონიდა 14,780 კგ-ს. 2005 წლის 25 აპრილს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ მიმღების თანდასწრებით შედგენილ იქნა ¹19 აქტი, რომლის თანახმად, გამოგზავნისას ამანათი იწონიდა 14,780 კგ-ს, ხოლო ადრესატის მიერ მისი მიღებისას _ 14,600 კგ-ს. აქტში ფოსტის თანამშრომლებმა მიუთითეს ასევე ამანათის შიგთავსის დაწვრილებითი აღწერილობა და შემდგომ შემოწმების შედეგად დადგენილი დანაკლისი _ სამი მობილური ტელეფონი. აქტში ასევე აღინიშნა, რომ სადავო ამანათს დაზიანების სერიოზული კვალი ვიზუალურადაც ემჩნეოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საქმეზე კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც ერთი მხარე შპს ,,ს-ა” ვალდებულია, მიმღებს გადასცეს მისთვის გამოგზავნილი ტვირთი _ საფოსტო ამანათი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მართალია, მოდავე მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების პირობებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შპს ,,ს-ას” სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობის საფუძველზე, კერძოდ, 2005 წლის 15 მარტს ა. ნ-შვილმა ესპანეთიდან გამოგზავნა ამანათი მ. შ-ისათვის გადასაცემად. გზავნილი მიიღო საქართველოს საერთაშორისო ფოსტამტმა. ამდენად, ვინაიდან საქმე ეხება საერთაშორისო საფოსტო ურთიერთობებს, მასზე უნდა გავრცელდეს მსოფლიოს საფოსტო კონვენციის დებულებები.

მსოფლიო საფოსტო კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივლისის ¹2324 დადგენილებით) მეხუთე თავი აწესებს საფოსტო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის წესსა და საფუძვლებს. დასახელებული კონვენციის 34-ე მუხლში ჩამოთვალილია ის გარემოებები, როდესაც საფოსტო ადმინისტრაცია პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის. ხსენებული ნორმის 1.1. პუნქტით ადმინისტრაცია პასუხს აგებს შეკვეთილი გზავნილებისა და ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვაზე, დაზიანებასა და დატაცებაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადრესატს აღჭურავს უფლებით, მოითხოვოს ანაზღაურება დაზიანებული ან დატაცებული შეკვეთილი ან ფასგამოცხადებული გზავნილების მიღების შემდეგ. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით დადგენილია საფოსტო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები, რომლის 1.1.1 პუნქტის თანახმად, საფოსტო ადმინისტრაცია არ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ დატაცება ან დაზიანება დადგენილი იქნება გაცემამდე, ან გზავნილების ჩაბარების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, კასატორი ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებამდე იყო სათანადო მდგომარეობაში. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, კერძოდ, სასამართლომ არასწორად გაიგო შპს “ს-ას” წარმომადგენლის განმარტება, რომ კასატორი სადავო ურთიერთობაში გადამზიდველს წარმოადგენდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა და, მიუხედავად იმისა, მხარე რა შეფასებას აძლევს სადავო ურთიერთობას, სასამართლო ვალდებულია, თავისი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს. კასატორი აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს, რომ საქართველო წარმოადგენს ტვირთის მიმღებ ქვეყანას და არა გადამზიდველს. გადაზიდვის ხელშეკრულების დანაწესების გამოუყენებლობის შემთხვევაშიც შპს ,,ს-ა” მსოფლიო საფოსტო კონვენციის ზემოთმითითებული ნორმების საფუძველზეც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში უდავოდ იკვეთება გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. კასატორის არგუმენტაცია, რომ საქართველო ამ ურთიერთობაში წარმოადგენს მიმღებ ქვეყანას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სადავო ურთიერთობაში ტვირთი შპს “ს-ის” მეშვეობით უნდა გადასცემოდა მიმღებს _ მ. შ-ს. ამდენად, შპს “ს-ა” ტვირთის გამგზავნ ნ-შვილსა და მიმღებ შ-ს შორის ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი, სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შედგენილი, გადაზიდვის ხელშეკრულების ზედნადებითაც. კასატორი სარჩელის უარსაყოფად უთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ იგი არის მხოლოდ მიმღები ქვეყანა, ხოლო ტვირთი გამოგზავნილია ესპანეთიდან რუსეთის გავლით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ განხორციელებული გადაზიდვა.

სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის; მეორე და ყოველი მომდევნო გადამზიდველი ტვირთისა და ზედნადების მიღების გზით ხდება ხელშეკრულების მხარე. ხოლო ამავე კოდექსის 703-ე მუხლის მიხედვით, ტვირთის დაკარგვის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პირველი, ბოლო ან იმ გადამზიდველის მიმართ, რომლის მიერ გადაზიდვისას დაიკარგა ტვირთი.

რაც შეეხება ზიანის ფაქტს, ამანათის დაზიანებისა და ტვირთის დაკარგვის ფაქტი სადავო არ არის და იგი დადასტურებულია ტვირთზე არსებული ზედნადებისა და თვით კასატორის მიერ შედგენილი ამანათის დაზიანების ¹19 აქტის შედარებით.

გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული მსჯელობით დადგენილია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობების (ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის) არსებობა, რაც საფუძვლიანს ხდის მ.შ-ის მოთხოვნას. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება სარჩელში მითითებული ტელეფონების მოდელისა და მათი მდგომარეობის შესახებ, რადგანაც საქმის მასალებში მოიპოვება ქონების ღირებულების შეფასების აქტი და დგინდება, რომ სადავო მობილური ტელეფონების ღირებულებამ 2005 წლის მდგომარეობით შეადგინა 2000 ლარი (ს.ფ. 68-70), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენს.

პალატა ვერ გაიზიარებს შპს ,,ს-ის” წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ 2005 წლის 15 მარტისათვის ,,სამსუნგ 600” რეალიზაციაში არ იყო გამოშვებული და მისი სარეალიზაციოდ გამოშვება მოხდა მხოლოდ 2005 წლის 1 ივნისიდან, რადგანაც მხარეს სასამართლოსათვის თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კასატორმა ვერ შეძლო საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებით დადასტურება. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე ნივთის სარეალიზაციოდ დაშვების დრო არ არის გამორიცხული რომ არ ემთხვეოდეს მისი მსოფლიო ბაზარზე სარეალიზაციოდ დაშვების დროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.