Facebook Twitter

¹ას-366-717-07 13 ივლისი,2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. ცისკაძე, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ვ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2007 წლის 6 მარტის განჩინება

დავის საგანი - რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 14 აპრილს ნ. ვ-მა სარჩელი აღძრა ს. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის დაკისრებული ზიანის - 1188 ლარის ს. ბ-ის მიერ რეგრესის წესით ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

2005 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელე ნ. ვ-ი საძოვარზე ნახირს მწყემსავდა. მოსარჩელემ ნახირი ხეების ჩრდილქვეშ გარეკა, მოულოდნელად ხე წაიქცა და ო. ა-ის კუთვნილი ძროხა მოიყოლა. ო. ა-მა ყვარლის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ს. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანის - 1188 ლარის გადახდა, ვინაიდან ხე სწორედ მისი ბრალით წაიქცა, იგი წლების განმავლობაში ხის მასალას ამზადებდა, რისთვისაც ხეებს ჭრიდა. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე ნ. ვ-ი მესამე პირად იყო ჩართული, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ყვარლის რაიონულმა სასამართლომ უტყუარად მიიჩნია, რომ ს. ბ-ი ფსიქიკურად იყო ავად, რაც, სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო. ა-სა და ნ. ვ-ს შორის მიბარების უსასყიდლო ხელშეკრულება არსებობდა. ამავე პალატამ 2003 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და ნ. ვ-ს ძროხის მესაკუთრე ო. ა-ის სასარგებლოდ 1188 ლარის გადახდა დააკისრა.

მოსარჩელე ნ. ვ-მა სარჩელში რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიუთითა, რომ ს. ბ-მა მოცემულ შემთხვევაში უხეში გაუფრთხილებლობა გამოიჩინა, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ტერიტორია საძოვრად გამოიყენებოდა, შესაბამისად, ძროხა ს. ბ-ის გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად მოკვდა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც მასვე ეკისრებოდა. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს. ბ-ს მოსარჩელე ნ. ვ-ის სასარგებლოდ 1188 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრა მოპასუხე ს. ბ-ის წარმომადგენელმა ზ. ბ-მა. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით მოპასუხე ს. ბ-ის წარმომადგენლის – ზ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2005 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა განახლდა. საბოლოოდ, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა და ს. ბ-ს 1188 ლარის გადახდა დაეკისრა.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-ის წარმომადგენელმა ზ. ბ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ბ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილება. ს. ბ-მა აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივარი შეიტანა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განჩინებით ამავე პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მომჩივნის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი, რომლის თანახმადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები, ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, პალატის მითითებით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ჩამონათვალი ამომწურავია და მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება, იმასთან დაკავშირებით, რომ რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებული არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ვერ გახდება სარჩელზე უარის თქმისა და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის წინაპირობა;

2. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სასამართლოს სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო როგორც აპელანტის წარმომადგენლისათვის, ისე თვით აპელანტისათვის. მათი გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-მა. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორის მითითებით არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი კი არ იძლევა ყველა იმ შემთხვევის ამომწურავ ჩამონათვალს, როცა კი შესაძლებელია საქმის შეწყვეტა. კასატორის განმარტებით, ერთ-ერთ ასეთ პირობად მიჩნეულ უნდა იქნას ის გარემოება, რომ არ არსებობს რომელიმე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მას (კასატორს), როგორც სოლიდარულ მოვალეს, ნ. ვ-თან ერთად დაეკისრებოდა ზიანის ანაზღაურება ო. ა-ის სასარგებლოდ, რის საფუძველზეც, სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად, ნ. ვ-ს უკუმოთხოვნის (რეგრესის) უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობოდა, თუ ნ. ვ-ი სოლიდარულ ვალდებულებას მარტო თვითონ შეასრულებდა, შესაბამისად, ნ. ვ-ის სარჩელი სასამართლო უწყებას არ ექვემდებარებოდა და სასამართლოს წარმოებაში არ უნდა მიეღო, მაგრამ რაკი მიიღო, უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

2. კასატორის მითითებით, იგი ფსიქიკურად ავადაა, რის გამოც დანიშნული აქვს პენსია. კასატორის გარიგებით წარმომადგენელს 2006 წლიდან შეწყვეტილი აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების უფლება, ვინაიდან არ გაიარა ადვოკატთა ტესტირება. აღნიშნული ფაქტი წარმომადგენელმა თავის მარწმუნებელს არ შეატყობინა, რის გამოც კასატორმა ს. ბ-მა საქმეში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სარჩელის აღძვრის წინაპირობების ამომწურავ ჩამონათვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ: ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს; ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; ვ) სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ზ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე; თ) მოსარჩელემ არ შეავსო სასამართლოს მიერ მითითებული სარჩელის ხარვეზი. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელის აღძვრის წინაპირობად არ მიიჩნევს ამ თუ იმ კონკრეტული დავის მოსაგვარებლად მატერიალურსამართლებრივი ნორმის არსებობას ან არარსებობას. აღნიშნული საკითხი არ იხილება სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე, იგი საქმის არსებითად განხილვის საგანი და დავის გადაჭრის მატერიალურსამართლებრივი საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ვერცერთ წინაპირობაზე. იგი სარჩელზე უარის თქმის წინაპირობად აღნიშნული დავის მოსაგვარებლად მატერიალურსამართლებრივი ნორმის არარსებობას მიიჩნევს. კერძოდ კი, კასატორი სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე პალატის 2007 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის არსებობის შემთხვევაში რეგრესის წესით უკუმოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს და უკუმოთხოვნის უფლების მქონესათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ყვარლის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის პირველი თებერვლის განჩინებით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ო.ა-ის ძროხა ს. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მოკვდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება აპელანტ ს. ბ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელ ზ ბ-ს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ს. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება მიბარების ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად ნ. ვ-ს დაეკისრა. ამდენად, ნ. ვ-სათვის ზიანის მიყენება, რაც მისთვის სასამართლო წესით ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებაში გამოიხატა, ს. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ს. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ნ. ვ-სათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივ კავშირს თვალნათელს ხდის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კი შეიძლება გამოიხატოს მიყენებული ზიანის ფულად ანაზღაურებაში, ნატურით გადახდაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში და ა. შ. რეგრესის წესით ფულადი თანხის უკუმოთხოვნა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი ფორმაა და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან მომდინარეობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არსებობა ან არარსებობა სარჩელის აღძვრის წინაპირობად ვერ განიხილება, ამიტომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლისა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, უფრო მეტიც, ნორმის არსებობა ან არარსებობა სარჩელის აღძვრის წინაპირობადაც რომ მიჩნეულიყო, აღნიშნული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა, ვინაიდან რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს.

საკასაციო პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია ასევე კასატორის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, ვინაიდან მის მარწმუნებელს ადვოკატის ტესტირება ჩაბარებული არ ჰქონდა, რის შესახებაც იგი ინფორმირებული არ იყო და ამიტომ, ახალი კანონიერი წარმომადგენლის აყვანა ვერ შეძლო. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, უშუალოდ აპელანტსაც ეუწყა, რაც მას სასამართლო სხდომაზე პირადად გამოცხადებისა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას აძლევდა. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეტანილ საჩივართან დაკავშირებით გამართულ სასამართლო სხდომაზე, საჩივრის ავტორ ს. ბ-ს კანონიერი წარმომადგენელი ზ. ბ-ი წარმოადგენდა, რომელმაც 2007 წლის 6 მარტს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოობა აღიარა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთ საფუძვლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობა მიიჩნია.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მისი სულით ავადმყოფობით გამოწვეულ საპროცესო ქმედუუნარობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნულს სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს, ვინაიდან ქმედუუნარობა უნდა დადგინდეს სასამართლოს მიერ. ქმედუუნარო პირთა უფლებებს სასამართლოში იცავენ მათი კანონიერი წარმომადგენლები – მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და არა გარიგებითი წარმომადგენლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2007 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე, მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2007 წლის 6 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.