საქმე №396აგ-15 თბილისი
გ-ი გ., 396აგ-15 15 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 13 მაისიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა ა/მანქანის მართვის უფლება. გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 12 დეკემბრიდან იმავე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განაჩენზე.
4. 2015 წლის 16 სექტემბერს მსჯავრდებულმა გ. გ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაშვება იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული გ. გ-ი მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გადასასინჯი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე არ იყო უფლებამოსილი, შეეფასებინა მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება გადასასინჯი განაჩენი. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ირიბი ჩვენებების გაუზიარებლობის შემთხვევაში საკმარისია თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს მხოლოდ შუამდგომლობის დაშვებისა და კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად.
6. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ განჩინების მიმღები სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს თვითაცილება უნდა განეცხადებინა, ვინაიდან მოცემულ საქმეზე პირველი ინსტაციით განაჩენი გამოიტანა მისმა მეუღლემ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ თვითაცილების საფუძველს, რის გამოც იგი ვერ იქნება გაზიარებული.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე