Facebook Twitter

ას-360-712-07 21 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი _ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2006 წლის 30 იანვარს სარჩელით მიმართა ლ. კ-მ შპს „ .. ..“ ფილიალის თბილისის ... დეპო – ...ის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, დ. კ-ე, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და იყო მის კმაყოფაზე, მუშაობდა შპს „ .. ..“ ფილიალ ... დეპო – „დ...ში“ ელმავლის ...ედ, სადაც 1985 წლის 15 ოქტომბერს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის მრავალმხრივი დაზიანება და დაკარგა შრომის უნარი 100 %-ით, რის გამოც მოპასუხე ორგანიზაცია ყოველთვიური სარჩოს სახით უნაზღაურებდა 459 ლარს გარდაცვალებამდე. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული დაავადებების შემდგომი გართულებების შედეგად დ. კ-ე გარდაიცვალა 2005 წლის 1 აგვისტოს, მოპასუხე კი არ უნაზღაურებს მოსარჩელეს, როგორც დ. კ-ის კმაყოფაზე მყოფ პირს, სარჩოს დღეისათვის ელმავლის ...ედ მომუშავე პირთა თვიური ხელფასიდან მის ხვედრით წილს. მოსარჩელემ მოითხოვა, დაეკისროს მოპასუხეს 2005 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლის ნოემბრამდე ერთდროულად 687 ლარის გადახდა, ხოლო ნოემბრიდან ყოველთვიურად 229 ლარის გადახდა, მასვე დაეკისროს დ. კ-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა მოპასუხისათვის დ. კ-ის მკურნალობის პერიოდში კვების, მედიკამენტების შეძენასა და საავადმყოფოში ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების სახით 1000 ლარის, ხოლო მიცვალებულის დაკრძალვასა და საფლავის მოწყობასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების სახით 2500 ლარის გადახდის დაკისრება. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ერთდროულად მოპასუხისათვის 6024,4 ლარის, ხოლო მომავალში ყოველთვიური სარჩოს სახით 229,5 ლარის გადახდის დაკისრება.

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 აგვისტოს საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე შპს „ .. ..“ ფილიალი ... დეპო-... შეიცვალა სათანადო მოპასუხით - შპს „ .. ..“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვალების მიზეზი გახდა ორგანიზაციაში მიღებული ტრავმა, ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა ანაზღაურუს ზიაინი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. სააპელაციო პალატამ განმარტა ზემოაღნიშნული ნორმა და მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ორგანიზაციას ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაშაკის გარდაცვალება გამოწვეულ იქნა ორგანიზაციაში მიღებული ტრავმით. სააპელაციო პალატამ ასევე, მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მიღებულ ტრავმასა და გარდაცვალებას შორის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. კ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შპს „ .. ..“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.