Facebook Twitter

¹ას-360-679-09 6 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები –ამხანაგობა “ძალა ერთობაშია”, ნ. ჩ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 15 ივლისს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამხანაგობის „ძალა ერთობაშია“, ნ. ჩ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹28-ში მდებარე სარდაფის ნაწილის 32,8 კვ.მ ფართის ნ. ჩ-ძის საკუთრებაში გადაცემისა და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შესახებ ამხანაგობის „ძალა ერთობაშია“ წევრთა საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო ფართის ნ. ჩ-ძის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა და სარდაფზე სახელმწიფო საკუთრების შესახებ ჩანაწერის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის „ძალა ერთობაშიას“ წევრთა საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის საოქმო გადაწყვეტილება ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹28-ში მდებარე სარდაფის ნაწილის 32,8 კვბმ ფართის ნ. ჩ-ძის საკუთრებაში გადაცემისა და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების ნაწილში, ხოლო აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჩ-ძემ და ამხანაგობა „ძალა ერთობაშიამ“ და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით ამხანაგობა „ძალა ერთობაშიას“ და ნ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადასაწყვეტი დავის სამართლებრივი შეფასება, კერძოდ დადგენილია, რომ:

ამხანაგობა „ძალა ერთობაშიას“ წევრთა საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ... ქუჩა ¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფის ნაწილი 68,0 კვ.მ-ის ოდენობით, მათ შორის სადავო 32,8 კვ.მეტრი.

ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალებით ... ქუჩა ¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში არსებული 32,8 კვ.მ ფართი (ნახაზის მიხედვით ¹17 და ¹18) ირიცხება ქ.ბათუმის მერიაზე (ს.ფ. 11).

ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული სარდაფი წლების განმავლობაში, იჯარით აღებული ჰქონდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირს, რომელშიც განთავსებული იყო საარქივო ფონდი, რაც დასტურდება საიჯარო ხელშეკრულებით.

1998 წლიდან მერიაზე რიცხული სარდაფი მისი მეიჯარის (საქართველოს არქიტექტორთა კავშირის) მიერ ქ.ბათუმის მერიასთან შეთანხმებით გადაეცა მ. ხ-შვილს, რომელიც ამ ფართს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდა და საიდანაც ნ. ჩ-ძის მოთხოვნის ეს უკანასკნელი გამოსახლებული იქნა, ხოლო სარდაფი კი 2008 წლის ივლისიდან გადაეცა ნ.ჩ-ძეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე ამხანაგობა „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე თავის განმარტებაში აღიარებდა და სადაოდ არ ხდიდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენდა მათ საკუთრებას და აღნიშნული ფართი ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹28-ში მდებარე სხვა სარდაფებთან ერთად საერთო ფართით 374,20 კვ.მ ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მონაცემებით ირიცხებოდა ბათუმის მერიის სახელზე.

პალატის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით განიკარგა ქონება, რომელიც არ წარმოადგენდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას.

პალატის განმარტებით, იმ შემსთხვევაშიც კი, თუ ამხანაგობა თვლიდა, რომ ის წარმოადგენდა სადავოდ გამხდარი ქონების მესაკუთრეს, მას მაინც არ გააჩნდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რადგან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის თანახმად ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ამხანაგობის წევრთა მიერ სახლის სამეურნეო სათავსოების ფლობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2\3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დგება შესაბამისი ოქმი. ამავე მუხლით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სათავსოები მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების საგანი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ფლობს და შესაბამისად სარგებლობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სამეურნეო სათავსოებით.

პალატის განმარტებით, საქმის განხილვისას შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურდა, რომ სადავო არასაცხოვრებელ ფართს არასოდეს ფლობდნენ ამხანაგობის წევრები, მათ შორის ნ. ჩ-ძე და ის ყოველთვის იმყოფებოდა ქ.ბათუმის მერიის სარგებლობაში. კერძოდ აღნიშნულს ადასტურებს საიჯარო ხელშეკრულებები ქ.ბათუმის მერიის მიერ ფართების განკარგვის თაობაზე. ამასვე ადასტურებს ნ. ჩ-ძის მიერ საჯარო რეესტრში სადავო ფართის თავის სახელზე აღრიცხვის შემდეგ მესამე პირის მ. ხ-შვილის ფართიდან გამოსახლებაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ამხანაგობა “ძალა ერთობაშია”.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

კასატორის განმარტებით, 2006 წლის 25 სექტემბერს ქ.ბათუმში ... ქ.¹28-ში შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძალა ერთობაშია“ რომელმაც საჯარო რეესტრში საერთო საკუთრებაში დაირეგისტრირა 1031,5 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ის ნაწილები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ იყო ამხანაგობის წევრების ინდივიდუალური საკუთრება მათ შორის სხვენები და სარდაფები. 2008 წლის 26 აპრილს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძალა ერთობაშიამ“ განკარგა მის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ის ნაწილები, რომელთა განკარგვის სამართლებრივ უფლებასაც ანიჭებდა მას საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, კერძოდ კი აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი, ჩატარდა ამხანაგობა „ძალა ერთობაშიას“ საერთო კრება და ხმათა საჭირო რაოდენობით ამხანაგობის წევრის ნ. ჩ-ძის მფლობელობაში არსებული 68 კვ.მ სარდაფი გადაეცა სარდაფის ამჟამინდელ მესაკუთრეს ნ. ჩ-ძეს.

კასატორის განმარტებით, განჩინების ¹2ბ-14-2009წ. სამოტივაციო ნაწილის მე-6 აბზაცში მითითებულია, რომ „სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავოა ის გარემოება, რომ 1998 წლიდან მერიაზე რიცხული სარდაფი მისი მეიჯარის მიერ, ქ.ბათუმის მერიასთან შეთანხმებით გადაეცა მ. ხ-შვილს, რომელიც ამ ფართს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდა“. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი, ვინაიდან განჩინებაში მითითებული არ არის ის მტკიცებულება რომელზეც ეყრდნობა სასამართლო აღნიშნული დასკვნის გაკეთების დროს და საქმეში საერთოდ არ არის აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება.

კასატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ამხანაგობა ძალა ერთობაშია“, ... ქუჩა ¹28-ში მდებარე ყველა ის უძრავი ქონება, რომელიც არ წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრებას, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში, რის დასადასტურებლადაც მათ მიერ წარდგენილი იქნა სასამართლოში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 21 აპრილის წერილი ¹22\02-2647, სადაც საჯარო რეესტრი აღნიშნავს, რომ ქ.ბათუმში ... 28-ში მდებარე ყველა უძრავი ნივთი რეგისტრირებული არის ამხანაგობა „ძალა ერთობაშიას“ საერთო საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში კი არაფერია ნათქვამი აღნიშნული მტკიცებულებების უარყოფის თაობაზე, რაც, კასატორის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონში არსებული ტერმინი ინდივიდუალური საკუთრება. ამ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს ინდივიდუალურ საკუთრებაში შეიძლება გააჩნდეს ბინა (საცხოვრებელი), ან არასაცხოვრებელი ფართი (მაღაზია, ოფისი და ა.შ.), აგრეთვე სამეურნეო სათავსო, რომელიც იმყოფება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში, ანუ სარდაფი, როგორც დამატებითი მფლობელობით მოპოვებული საკუთრება, შეიძლება იყოს მხოლოდ ამხანაგობის წევრის.

კასატორის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უფლება აქვს იჯარით გასცეს, გააქირაოს ან გაასხვისოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო უძრავი ქონება (საკუთრება). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა უფლებამოსილია წევრთა შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი ფორმით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმის დაცვით, თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-ძემ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და თუ გამოიყენა არასწორად განმარტა იგი, ამასთან სრულიად არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.

კასატორის განმარტებით, ამხანაგობა „ძალა ერთობაშია“–მ როგორც „მესაკუთრემ“ განკარგა თავის საკუთრებაში არსებული ქონება (უძრავი ნივთი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად და აღნიშნული ქონება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოქმის შედგენით ფორმით გადასცა ამავე ამხანაგობის წევრს ნ. ჩ-ძეს. სააპელაციო პალატამ კი აღნიშნული სამართლებრივი ფაქტობრივი გარემოება არ გაითვალისწინა, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი ა) ნაწილით მოცემული ცნება: თუ რა არის თვით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.

კასატორი მიიჩნევს, რომ პალატის განმარტება იმის შესახებ, რომ „დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალებით ... ქ.¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში არსებული 32,8 კვ.მ ფართი ირიცხება ქ.ბათუმის მერიაზე,-” სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და არ ეყრდნობა საქართველოს არც ერთ კანონმდებლობას, მითუმეტეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ ბაზისად გამოყენება სამართლებრივად მთლიანად გაუმართლებელია, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის სამსახური ლიკვიდირებულია. კასატორის განმარტებით, უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით და არა ლიკვიდირებული ტექნიკური აღრიცხვის საარქივო მონაცემებით.

კასატორის განმარტებით, საქმეში არ არსებობს რაიმე სახის წერილობითი შეთანხმება, ან თუნდაც თანხმობა მეიჯარესა და მოიჯარეს შორის იმაზე, რომ მ. ხ-შვილს მიეცა უფლება აღნიშნულ სარდაფში ეცხოვრა და\ან მას აღნიშნული სარდაფი ქვეიჯარით ჰქონოდა აღებული, ვინაიდან მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ ქვეიჯარის შემთხვევაში ამაზე უნდა არსებობდეს მეიჯარის წერილობითი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი, რამეთუ განჩინებაში მითითებული არ არის ის მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა სასამართლო აღნიშნული დასკვნის გაკეთების დროს.

კასატორის განმარტებით, მთელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფები ... ქ.¹28-ში საერთო ფართით 374,20 კვ.კმ ირიცხებოდა ქ.ბათუმის მერიის სახელზე ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მონაცემებით, რომელიც დღეს უკვე ლიკვიდირებულია კონკრეტული კანონის: „საქართველოს კანონი სახელმწიფო რეესტრის შესახებ მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი“ მე-4 ნაწილის საფუძველზე. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ კი „საქართველოს კანონი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომ თითქოსდა ამხანაგობის 2008 წლის 26 აპრილის კრების ¹4 ოქმით ამხანაგობამ განკარგა ქონება, რომელიც არ წარმოადგენდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას. კასატორი მიიჩნევს, რომ კანონის განმარტებისათვის სააპელაციო პალატას უნდა განეხილა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი მთლიანად და არა მხოლოდ მისი მესამე მუხლის ქვეპუნქტი „ვ“, თუმცა ამ ცალკე აღებული „ვ“ ქვეპუნქტის განმარტებაც არასწორად გაკეთდა.

კასატორის განმარტებით, იგი აღნიშნულ სარდაფს (არასაცხოვრებელ) ფართს ფლობდა შესაბამისად როგორც სარდაფს, კერძოდ წლების მანძილზე სარდაფში ინახავდა ნივთებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ყოველდღიური გამოყენების საგნებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვინმე მ. ხ-შვილს, რომელიც უკანონოდ შეიჭრა ქ.ბათუმის ... ქ.¹28-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “ძალა ერთობაშიას“ საკუთრებაში არსებული სარდაფში, რომელიც ამავე ამხანაგობამ მისივე წევრს ნ. ჩ-ძეს გადასცა ინდივიდუალურ საკუთრებაში და რომელიც (მ. ხ-შვილი) გამოსახლებული იქნა ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-2 განყოფილების გადაწყვეტილებით, წარმოეშვა სარდაფის დასაკუთრების ან\და ფლობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის საფუძველზე მფლობელიც და შესაბამისად მესაკუთრეც აუცილებლად უნდა იყოს ამხანაგობის წევრი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ქუჩიდან შეჭრილ ადამიანს ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ უძრავ ნივთზე.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატმ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების 2008 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით განიკარგა ქონება, რომელიც არ წარმოადგენდა ამხანაგობის საერთო საკუთრებას. პალატის მითითებით სადავო ფართი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მასალებით ირიცხებოდა ქ.ბათუმის მერიაზე. აღნიშნული ფართი (სარდაფი) წლების განმავლობაში გაცემული იყო იჯარით, ხოლო შემდეგ გადაეცა მ. ხ-შვილს, რომელიც ამ ფართს იყენებდა საცხოვრებელი დანიშნულებით, აღნიშნული ფართიდან მ. ხ-შვილი გამოასახლეს ნ. ჩ-ძის მოთხოვნით და დღეს ფართს ფლობს ნ. ჩ-ძე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარდაფი ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა და ეს ფართი იმყოფებოდა ქ.ბათუმის მერის მფლობელობასა და სარგებლობაში.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც მითითებულია, რომ ... ქ.¹28-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია საბინაო ამხანაგობის „ძალა ერთობაშია“ წევრთა საერთო საკუთრებად. აღნიშნული მონაცემებით ამ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებას მხოლოდ ერთი მესაკუთრე ჰყავს ამხანაგობის სახით. ხოლო შემდგომში მოხდა ამ ქონების ნაწილის განკარგვა.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელის საგანს წარმოადგენდა არა საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც ფართი აღირიცხა ამხანაგობაზე, არამედ რომლითაც დარეგისტრირდა ნ. ჩ-ძის საკუთრება. ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ არ დგება არავითარი სამართლებრვი შედეგი. ასეთი შედეგები დგება ამხანაგობის მიმართ, რომელიც წინააღმდეგია ასეთი შედეგის დადგომის.

ამდენად სასამართლოს უნდა გაერკვია მოსარჩელის რა უფლება დაირღვა სადავო ქონების მოპასუხისთვის გადაცემით და სამართლებრივად შესაძლებელია თუ არა ეს უფლება ჩაითვალოს ნამდვილ უფლებად. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე არ უმსჯელია. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. იმ შემთხვევაში კი როდესაც საჯარო რეესტრის

მონაცემებით ფიქსირებულია ამა თუ იმ პირის საკუთრების უფლება, შეუძლებელია ეს პირი მივიჩნიოთ ამ ნივთის განკარგვის უფლების არმქონე პირად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ამხანაგობას არ მიიჩნევდა მესაკუთრედ, მას უნდა ემსჯელა მტკიცებულებაზე რომელიც გამორიცხავდა ასეთი ჩანაწერის არსებობას.

აღნიშნულის გამო შეუძლებელია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მივიჩნიოთ სამართლებრივად სრული დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებად. პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ვის საკუთრებაშია დღეისათვის აღნიშნული ფართი და გაარკვიოს თუ რა ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს აღნიშნულ დავასთან მიმართებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჩ-ძის და ამხანაგობა „ძალა ერთობაშიას“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.