Facebook Twitter

¹ას-365-716-07 18 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “წ...ს” დირექტორის მ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “ო...ს” სარჩელის გამო მოპასუხე შპს “წ...ს” მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვის შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “წ...ს” დირექტორის მ. ე-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით შპს “წ...ს” დირექტორს მ. ე-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. (ს.ფ. 94-95).

2007 წლის 25 მაისს მ. ე-მ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მძიმე ფინანსურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის მიცემული საპროცესო ვადის ერთი თვით გაგრძელება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 3 დღით (ს.ფ. 99--100). აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 101-102). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 11 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “წ...ს” დირექტორის მ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.