¹ას-359-678-09 6 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორები _ ც. მ-ია, გ. ქ-იანი (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი _ მ. ყ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ახალციხის ინსტიტუტი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. ჟ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბრძანების გაუქმება, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. მ-იამ და გ. ქ-იანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ ახალციხის ინსტიტუტის მიმართ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01\7 ბრძანების გაუქმების, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დარიცხვის, მოსარჩელეთა სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელ თ. გ-შვილის 2007 წლის 21 სექტემბრის თსუ მესხეთის ფილიალის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ¹01\7 ბრძანებით ერთდროულად სამუშაოდან გათავისუფლდა ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, სულ 115 მუშაკი, მათ შორის, ¹1 დანართის მიხედვით 49 და 69 ნომრად _ გ. ქ-იანი და ც. მ-ია. აღნიშნული ბრძანება უკანონოა. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილება სსიპ ახალციხის ინსტიტუტის დაფუძნებას ითვალისწინებს თსუ-ს რეორგანიზაციისა და არა ლიკვიდაციის გზით. მართალია, სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს განკარგულებით, მაგრამ მას, როგორც რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს, არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა, სადავო ბრძანებით შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა თსუ მესხეთის ფილიალის თანამშრომლებთან. მთავრობის დადგენილების თანახმად, მას უნდა შეემუშავებინა წესდება, რაც არ განუხორციელებია. შრომის კანონთა კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანიზაციული სტრუქტურა, რესურსები და საშტატო განრიგი მოპასუხეს არ გააჩნდა. სადავო ბრძანებით მოსარჩელეებს მიადგათ მორალური ზიანი, ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ არა ობიექტური მიზეზებით, არამედ პირადი ანგარიშსწორების გამო, დამამცირებელი აღმოჩნდა ყველა ის პროცედურა, რაც დაკავშირებული იყო მოსარჩელეთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან. მათ მიიღეს ტანჯვა, რაც მიიჩნიეს პიროვნული ღირსების შელახვად. ც. მ-იამ სექტემბრის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მოხსნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილებით განხორციელდა სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყო მესხეთის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა სსიპ ახალციხის ინსტიტუტი, რომელიც მესხეთის ფილიალის ნაწილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს ¹446 განკარგულებით სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თ.გ-შვილი. რეორგანიზაციის პროცესის დასრულება განისაზღვრა 2007 წლის 29 სექტემბრით, თუმცა, გარკვეული სირთულეების გამო, აღნიშნული ვადა გაგრძელდა და, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹963 ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, დადგინდა რეორგანიზაციის პროცესის დასრულება არა უგვიანეს ახალციხის ინსტიტუტის მიერ ლიცენზიის მიღებისა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივლისის ¹473-ე ბრძანებულების მე-2 ნაწილის „თ“ პუნქტის საფუძველზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლება ჰქონდა, გამოეცა ¹01\07-07 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ყველა თანამშრომელს, შემდეგ ინსტიტუტი მთლიანად დაკომპლექტდა ყოფილი სსიპ თსუ მესხეთის ფილიალის თანამშრომლებით, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალით, ხოლო შტატები შემცირდა რეორგანიზაციისა და ფინანსური სიძნელეების გამო. აღსანიშნავია, რომ შრომის კანონთა კოდექსი დამსაქმებელს არ ავალდებულებს დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებას. რაც შეეხება 2007 წლის სექტემბრის ხელფასის ანაზღაურებას, მითითებული თანხა მიიღო ყველა თანამშრომელმა, ხოლო იმ პირებს, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულება არ დაიდო, დამატებით მიეცათ ერთი თვის ხელფასი კომპენსაციის სახით. დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა მორალურ ზიანთან დაკავშირებით, ვინაიდან, სამუშაოდან დათხოვნის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. მ-იასა და გ. ქ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 27 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ც. მ-ია მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად. ხელშეკრულება მოქმედებდა 2007 წლის 25 ივნისიდან ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის კონკურსის გამოცხადებამდე. სამუშაოს შესრულებისათვის დასაქმებულის ხელფასი ხელშეკრულებით განისაზღვრა 300 ლარით. 2006 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წლის 8 ნოემბრიდან რეფორმის დამთავრებამდე გ. ქ-იანი დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად. ხელშეკრულებით გ.ქ-იანის ხელფასი განისაზღვრა თვეში 400 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილებით დაიწყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მას გამოეყო მესხეთის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი, რომელიც ზემოხსენებული ფილიალის ნაწილში სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს ¹446 განკარგულებით თ. გ-შვილი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. სსიპ ახალციხის ინსტიტუტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01\7 ბრძანებით შრომითი ურთიერთობა შეუწყდა თსუ მესხეთის ფილიალის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, მათ შორის, ც. მ-იასა და გ. ქ-იანს. ბრძანების საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნება დაერთო, განეხორციელებინა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებანი, მათ შორის, შეეწყვიტა თსუ მესხეთის ფილიალის ადმინისტრაციას, დამხმარე პერსონალსა და ფილიალის ყოფილ დირექტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ თ.გ-შვილს გააჩნდა სადავო ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ბრძანების კანონიერება უნდა შეამოწმოს შრომის კოდექსთან მიმართებით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ სადავო ბრძანებით სამუშაოდან გათავისუფლებულ პირებს შეეზღუდათ ხელფასისა და კომპენსაციის მიღების უფლება, ასევე სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებს, 33-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 37-ე მუხლს. სასამართლომ მიუთითა სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის _ თ.გ-შვილის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01\7 ბრძანების მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურს დაევალა მისაღები ხელფასისა და ერთი თვის კომპენსაციის გაცემა იმ პირთათვის, რომლებთანაც შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 2008 წლის 2 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ აპელანტებმა ერთი თვის კომპენსაცია მიიღეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რასაც აწესრიგებს შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლები, რომლის მოთხოვნა დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულისათვის არანაკლებ ერთი თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მოცემულ შემთხვევაში დაცულია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ც. მ-იამ და გ. ქ-იანმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თ.გ-შვილი არ იყო უფლებამოსილი, სამუშაოდან გაეთავისუფლებინა კასატორები. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი და სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე სრულად არ იმსჯელა, კერძოდ, აპელანტები უთითებდნენ, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმე განიხილა არაკანონიერმა სასამართლო შემადგენლობამ. ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ასევე ახალციხის ინსტიტუტში, შესაბამისად, მის მიმართ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. მხარემ სასამართლო პროცესზე იშუამდგომლა მოსამართლის აცილების შესახებ, ვინაიდან მოსამართლე ხელშეკრულებით ურთიერთობაში იყო ინსტიტუტთან, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ნიშანდობლივია, რომ ამავე მოსამართლემ თვითაცილების წესით აიცილა სარჩელის უზრუნველყოფის სახით 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01/7 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელეთა წარმომადგენელ რ.სანდროშვილის განცხადების განხილვა, რითაც დაადასტურა მოსარჩელეების ეჭვის საფუძვლიანობა არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვისა და უკანონო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 21 ოქტომბრის ¹963 ბრძანება, წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა მიანიჭა თსუ-ს რექტორის 2007 წლის 14 ივლისის ¹28/01/01 ბრძანებას, მაშინ, როცა ბრძანების მე-2 პუნქტი არ შესრულებულა და არ გაითვალისწინა, რომ მინისტრის ბრძანებას რექტორის ბრძანებასთან შედარებით უპირატესი ძალა გააჩნია. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹963 ბრძანების მე-5 პუნქტის მოთხოვნებზე, რომელთა მართლზომიერად შესრულება გამორიცხავდა მოსარჩელეებისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ამავე ბრძანების მე-6 პუნქტის შესრულებამდე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ც. მ-ია მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად 2007 წლის 27 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 2007 წლის 25 ივნისიდან ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის კონკურსის გამოცხადებამდე. სამუშაოს შესრულებისათვის დასაქმებულის ხელფასი განისაზღვრა 300 ლარით. 2006 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წლის 8 ნოემბრიდან რეფორმის დამთავრებამდე, გ. ქ-იანი დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად და მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 400 ლარით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილებით დაიწყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მას გამოეყო მესხეთის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის ინსტიტუტი, რომელიც ზემოხსენებული ფილიალის ნაწილში სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლეა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს ¹446 განკარგულებით თ. გ-შვილი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01\7 ბრძანებით შრომითი ურთიერთობა შეუწყდა თსუ მესხეთის ფილიალის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, მათ შორის, ც. მ-იასა და გ. ქ-იანს. ბრძანების საფუძვლად მიეთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. მ-იასა და გ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანმახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს საქმეს თუ საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არსებით გავლენას ახდენენ საქმის შედეგზე, კერძოდ:
უპირველესად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასთან მიმართებით, იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული საქმე, ვინაიდან იგი თავად იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოდავე მხარესთან. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსამართლის აცილებისა თუ თვითაცილების გადაწყვეტის წესის, ასევე აცილების საფუძვლები კონკრეტულადაა განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-34-ე მუხლებით. დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს ან მას, ამა თუ იმ მხარესთან, საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს, ამ საქმის ადრინდელ განხილვაში თვითონ მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად, მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია, პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან, თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. დასახელებული ნორმაში მითითებული გარემოებები ამომწურავად განსაზღვრავს სასამართლო შემადგენლობის აცილების საკითხს და კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული შემთხვევებიდან ერთ-ერთის არსებობა საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების აბსოლუტური საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, გ.ქ-იანი და ც.მ-ია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებას, რომ იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სსიპ ახალციხის ინსტიტუტში. აღნიშნული გარემოება ვერ გახდება საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების საფუძველი, რადგან საქართველოს კონსტიტუციით მოსამართლისათვის მინიჭებული პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება არ ქმნის მისი მიკერძოების ვარაუდს, ამასთან აღნიშნული გარემოება დასახელებულ ნორმაში პირდაპირ არაა მითითებული, ამდენად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორთა აღნიშნული მოსაზრება არ არის დასაბუთებული და იგი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2007 წლის 21 სექტემბერს გამოცემული ¹01\7 ბრძანება მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება, კერძოდ, მასში კონკრეტულად არ არის მითითებული დასაქმებულ პირთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების იურიდიული საფუძველი. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სადავოდ მიჩნეული 2007 წლის 21 სექტემბრის ბრძანებით, რომლითაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი. საგულისხმოა, რომ სადავო ბრძანების მიღების დროისათვის მოქმედებდა საქართველოს შრომის კოდექსი.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით მიუთითა, რომ, ვინაიდან აპელანტებს მიღებული აქვთ ერთი თვის კომპენსაცია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არის შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლები, კერძოდ, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და 38-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით. აღნიშნულთან დაკავშირებით საფუძვლიანია კასატორთა მოსაზრება სასამართლოს მიერ კანონის არასწორად გამოყენების თაობაზე, კერძოდ, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით თავისი შეხედულებით ისე დაადგინა შრომითი ხელშეკრულების მოშლის იურიდიული საფუძველი, რომ არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მიუცია სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში ასეთი საფუძვლის არარსებობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია, მუშაკის გათავისუფლების ბრძანებაში ასახოს ხელშეკრულების მოშლის კონკრეტული საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აუქმებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას და ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, ვინაიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია გაირკვეს საქმისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემობები.
მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, მხარეთა შორის დადებული შრომის ხელშეკრულებები ვადიანია თუ არა; რა სახის სამუშაოს შესრულებაზე და რა ოდენობით ანაზღაურებაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული; მხოლოდ ამ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ უნდა შეფასდეს კასატორთა სამუშაოზეUაღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მართლზომიერება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. მ-იასა და გ. ქ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.