ას-365-684-09 18 ივნისი 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ლ-შვილი(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –სს “.. ..”(მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება
დავის საგანი – უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება,
მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ბ. ლ-შვილმა სს „.. ..-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით უკანონოდ დარცხული თანხის ჩამოწერის ნაწილში არასათანადო მოსარჩელე ბ. ლ-შვილი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – ა. ლ-შვილით. ა.ლ-შვილის სარჩელი სს „.. ..-ის“ მიმართ თანხის ჩამოწერის შესახებ გამოიყო ცალკე წარმოებად.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა განცხადება, რომლითაც გაზარდა მოთხოვნა და დააზუსტა გარემოებები. მან მიუთითა, რომ აქვს საცხოვრებელი სახლი ქ.თბილისში, ... ქ.¹21-ში, რომელიც საცხოვრებლად უვარგისია, რის გამოც ამჟამად ცხოვრობს შვილთან ... ქ.¹31-ში. 2007 წლამდე, ვინაიდან ... ქ.¹21-სა და ... ქ.¹31-ში მდებარე ბინებში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, ის ცხოვრობდა ქ.თბილისში ... გამზ. ¹92-5-ში და ელექტროენერგიის გადასახადსაც რეგულარულად იხდიდა აღნიშნულ მისამართზე. როცა მათ საცხოვრებელ სახლს ... ქ.¹31-ში ხანძარი გაუჩნდა დენის გამანაწილებელი კიოსკიდან, მოპასუხე ორგანიზაციამ მათ გარკვეული ზიანი აუნაზღაურა, თუმცა შემდეგ სხვა მეთოდით გადაწყვიტა ამ თანხის ამოღება და უკანონოდ დაარიცხა ელ.ენერგიის გადასახადი ... ქ.¹21-ში 1722 ლარის ოდენობით, ხოლო ... ქ.¹31-ში – 2700 ლარის ოდენობით, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება, ვინაიდან იქ სადაც ცხოვრობდა და ცხოვრობს, ელ.ენერგიის გადასახადს ყოველთვის იხდიდა და დავალიანება არ გააჩნია. გარდა ამისა, მას ... ქუჩაზე მდებარე ბინაში გაუთიშეს ელ.ენერგია, ვიდრე მათთვის სასარგებლო ხელშეკრულებები არ გააფორმებინეს. ვინაიდან მას უკანონოდ არ მიეწოდებოდა ელ.ენერგია 2007 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე. მიადგა 1000 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი, ამასთანავე განიცადა სულიერი და ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ა. ლ-შვილის სარჩელზე სს „.. ..-ის“ მიმრთ თბილისში, ... ქ.¹21-ში უკანონოდ დარიცხული ელ.ენერგიის გადასახადისაგან (1722 ლარი) გათავისუფლებისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ლ-შვილის სარჩელი თბილისში, ... ქ.¹31-ში მდებარე ბინაზე უკანონოდ დარიცხული ელ. ენერგიის გადასახადისაგან გათავისუფლებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ლ-შვილმა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ა. ლ-შვილი. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ლ-შვილის წარმომადგენელმა ელენე გოგებაშვილმა საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის განჩინებით ა. ლ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ა. ლ-შვილის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომის 2009 წლის 14 იანვარს 1400 საათზე.
აპელანტს, ა. ლ-შვილს, სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული იქნა დაუსწრებელიდ გადაწყვეტილება ა. ლ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრება ვერ მოხერხდა მოსამართლის თანაშემწის არასწორი ინფორმაციის გამო, კერძოდ მისი განმარტებით 2009 წლის 14 იანვარს 13 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა გამოცხადების შესახებ. თანაშემწემ უთხრა, რომ ა. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი 2008 წლის დეკემბერში განხილული იქნა ზეპირი განხილვის გარეშე. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დრო და ადგილი, კერძოდ მას ეცნობა, რომ სხდომა გაიმართებოდა ¹6 დარბაზში და შესაბამისად, წარმომადგენელი ვალდებული იყო დანიშნულ დროსა და ადგილას გამოცხადებული და მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის განმარტებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ლ-შვილმა.
კასატორის განმარტებით, 2009 წლის 2 მარტის განჩინება უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მათი სასამართლო სხდომაზე დაბარება- შეტყობინება არ მოახდინა საპროცესო კოდექსის თანახმად, კერძოდ არ აცნობა მათ დარბაზი, სადაც უნდა ჩატარებულიყო სასამართლო სხდომა და მათი დასწრება საქმის განხილვაზე ვერ მოხერხდა მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდნენ სააპელაციო სასამართლოში.
კასატორის განმარტებით, მათ მართალია აცნობეს, რომ სასამართლო სხდომა გაიმართებოდა 2009 წლის 14 იანვარს 14 საათზე მოსამართლე ნ.ნაზღაიძესთან, მაგრამ როდესაც გამოცხადდნენ სააპელაციო სასამართლოში 13 საათზე, დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს და ჰკითხეს თუ რომელ საათზე და რომელ დარბაზში შედგებოდა საქმის განხილვა, თანაშემწემ განუცხადა, რომ იმ დღეს მოსამართლეს ნაზღაიძეს არანაირი საქმის განხილვა ა. ლ-შვილის საქმის არ ჰქონდა. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული საქმე ზეპირი განხილვის გარეშე ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში განიხილეს. 3-4 დღის შემდეგ კი, კასატორის განმარტებით, მათ მიიღეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ ა. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
კასატორის განმარტებით, 2009 წლის 2 მარტის სხდომაზეც სასამართლომ დაადგინა, რომ 14 იანვარს ისინი ნამდვილად იყვნენ სააპელაციო სასამართლოს შენობაში, რაც დაფიქსირებულია დაცვის სამსახურში. თუმცა სასამართლომ მათ უთხრა, რომ მოსამართლის თანაშემწისათვის არ უნდა დაეჯერებინათ და დარბაზებში მოეძებნათ სხდომა. ზ/აღნიშნულ ქმედებას კასატორი უკანონოდ და აღმაშფოთებლად მიიჩნევს.
კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის განჩინებისა და 2009 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ლ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ა. ლ-შვილის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2009 წლის 14 იანვარს 14:00 საათზე.
ა. ლ-შვილს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 20).
საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ მისმა წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხეს მოსამართლის თანაშემწის არასწორი ინფორმაციის გამო, სააკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნული გარემოებების დაუდასტურებლობის მოტივით.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმე განიხილებოდა 2009 წლის 14 იანვარს 14:00 საათზე, ¹6 დარბაზში. შესაბამისად მხარე ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომის დარბაზში დანიშნულ დროსა და ადგილას. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი კი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათსავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების არცერთ საფუძველს. ა. ლ-შვილს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის ადგილისა და დროის შესახებ. მას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, შესაბამისად მისი გამოუცხადებლობა ვერ იქნება საპატიოდ მიჩნეული.
საკასაციო პალატა თვლის რომ საპელაციო სასამართლომ ა. ლ-შვილს სწორად უთხრა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:^^
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ აP:
ა. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 მარტის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.