ას-367-686-09 29 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ მ. კ-ე, თ. ა-ა, ა. მ-ე, ს. ზ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 მარტს რ. გ-ემ, ი. ხ-ემ, ა. მ-ემ, თ. ა-ამ, ს. ზ-ემ და მ. კ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის მერიის წინააღმდეგ და მოითხოვეს ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის, 9 ნოემბრის და 19 ოქტომბრის დადგენილებების გაუქმება, ასევე მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ რ. გ-ე, ი. ხ-ე, ა. მ-ე, თ. ა-ა, ს. ზ-ე და მ. კ-ე წლების განმავლობაში მუშაობდნენ ბაგა-ბაღების გამგეებად. ქ.თბილისის მთავრობის დადგენილებებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირების სახით და მოსარჩელეები დაინიშნენ მათ დირექტორებად, ამავე დადგენილების მიხედვით, მოსარჩელეებთან უნდა დადებულიყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. ვინაიდან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები არ გაფორმებულა, მოსარჩელეები სამსახურში მიიღეს განუსაზღვრელი ვადით.
2007 წლის ზაფხულში მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. ამ დადგენილების მიხედვით, კონკურსი გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, თუმცა, მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიერ დაკავებული თანამდებობები ვაკანტური არ ყოფილა.
მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2007 წლის სექტემბერში, მიუხედავად აღნიშნულისა, მათ 2007 წლის დეკემბრამდე არ ჩაჰბარებიათ დოკუმენტი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
თბილისის მთავრობის დადგენილებები მოსარჩელეთა განთავისუფლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია კონკურსის შედეგები. ამავე დადგენილებების მიხედვით, მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ შრომის კოდექსის შესაბამისად, თუმცა დადგენილებებში არ არის მითითებული შრომის კოდექსის კონკრეტული მუხლი.
თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრისა და 19 ოქტომბრის დადგენილებებით ცვლილებები და დამატებები შევიდა თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს დადგენილებებში, რომლის მიხედვით მოსარჩელეები დანიშნეს და გაათავისუფლეს ერთსა და იმავე დღეს.
საქმის მომზადების ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა და გაზრდის შედეგად მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების ბათილად ცნობა მოსარჩელეების ნაწილში, ასევე ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 და 19 ოქტომბრის ¹22.123.725 დადგენილებების გაუქმება, მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს დადგენილება არასამეწარმეო იურიდიული პირების ¹...., ¹...., ¹...., ¹.... და ¹.... საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებთან: რ. გ-თან, ი. ხ-ან, ა. მ-ან, თ. ა-ან, ს. ზ-ან, მ. კ-ან შრომით ხელეშკრულების შეწყვეტის ნაწილში; დადგინდა პირვანდელი მდგომარეობის დადგენა და მოსარჩელეებს გაუგძელდათ შრომითი ურთიერთობა აღნიშნულ ბაგა-ბაღებში დირექტორების თანამდებობებზე. მოპასუხეს დაეკისრა ი. ხ-ის, ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის, მ. კ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად, 192 ლარის გადახდა 2007 წლის 24 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რ. გ-ის სასარგებლოდ კი ზიანის ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად, 192 ლარის გადახდა 2007 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. გ-ის, ი. ხ-ის, ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის, მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ განსხვავებული მოსაზრება აქვს საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 და 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹22.23.725 დადგენილებები, რომლითაც მოსარჩელეებთან არსებული შრომითი ურთიერთობები შეწყდა, გამოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, ისინი მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში კანონშეუსაბამო და ბათილია. ამასთან, აღნიშნული დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც უცილოდ ბათილი გარიგება, მიიჩნია ბათილად მისი მიღების მომენტიდან.
პალატამ განმარტა, რომ უცილოდ ბათილია გარიგება, რომლის იურიდიული შედეგუნარიანობა გამომდინარეობს ამა თუ იმ ზუსტად განსაზღვრულ საფუძვლებიდან, როგორიცაა: ქმედუუნარობა, ფორმის დაუცველობა და სხვა.
პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დადგენილებებით განხორციელდა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და ამით არ დარღვეულა მათი უფლება დასაქმებაზე, რადგან, მითითებული დადგენილებების მიხედვით, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საფუძვლის გარეშე.
პალატამ მიუთითა, რომ ის გარემოება, რომ აღნიშნული დადგენილებები ზოგადად გამოცემულია არაკომერციული იურიდიული პირების, საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობაზე კონკურსის შედეგების შესაბამისად, არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები გათავისუფლდნენ კონკურსის შედეგების საფუძველზე, რადგან თავად მოსარჩელეებს არ მიუღიათ ამ კონკურსში მონაწილეობა.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს 317.13.598 დადგენილება კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემულია არა საჯარო კანონმდებლობის, არამედ საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე. პალატამ განმარტა, რომ კონკურსის გამოცხადების უფლება მხარეს ჰქონდა შრომის კოდექსის მე-5 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც დამსაქმებელს ინდივიდუალურად უწესებს გარკვეული კონკურსის გამოცხადების უფლებას და შრომის კოდექსი არ შეიცავს აკრძალვას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციას არ შეუძლია კონკურსი გამოაცხადოს, თუნდაც არავაკანტურ თანამდებობაზე; ეს დადგენილება შინაარსობრივად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას-მოწვევას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პალატა არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასახელებული დადგენილება არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შეუსაბამო და ბათილია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა სსკ-ის 54-ე მუხლი.
პალატამ მიუთითა, რომ კონკურსის გამოცხადება ვერ ჩაითვლება ბათილად საერთო საფუძვლებით დასახელებული გარიგების შესაბამისად. აღნიშნული დავის მომწესრიგებელი კანონი, საქართველოს შრომის კოდექსიც, არ ითვალისწინებს კანონით დადგენილი წესით გარიგების ბათილობას, თუმცა დასახელებული კოდექსი ითვალისწინებს კანონის იმპერატიულ დანაწესთან ნების გამოვლენის შეუსაბამობის შემთხვევებში აკრძალვებს (სშკ-ის მუხლი 2.3, მუხლი; 4.4; მუხლი 4.5; მუხლი 17.2 და სხვა), მაგრამ არა დასახელებული კოდექსის მე-5 მუხლთან მიმართებაში.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – მოწვევა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგენს გარიგებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირება სსკ-ის 54-ე მუხლზე, არის საფუძველს მოკლებული.
პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები ვერ უთითებენ კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 აქტით მათი რა უფლება შეიზღუდა, დაირღვა ან შეილახა, ან რომელი ასეთი უფლება აღუდგებათ ამ დადგენილების უკანონოდ აღიარების შემთხვევაში.
ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე, მათ შორის, მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ თანამდებობებზეც, რისი უფლება, მოპასუხეს ჰქონდა საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, რომლის თანახმად დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შერჩევის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. პალატამ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მთავრობის აღნიშნული მოქმედებით არ შელახულა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და მათთან შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. ამდენად, აღნიშნული აქტის არაკანონიერად აღიარებისათვის მოსარჩელეებს არ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების უკანონოდ გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ი. ხ-ემ, ა. მ-ემ, თ. ა-ამ, ს. ზ-ემ და მ. კ-ემ. მათ აღნიშნეს, რომ კასატორების განთავისუფლების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654, 19 ოქტომბრის ¹22.23.725 და 9 ნოემბრის ¹23.06.739 დადგენილებებში, განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მოშლა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლი დამსაქმებლისთვის არ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებზე მითითებას, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ქ.თბილისის მთავრობა არ იყო ვალდებული, მიეთითებინა განთავისუფლების საფუძველი. კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლოს კანონის განმარტება არ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის დასახელებული მუხლის მოთხოვნას. საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, ხოლო, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშვება და მიმდინარეობს მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 37-ე მუხლი კი კონკრეტულად განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს. უკანონოა და ბათილია ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხება პირის სამსახურიდან განთავისუფლებას და მასში არ არის მითითებული საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით დადგენილი რომელიმე სამართლებრივი საფუძველი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებულ ბრძანებაში ან სხვა მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტში, შრომის კოდექსის ნორმის მითითების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ დასაქმებულის მიერ ბრძანების გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მის კანონიერებაზე მსჯელობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის, თ. ა-ას, ა. მ-ისა და ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის, თ. ა-ას, ა. მ-ისა და ს. ზ-ის სარჩელი განეკუთვნება ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით საქმის განსჯადობისათვის ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ ატარებდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ შინაარსს, კერძოდ, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზაინის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორცილების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარასებობის დადგენა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მთავრობა მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტით, ,,საქართველოს დედაქალაქის--თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ე’ და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილებების-სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დანიშვნისა და მათი განთავისუფლების თაობაზე კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მათი ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ სამართალაურთიერთობას გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, რის გამოც განსახილველი საქმის სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია განსჯადობის წესების დარღვევით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. კ-ის, თ. ა-ას, ა. მ-ისა და ს. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება მ. კ-ის, თ. ა-ას, ა. მ-ისა და ს. ზ-ის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.