Facebook Twitter

#521აპ.-15 ქ. თბილისი

მ-ი ვ.-521ap.-15 4 აპრილი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით ვ. მ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. ვ. მ-მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით – 0,339 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც 2014 წლის 21 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე სგპ „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

3. აღნიშნული ქმედებისათვის ვ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 21 დეკემბრიდან; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. მ-მა. მან ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებული ვ. მ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, რადგან ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და არც მისი სპორტული ჩასაცმელის ჯიბიდან არ ამოუღიათ; მეტიც, მას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია; 2014 წლის 21 დეკემბერს იგი იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მოლაპარაკებაზე; სარფის საბაჟო პუნქტის გადმოკვეთის შემდეგ, ავტობუსის ლოდინისას, პოლიციელებმა მოსთხოვეს გაყოლა; შენობაში შესვლისას განყოფილების უფროსმა მას აჩვენა ცელოფნის პატარა პარკი „ჰეროინით“ და მოსთხოვა ამ პაკეტის დ. ჯ-ს სახლში დადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პაკეტი მისი გახდებოდა; რადგან მან აღნიშნულის გაკეთებაზე უარი განუცხადა, ამიტომ დაწერეს, თითქოს ეს ნარკოტიკული საშუალება ვ. მ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს; ამ პაკეტზე არ არის მისი თითების ანაბეჭდები; ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაამთავრა საზღვაო სასწავლებელი და აპირებდა მუშაობის დაწყებას; არ ჰყავს მშობლები; ჰყავს ერთადერთი და; დაავადებულია ტუბერკულოზით და „ცე“ ჰეპატიტით.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ვ. მ-ი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ვ. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ: მოწმეების - პ. კ-ს, გ. შ-სა და ი. ბ-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ვ. მ-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი.

3. პალატა არ ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ თითქოს ნარკოტიკული საშუალება მისგან არ ამოუღიათ, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი უტყუარადაა დადასტურებული ზემომითითებული მოწმეების ჩვენებებითა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ 2014 წლის 21 დეკემბერს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იმ სპორტული ზედა სამოსის წინა მარჯვენა ჯიბიდან, რომელიც ვ. მ-ს ეცვა, ამოიღეს მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ღია ყავისფერი, ფხვიერი ნივთიერება, რომელიც შეიფუთა და დაილუქა. ოქმში ასევე დაფიქსირებულია ვ. მ-ს განცხადება, რომ მისგან ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია ვ. მ-ს მიერ და მას ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის №… დასკვნთ კი დადგენილია, რომ ვ. მ-სგან ამოღებული ნივთიერება შეიცავს 0,339 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რაც ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის შესაბამისად, წარმოადგენს დიდ ოდენობას.

4. ამდენად, კასატორის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ვ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა„ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

6. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

8. მსჯავრდებულ ვ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

9. რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ ვ. მ-ს პიროვნების, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ვ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2014 წლის 21 დეკემბრიდან.

4. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე