საქმე №424აგ-15 თბილისი
ბ-ე ა., 424აგ-15 15 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით ა. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ა. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან. ა. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ა. ბ-ე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. 2015 წლის 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა ა. ბ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. ბ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, მსჯავრდებულ ა. ბ-ს სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
5. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ბ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მოთხოვნას (მოწმე ე. ზ-ს ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნით (შუამდგომლობით) მას არ მიუმართავს განსჯადი - სააპელაციო სასამართლოსათვის და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ეს მოთხოვნა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე