Facebook Twitter

ას-366-685-09 14 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ დ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მ. ფ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 16 თებერვალს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. კ-მ მოპასუხე მ. ფ-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 2 014 ლარის ოდენობით, მათ შორის, პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად _ 1864 ლარი, სპეციალისტისათვის გადახდილი 100 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

სასარჩელო განცხადებიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოდავე მხარეები ცხოვრობენ თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე კორპუსში. მოსარჩელის ბინა განთავსებულია მე-2 სართულზე, ხოლო მოპასუხის _ მე-3 სართულზე. მხარეები არიან აღნიშნული ბინების მესაკუთრეები.

მოსარჩელის მითითებით, 2005 წლის 22 იანვარს 23.30 საათზე მისი ბინის ჭერიდან ჩამოვიდა წყალი. დ. კ-მ დაუყოვნებლივ მიმართა თბილისის საპატრულო პოლიციას. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც დაინახეს, რომ წყალი ჩადიოდა მოპასუხის ბინიდან.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიზეზით მან მიიღო ზიანი, რაც გამოიხატებოდა იმ თანხაში, რაც ესაჭიროებოდა ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას და რაც იუსტიციის სამინისტროს ... ცენტრის სპეციალისტის ცნობით შეადგენდა 1864 ლარს. ამასთან, სპეციალისტის სამუშაოებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი იყო 100 ლარი.

სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (ტომი I, ს.ფ. 4-5).

“რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც ჩამოყალიბდა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები _ ადმინისტრაციულ საქმეთა, სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამზადებელ სხდომაზე მ. ფ-მ (წარმომადგენელი დ. გ-ა) იშუამდგომლა საქმეზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნა (ტომი I, ს.ფ. 28-29).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა (ტომი I, ს.ფ. 30-31).

დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს 2005 წლის 18 აგვისტოს აქტის თანახმად, საკვლევი ობიექტების შესწავლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ექსპერტის ადგილზე მისვლის პერიოდისთვის დ. კ-ს ბინა უკვე გარემონტებული ჰქონდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, თუ სად და რა სახის დაზიანებები იყო გამოწვეული წყლის ჩამოსვლის შედეგად მოსარჩელის ბინაში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა სახის, მოცულობის და ღირებულების სამუშაოების ჩატარება იქნებოდა საჭირო დაზიანებების აღმოსაფხვრელად; ადგილზე რამდენჯერმე მისვლის მიუხედავად ვერ მოხერხდა მ. ფ-ს ბინის დათვალიერება და შესწავლა; მისი ბინაში არყოფნის გამო შეუძლებელი იყო იმის დადგენა, მ. ფ-ს ბინაში წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობა შეესაბამებოდა თუ არა საინჟინრო-ტექნიკური თვალსაზრისით დადგენილ ნორმებს და წესებს ან იყო თუ არა წყლის ჩამონადენით გამოწვეული რაიმე დაზიანებები მის ბინაში (ტომი I, ს.ფ. 32-34).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ფ-ს დაეკისრა 1864 ლარის გადახდა, მასვე დ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გაღებული სასამართლო ხარჯების _ 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და სპეციალისტის დასკვნის შედგენისთვის გაწეული 100 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია 2005 წლის 22 იანვარს მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინების და ამ მიზეზით დ. კ-ის საცხოვრებელი ბინის დაზიანების ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა თავად მ. ფ-ს ახსნა-განმარტებასა და მოწმედ დაკითხული პირის ჩვენებაზე.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ფ-ს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ბინა დაზიანდა დ. კ-ის სახლის ჭერში მის მიერვე გაყვანილი მილიდან გამოჟონილი წყლით. რამდენადაც მ. ფ-მ განმარტა, რომ იგი არ იყო ნამყოფი მოსარჩელის ბინაში, ცხადია, მას ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ ბინაში არსებული კომუნიკაციების მდებარეობის შესახებ.

მოწმე კ. ს-ის ჩვენებით ირკვეოდა, რომ დ. კ-ს ბინის ჭერში წყალგაყვანილობა მოწყობილი არ ჰქონდა, ხოლო წყლის მიერ დაზიანდა ძირითადი ოთახის ცენტრალური ნაწილი, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ბინაში არსებული დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის ბინიდან ჩამოსული წყლის ზემოქმედებით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ მოპასუხემ, როგორც მრავალბინიანი სახლის ბინის მესაკუთრემ, სათანადოდ ვერ უზრუნველყო მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინის ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ არ დარღვეულიყო მეზობლად მცხოვრები მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რაც გამოიხატა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის დაზიანებაში.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ დადგენილი არ იყო მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინების კონკრეტული მიზეზი, მოპასუხის ქმედება წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლით გათვალისწინებული ბინის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების ვალდებულების დარღვევას და შესაბამისად, ბრალეულ ქმედებას.

მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურდებოდა, თუ არსებობდა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: სახეზე უნდა ყოფილიყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი, ზიანის დადგომაში ზიანის მიმყენებლის ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებულიყო მიზეზობრივი კავშირი.

რამდენადაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ბინიდან ჩადინებული წყლის ზემოქმედების შედეგად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას შორის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხის პასუხისმგებლობის ყველა პირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სპეციალისტის ცნობაში მითითებული დ. კ-ის ბინაში არსებული დაზიანებების შესაკეთებლად საჭირო თანხის ოდენობის სისწორე (ტომი I, ს.ფ. 113-116).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ-მ მისი ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლის და ამ მიზეზით ბინის ჭერის დაზიანების ფაქტი თავად აღიარა. სასამართლო მოცემული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას ასევე არასწორად დაეყრდნო მოწმის ჩვენებას. ზემოაღნიშნული არ იყო საკმარისი ბინაში ჭერის დაზიანების ფაქტის დასადგენად.

აპელანტის მითითებით, მოსარჩელეს ჭერის დაზიანების შემთხვევაში (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი) უნდა გამოეძახა შესაბამისი სამსახური და დაეფიქსირებინა მომხდარი ფაქტი, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ჭერი დაზიანდა ზემოდან ჩამოსული წყლის შედეგად, არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით.

აპელანტმა არასწორად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სპეციალისტის ცნობაში მითითებული დ. კ-ის ბინაში არსებული დაზიანების შესაკეთებლად საჭირო თანხების ოდენობის სისწორე. სინამდვილეში მოპასუხემ თავის დროზე უარყო დასახელებული მტკიცებულება, მაგრამ სასამართლომ მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. იმისათვის, რომ სასამართლოს გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და დაეკისრებინა მოპასუხისათვის თანხის გადახდა, ჯერ უნდა დაედგინა დამდგარი ზიანი, შემდეგ კი მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, რაც არ დასტურდებოდა არც ერთი მტკიცებულებით, გარდა მოსარჩელის მიერ მოყვანილი მოწმის ჩვენებისა. ამდენად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგომისათვის არ არსებობდა მისი მთავარი შემადგენელი ნაწილები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი I, ს.ფ. 135-144).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: დ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიერ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დ. კ-ე და მ. ფ-ა ცხოვრობენ თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე ერთსა და იმავე კორპუსში. მოსარჩელის ბინა მდებარეობს მე-2 სართულზე, ხოლო მოპასუხის ბინა _ მე-3 სართულზე. იმავდროულად მხარეები არიან აღნიშნული ბინების მესაკუთრეები;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 2007 წლის 3 აგვისტოს მიწერილობით თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე არსებული გარემოების ამსახველი აქტი არ შეუდგენიათ. შესაბამისად, ცალსახად არ დგინდება, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას ჰქონდა ადგილი შემთხვევის ადგილას;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს 2005 წლის 1 თებერვლის სპეციალისტის ¹... ცნობით დგინდება, რომ 2005 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის ... ბიუროს კერძო განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე ¹5 დ. კ-ის საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩასვლის მიზეზისა და მიყენებული დაზიანების აღსადგენად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა;

სპეციალისტის ზემომითითებულ ცნობაში აღნიშნულია: დ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჰოლის მიმდებარე ¹1 ოთახში ჩამოსულია წყალი, ჩამოსვლის მიზეზის დადგენა დღეის მდგომარეობით შეუძლებელია, რადგან ზედა სართულზე კომუნიკაციები დათვალიერების პერიოდისათვის იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. ზედა სართულიდან წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანებულია ¹1 ოთახის ჭერი და იატაკი, ჭერზე გაკრულია ბიაზი, რომელიც ჩამოხეულია და ეტყობა წყლის ჩამოსვლის კვალი, რის გამოც მოითხოვს შეცვლას. აგრეთვე ოთახში დაზიანებულია პარკეტის იატაკი, რომელსაც წყლის ზემოქმედების შედეგად მიღებული აქვს დეფორმაცია. სპეციალისტის მითითებით, ზემოაღნიშნულ დაზიანებათა აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 1864 ლარი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს 2005 წლის 18 აგვისტოს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტით დასტურდება, რომ ვერ მოხერხდა მოპასუხის ბინის დათვალიერება მისი არყოფნის გამო, რის გამოც შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, მოპასუხე მ. ფ-ს ბინაში წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობა შეესაბამებოდა თუ არა საინჟინრო-ტექნიკური თვალსაზრისით დადგენილ ნორმებსა და წესებს, ან იყო თუ არა წყლის ჩამონადენით გამოწვეული რაიმე დაზიანებები მის ბინაში;

საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა კ. ს-ი (პირი, რომელმაც წყლის ჩამოსვლის ფაქტის გამო მოსარჩელის სახლში ჩაატარა რემონტი). მისი განმარტებით, დ. კ-ს არავითარი წყალგაყვანილობა არ ჰქონდა გაკეთებული ჭერში, მას ცალკე ჰქონდა კომუნიკაცია შეყვანილი. სავარაუდოდ წყალი ჩამოსული იყო ზედა სართულიდან, ვისგან ჩავიდა ვერ დაადასტურა, შეიძლებოდა აბაზანაში დარჩენოდა ვინმეს წყალი, რომელმაც იდინა და დ. კ-ის ბინაში ჩააღწია;

ამავე სხდომაზე სპეციალისტის სახით დაიკითხა ა. ჭ-ი. მისი განცხადებით, იგი იმყოფებოდა დ. კ-ის ბინაშიც და მ. ფ-ს ბინაშიც. აღნიშნა, რომ მოსარჩელის ბინაში წყალი ზედა სართულიდან იყო ჩასული, მაგრამ კონკრეტულად ვისგან, ამის დადგენა შეუძლებლად მიიჩნია იმის გამო, რომ იმ პერიოდისათვის მოპასუხის ბინაში კომუნიკაციები გამართული იყო. კითხვაზე: გარდა მოპასუხის ბინისა, წყალი შესაძლებელი იყო თუ არა მოსარჩელის ბინაში გაჩენილიყო სხვა გზით, სპეციალისტმა აღნიშნულის დადგენა შეუძლებლად მიიჩნია და განმარტა: წყალი ისეთი რამაა, შეიძლება მზიდ კედელს გამოყვეს, შეჩერდეს სადმე და ჩამოვიდეს ერთიანად. გარდა ამისა, სპეციალისტმა მიუთითა, რომ წყლის ჩამოდინების მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ზედა სართულზე კომუნიკაციები დათვალიერების პერიოდისათვის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურდებოდა, თუ არსებობდა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: ზიანი, ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი. ამდენად, პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა, ანუ მნიშვნელოვანი იყო ზიანის მიმყენებელი სუბიექტის, მოქმედებისა და ბრალეულობის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არც ექსპერტთა განმარტებით და არც სპეციალისტთა ჩვენებებით ცალსახად არ დასტურდებოდა, ჰქონდა თუ არა ადგილი მ. ფ-ს სახლიდან ქვედა სართულზე მოსარჩელის ბინაში წყლის ჩამოსვლას მოპასუხის მიზეზით და იყო თუ არა უშუალოდ, მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში არსებული კომუნიკაციების ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი ქვედა სართულზე წყლის ჩადინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი პირობა _ ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელი იყო, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან დადასტურებული არ იყო მოპასუხის ბრალი დამდგარ შედეგთან მიმართებაში (ტომი II, ს.ფ. 36-43).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 219-ე, 408-ე და 409-ე მუხლები, რომელთა ძალით ბინის მესაკუთრე მ. ფ-ა მოვალე იყო, არ შეელახა ბინის მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიეყენებინა მისარჩელისათვის ზიანი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ზიანის მიყენება მოპასუხის კომუნიკაციების ტექნიკური გაუმართაობით მოხდა, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით. ფაქტია, რომ მ. ფ-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან ჩამოსული წყლის ნაკადით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზარალი, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა.

კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა გამოძახება მოხდა დ. კ-ის ბინაში წყლის ჩამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა იმის გამო, რომ მითითებული ფაქტის გამორკვევა არ შედიოდა მათ სამსახურებრივ მოვალეობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქტი არ შეუდგენიათ. ამის შემდგომ დ. კ-მ მიმართა იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს, რომლის სპეციალისტის ¹... ცნობით დადგინდა მ. ფ-ს საცხოვრებელი ბინიდან მის საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩამოსვლის ფაქტი, ზიანის მიყენება და მის აღმოსაფხვრელად ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარემ სადავო გახადა ექსპერტის ცნობისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების საკითხი. ასეთ ვითარებაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 134-ე მუხლების მოთხოვნებით, რაც მას არ განუხორციელებია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ექსპერტიზა დანიშნული იყო მოწინააღმდეგე მხარის Dშუამდგომლობით. მ. ფ-ა, როგორც ინიციატორი მხარე, რომელიც თავად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ექსპერტიზის შედეგით, რამდენჯერმე მისვლის მიუხედავად ექსპერტს ბინაში არ დახვდა, რამაც ექსპერტის მიერ დასკვნის შედგენის შეუძლებლობა განაპირობა.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 219-ე, 316-ე, 317-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, რაც დ. კ-ესთან მიმართებით დარღვეულია.

კასატორის აზრით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას სრულიად ცხადყოფს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება, იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს სპეციალისტის ცნობა, ამავე ბიუროს ექსპერტის აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, ექსპერტის ჩვენება. მისივე განმარტებით, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებისათვის არ არის აუცილებელი სხვა კომპონენტებთან (მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) ერთობლიობაში ბრალის არსებობა. დელიქტური სამართალი იცნობს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, ასეთს განსაკუთრებით ადგილი აქვს ე.წ. საფრთხის დელიქტებში, როდესაც ზიანი მიყენებულია კომუნიკაციების ნებისმიერი საშუალებით (ელექტროობა, წყალი, გაზი და ა.შ.), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა (ტომი II, ს.ფ. 47-55).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულია გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, კერძოდ, გადაწყვეტილება გამოტანილია მხარეთა მტკიცების ტვირთის არასწორი გადანაწილებისა და შეფასების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. კ-ე და მოპასუხე მ. ფ-ა ცხოვრობენ თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე ერთსა და იმავე კორპუსში შესაბამისად მე-2 და მე-3 სართულებზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ბინაში ჩამოვიდა წყალი ზემოდან, ამის შედეგად ჩამოიხა ოთახის ჭერზე გაკრული ბიაზი, დაზიანდა პარკეტის იატაკი, რომელმაც მიიღო დეფორმაცია. წყლის ჩასვლის შედეგად დ. კ-ის ოთახში დაზიანდა არა გარე კედელი, არამედ _ შუა ნაწილი და გვერდითა კედელი. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოთახის ზემოთ, საიდანაც წყალი ჩამოვიდა, მდებარეობს მოპასუხის ბინა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, რამდენადაც მოპასუხის ბრალით მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლა ექსპერტისა და სპეციალისტის ჩვენებით ცალსახად არ დასტურდება, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საყურადღებოა, რომ მითითებული მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება არც გამოირიცხება. ამასთან, სპეციალისტის ჩვენებაში საუბარია იმაზე, რომ ზედა სართულზე კომუნიკაციები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო სპეციალისტის მიერ დათვალიერების პერიოდისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის მნიშვნელობა აქვს აღნიშნული კომუნიკაციების მდგომარეობას ზიანის მიყენების მომენტში. გარდა ამისა, ისინი მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულებაა საქმეზე, რომლებიც შეფასებას ექვემდებარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, სრულად გაათავისუფლა თავისი წილი მტკიცების ტვირთისაგან მოპასუხე და აღნიშნული ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს დააკისრა, რამაც მტკიცების ტვირთის არასწორი გადანაწილების შედეგად გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ უარყოფს მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლას ზემოდან, სადაც მისი ბინა მდებარეობს და ამით ზიანის მიყენებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში მოპასუხემ, თავისი წილი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, სარწმუნოდ უნდა დაამტკიცოს, რომ წყალი მისი ბინიდან არ ჩასულა და უნდა დაადასტუროს წყლის ჩასვლის სხვა გზების არსებობა მოცემულ შემთხვევაში.

მხოლოდ ორივე მხარის მიერ მათი წილი მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრის, ამ ტვირთის მათ მიერ გაწევის საკითხის სწორად შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი გაირკვეს, არის თუ არა სახეზე სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.