Facebook Twitter

საქმე №334აგ-15 4 აპრილი, 2016 წელი

კ-ა რ., 334აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის განაჩენით რ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 მარტიდან.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის განაჩენი შეიცვალა: რ. კ-სათვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 თვე და 15 დღე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წელი, 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 18 მარტიდან.

2015 წლის 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა რ. კ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული რ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის განაჩენის მიხედვით, რ. კ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა იმაში, რომ რ. კ-მ ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონოდ ტარება.

2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშულის შემადგენლობას იძლევა ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს არც წარსულში ნასამართლობას და არც ასაკს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა მოგვცა პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამ არაერთგზის, ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

ამდენად, აღნიშნული კანონის თანახმად, ვინაიდან მსჯავრდებული რ. კ-ა არ არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის და არც ადმინისტრაციულსახდელდადებული - ნარკოტიკების მოხმარებისათვის, ესე იგი მის ქმედებაში არ არის სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, წარსულში მისი ნასამართლობა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ამ ეტაპზე არ გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა განაჩენის გადასინჯვის გზით ახალ კანონთან მსჯავრდებულის ქმედების შესაბამისობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს შუამდგომლობაში არა აქვს მითითებული რაიმე ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაყენებული და დასაბუთებული, რის გამოც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ რ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და წარმოება უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ რ. კ-ს მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე