¹ას-367-617-08 27 ნოემბერი, 2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ. თ-იძე
წარმომადგენელი _ გ. კ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-აძე
წარმომადგენელი _ რ. ც-აძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 11 ივლისს გ. დ-აძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ინდ. ბინათმშენებლობის გამგეობის თავმჯდომარე ტ. თ-იძის მიმართ, მესამე პირი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება შეასრულოს 1990 წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების პირობები, ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს ბათუმში, ......... ქ. ¹64-65-ში მშენებარე მრავალბინიანი სახლის მე-2 სადარბაზოს მეორე სართულზე არსებული ხუთოთახიანი ბინა _ ფართით 120 კვ.მ და საჯარო რეესტრში წინასწარი ჩანაწერის განხორციელება სამომავლო უფლების უზრუნველსაყოფად შემდეგი საფუძვლებით: ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 5 დეკემბრის ¹1131 გადაწყვეტილებით ბათუმის მოქალაქეთა ერთ ჯგუფს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, რომელთა შორის გ. დ-აძეც იყო, გამოეყოთ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი. 1990 წლის 18 დეკემბერს გ. დ-აძესა და კოოპერატივ “კ-ას” შორის გაფორმდა ნარდობის ხელშკერულება, რომლის თანახმად, კოოპერატივი ააშენებდა და მშენებლობის შემდეგ გადასცემდა საცხოვრებელ სახლს ბინათმშენებლობის წევრებს. ხელშეკრულების თანახმად, ბინის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 1991 წლისათვის, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა ორ და სამოთახიანი ბინებისათვის შესაბამისად 28000 და 35000 მანეთი, თავდაპირველად 50%, ხოლო დანარჩენი თანხა თვის ბოლომდე.
მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შეიტანა მთლიანი საფასური 35 000 მანეთი. იმის გამო, რომ მშნებელობა შეჩერდა გაურკვეველი ვადით, ბინათმშენებლობის წევრები 1995 წლის 23 აგვისტოს შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება მშენებლობის გაგრძელების მიზნით, შეეტანათ დამატებითი შენატანები. გ. დ-აძემ დამატებით შეიტანა 400 აშშ დოლარი, 2400 აშშ დოლარის ღირებულების 4 ტონა კარბიტი და 100 აშშ დოლარი., რის შემდეგაც მშენებლობა განახლდა. 2001 წელს, მშნებლობის დასრულების შემდეგ მოსარჩელემ შეთანხმებისა და ხელშეკრულების შესაბამისად, მოითხოვა მისთვის სამოთახიანი ბინის გამოყოფა. მასზე გათვალისწინებული ბინა ტ. თ-იძემ გაასხვისა და შესთავაზა იმავე სახლის, მეორე სადარბაზოში, მეორე სართულზე 5 ოთახიანი ბინა ფართით 120 კვ.მ, ფართის სხვაობის ღირებულების დამატებით.
გ. დ-აძემ განმარტა, რომ ტ. თ-იძემ 2003 წელს ბინათმშენებლობის წევრების გვერდის ავლით ჩამოაყალიბა შპს “ე-ა”, რომელიც შემდგომ გახდა კოოპერატივ “კ-ისა” და ინდ. ბინათმშენებლობა “ზ-ის” სამართალმემკვიდრე და დაიწყო წევრებისათვის განკუთვნილი ბინების სხვა პირებზე გადაცემა.
გ. დ-აძემ მისთვის განკუთვნილ ხუთოთახიან ბინაში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ტ. თ-იძემ ხელის შეშლა გადაწყვიტა, რის გამოც მათ შორის მოხდა კონფლიქტი და საქმეში ჩაერთო პოლიცია. გამომძიებელთან მიცემულ ჩვენებაში, მოსარჩელის განმარტებით, ტ. თ-იძემ მთლიანად აღიარა 1990 წელს აღებული ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. დ-აძემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება შეასრულოს 1990 წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულბის პირობები, ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს ბათუმში, ......... ქ. ¹64-65-ში მშენებარე მრავალბინიანი სახლის მე-2 სადარბაზოს მეორე სართულზე არსებული ხუთოთახიანი ბინა _ ფართით 120 კვ.მ.
რაც შეეხება თავდაპირველად სარჩელში მითითებულ მოთხოვნას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ განეხორციელებინა წინასწარი ჩანაწერი აღნიშნულ ბინაზე, გ. დ-აძემ აღნიშნულ ნაწილში გამოიხმო სარჩელი, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით მითითებულ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით გ. დ-აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-აძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ ტ. თ-იძის დავალდებულება შეასრულოს 1990 წლის 18 დეკემბერს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს ......... ქ. 64/65-ში მშენებარე მრავალბიანიანი სახლის მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე არსებული ხუთოთახიანი ბინა ფართით 120 კვ.მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-აძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალ გადაწყვეტილება, გ. დ-აძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ტ. თ-იძეს აეკრძალა გ. დ-აძისათვის ბათუმში, ......... ქ. 64/65-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართით სარგებლობაში ხელშეშლა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 5 დეკემბრის @1131 გადაწყვეტილება, გაუქმებული არ არის და შესაბამისად, გ. დ-აძე სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია;
ამასთან, 1990 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯერ შესრულებული არ არის, მისი შესრულება გრძელდება და მხარეები ხელშეკრულებიდან არ გასულან და არც მოუშლიათ იგი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც მენარდის წარმომადგენელი და, მითუმეტეს არც როგორც ფიზიკური პირი არ იყო უფლებამოსილი შემკვეთისათვის, ნივთის მართლზომიერი მფლობელისათვის ხელი შეეშალა ნივთით სარგებლობაში.
სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ტ. თ-იძეს უნდა აეკრძალოს გ. დ-აძისათვის ბათუმში, ......... ქ. 64/65-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართით სარგებლობაში ხელშეშლა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მასში, რომ ტ. თ-იძე არ წარმოადგენდა აპელანტის კონტრაჰენტს, რის გამოც მისთვის ვალდებულების შესრულების დაკისრება დაუშვებელი იყო;
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან გ. დ-აძეს არ განუმარტავს თუ რა სახის უფლების რეგისტრაციას ითხოვდა საჯარო რეესტრში, ამასთან, ტ. თ-იძე არ წარმოადგენდა იმ პირს, ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, აღნიშნული ნაწილში აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. თ-იძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის უხეში დარღვევით, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას გასცდა აპელანტის მოთხოვნის ფარგლებს, სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, სასამართლომ ტ. თ-იძეს აუკრძალა გ. დ-აძისათვის ბათუმში, ......... ქ. 64/65-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართით სარგებლობაში ხელშეშლა, მაშინ, როდესაც გ. დ-აძეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი სარჩელით და არც სააპელაციო საჩივრით ტ. თ-იძისაგან ხელშეშლის აღკვეთა არ მოუთხოვია.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასმართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია გ. დ-აძის მოთხოვნა ხანდაზმულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორის გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
მითითებული მუხლი დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში. სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, შეცვალოს სარჩელის საგანი ან საფუძველი, გაადიდოს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა. სასამართლოს უფლება აქვს მოსარჩელეს მიაკუთვნოს იმაზე ნაკლები, ვიდრე იგი მოითხოვდა, თუ სრული მოცულობით განცხადებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ დასტურდება, მაგრამ მას უფლება არ აქვს მიაკუთვნოს მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, საქმის მასალებით კიდეც რომ დასტურდებოდეს უფრო მეტის მოთხოვნის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა 1990 წლის 18 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება და ფაქტობრივ მფლობელობაში მოსარჩელსათვის ......... ქ. ¹64/65-ში მშენებარე მრავალბიანიანი სახლის მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე არსებული ხუთოთახიანი ბინის _ ფართით 120 კვ.მ. გადაცემა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის დარღვევით, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას გასცდა აპელანტის მოთხოვნის ფარგლებსა და სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, სასამართლომ ტ. თ-იძეს აუკრძალა გ. დ-აძისათვის ბათუმში, ......... ქ. ¹64/65-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართით სარგებლობაში ხელშეშლა, მაშინ, როდესაც გ. დ-აძეს ტ. თ-იძისაგან ხელშეშლის აღკვეთა არ მოუთხოვია.
ამასთან, ასევე აღსანიშნავია, რომ თავის გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვდა საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციას, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე გ. დ-აძემ აღნიშნულ ნაწილში გამოიხმო სარჩელი, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით მითითებულ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ვინაიდან შეუძლებელია გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განსახილველმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხელახლა უნდა იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, მათ შორის უნდა გაითვალისწინოს საკასაციო ინსტანციაში კასატორის მიერ სახეომწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. თ-იძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის განაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.