Facebook Twitter

ას-362-714-07 9 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ. ს-ი (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ფ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ის მიმართ ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების, ბეს ორმაგად დაბრუნების, მიშენების ნებართვის საფასურის, ბინის ქირის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ნ. ს-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბ.ფ-სათვის მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ს-ს ბ.ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სადავო ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯის _ 9040 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში როგორც ძირითად, ისე შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.ს-მა გაასაჩირა სააპელაციო წესით. მოცემული საქმე განხილულ იქნა არა ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოში ნ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 11 ოქტომბერს.

სასამართლო უწყება ჩაბარდა ნ.ს-ის წარმომადგენელ ა.ს-ს, ხოლო ნ.ს-სათვის გაგზავნილი უწყება სასამართლოს იმ მიზეზით დაუბრუნდა, რომ ადრესატი არ იყო სახლში და შეტყობინებაზე არ გამოცხადდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ნ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სასამართლო უწყების აპელანტის წარმომადგენელისათვის ჩაბარებისას იგი მხარისათვისაც ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ნ.ს-ი საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა ნ.ს-მა იმ საფუძვლით, რომ მას სასამართლო უწება არ ჩაბარებია, ხოლო, რაც შეეხება მის წარმომადგენელს, ა.ს-ე 2004 წლიდან მის ინტერესებს აღარ იცავს, ამდენად, არც უწყების შინაარსს მხარეს არ შეატყობინებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ.ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ს-სა და მის წარმომადგენელ ა. ს-ს სასამართლო უწყებები გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე. ნ.ს-ს უწყება ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ იგი სახლში ამ იმყოფებოდა, ხოლო ა.ს-ს უწყება ჩაბარდა პირადად 2006 წლის 13 სექტემბერს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, უწყება მხარისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლოს ა. ს-სათვის უწყება არ უნდა გაეგზავნა, რადგან ამ უკანასკნელს ადვოკატთა გამოცდა ჩაბარებული არ აქვს და სააპელაციო სასამართლოში გამოსვლა ეკრძალება, ამასთან, ა. ს-ე 2004 წლიდან მის ინტერესებს არ წარმოადგენს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.ს-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით არ უსარგებლია და სასამართლოსათვის ა. ს-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არ უცნობებია, რის გამოც მისი რწმუნებულება შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელა მხოლოდ მხარისათვის უწყების კანონის დაცვით ჩაბარების კუთხით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით არ შეამოწმა არსებობდა თუ არა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ დაარღვია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი და 241-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე იმსჯელებს მხოლოდ კასატორის მიერ მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ს-ის საკასაციო პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას არ იმსჯელა არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი და მითითებული საფუძვლების არსებობისას არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა კასატორის მითითებულ მოსაზრებებს ვერ გაითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მათი მეშვეობით რეგულირდება მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი და მართლზომიერება.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავო 2006 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ნ. ს-ი, რომლის გამოუცხადებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით განსაზღვრულ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგს უკავშირდება და მოპასუხის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი ზემოხსენებული ნორმები განსახილველ დავაზე ვერ გავრცელდება.

ამდენად, კანონი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობისას სარჩელის აღძვრის წინაპირობებისა და მისი დასაბუთებულობის შემოწმებას არ ავალდებულებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.