Facebook Twitter

ას-359-758-06 29 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. რ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ო-ს უფლებამონაცვლე ნ. ტ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ ქ.თბილისის ისანი-სამგორის ნოტარიუსი ფ.რუხაძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ანდერძის ბათილობა, მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. რ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა გ. ო-სა და მ. მ-ის მიერ ერთობლივად შედგენილი ანდერძის ბათილობა და გ. ო-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: მეუღლეები _ გ. ო-ი და მ. მ-ა წარმოადგენდნენ მოსარჩელის ძმასა და რძალს, რომელთაც პირველი რიგის მემკვიდრეები არ ჰყავდათ. 2001 წლის 22 მარტს გარდაიცვალა მ. მ-ა, 10 დღის შემდეგ კი გ. ო-ი, რის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეუღლეებს შეუდგენიათ ერთობლივი ანდერძი და მთელი ქონება, მათ შორის ქ.თბილისში, მე-3 მასივის მე-7 კვარტლის მე-... კორპუსში მდებარე ¹... ბინა უანდერძეს თ. რ-ს. აღნიშნული ანდერძი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან ერთობლივი ანდერძის შედგენა კანონით შესაძლებელია მხოლოდ მეუღლეთა ურთიერთმემკვიდრეობისას. ამასთან, გ. ო-მა არ იცოდა ქართულად წერა-კითხვა. ანდერძი შედგენილ იქნა კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაერთო ქ.თბილისის ..... რაიონის ნოტარიუსი ფ. რ-ე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ანდერძის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი შედგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, თ. რ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ო-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ს. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 15 მარტს მ. მ-სა და გ. ო-ის მიერ თ. რ-ის სახელზე ერთობლივად შედგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი და ს. ო-ი ცნობილ იქნა ძმის _ გ. ო-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ. რ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ს. ო-ი გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი ქალიშვილი ნ. ტ-ი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მ. მ-სა და გ. ო-ს მიერ 2001 წლის 15 მარტს შედგენილი ანდერძი ბათილად იქნა ცნობილი, ნ. ტ-ი ცნობილ იქნა გ. ო-ს მემკვიდრედ და ქ.თბილისში, მე-3 მასივის მე-7 კვარტლის მე-... კორპუსში მდებარე ¹... ბინის მესაკუთრედ, ხოლო თ. რ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. რ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 3 თებერვლის განჩინებით თ. რ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ. რ-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უცვლელი დარჩა, ხოლო ნ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინებით თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ტ-ი ცნობილ იქნა გ. ო-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ხოლო გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ-ს გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიიღო მისმა მეუღლე გ. ო-მა, რომელსაც, თავის მხრივ, გარდაცვალების შემდეგ დარჩა მეორე რიგის მემკვიდრე ძმა ს. ო-ი. პალატამ ასევე დაადგინა, რომ გ. ო-მა ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ანდერძი შედგენილია სამოქალაქო კოდექსის 1347-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მეუღლეთა მიერ ერთობლივად, მაშინ, როცა მოანდერძეები ურთიერთმემკვიდრეები არ არიან. ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ არც გ. ო-ს და არც მ. მ-ს თავისი ნება სათანადოდ არ გამოუხატავთ, ვინაიდან სადავო ანდერძი შედგენილ იქნა გ. ო-სათვის უცნობ ქართულ ენაზე, ხოლო სასამართლო-კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით მ. მ-ს ხელმოწერა ანდერძზე გაყალბებულ იქნა. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 50-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სადავო ანდერძი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო გ. ო-ის დანაშთი სამკვიდროს მემკვიდრედ ცნობილ იქნა ს. ო-ის მემკვიდრე ნ. ტ-ი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. რ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1359-ე, 1361-ე, 1364-ე და 1366-ე მუხლები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1359-ე მუხლი, რომლის თანახმად საავადმყოფოში შედგენილი ანდერძი მიიჩნია ფორმის დაუცველად შედგენილ ანდერძად, ასევე არასწორად მიუთითა, რომ განყოფილების გამგე რ. ქ-ე ანდერძის დადასტურებისას არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ანდერძის შედგენისას დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით თ. რ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ თვლის, რომ თ. რ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ანდერძის ნამდვილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1356-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 50-ე და 1347-ე მუხლები.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. შესაბამისად საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ თ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ თ. რ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 482 ლარის 70% _ 337,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. რ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.

კასატორს დაურუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 337,4 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.