¹ას-368-687-09 29 ოქტომბერი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ა-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 21 დეკემბერს რ. ა-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2007 წლის 27 ნოემბრის ¹2108-კ ბრძანების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2004 წელს კონკურსის წესით დაინიშნა თეთრიწყაროს რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2006 წლის 9 ოქტომბერს მასსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო განუსაზღვრელი ვადით. 2007 წლის 27 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ¹2108-კ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანების გამოცემისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დააღრვია მოქმედი კანონმდებლობის ნორმები, ვინაიდან იგი არ იყო უფლებამოსილი გამოეცა მსგავსი ხასიათის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ა-შვილმა მოითხვა მითითებული ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით რ. ა-შვილის სარჩელი განსჯადოების წესების დაცვით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
2007 წლის 7 აპრილს რ. ა-შვილმა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა 2007 წლის 27 ნოემბრის ¹2108-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის გადახდის მოპასუხეზე დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით რ. ა-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის 2007 წლის 27 ნოემბრის ¹2108-კ ბრძანება რ. ა-შვილის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და რ. ა-შვილს გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რ. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 27 ნოემბრიდან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოზე გადახდევინების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, რ. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ. ა-შილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2006 წლის 9 ოქტომბერს მხარეებს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იგი დაინიშნა თეთრიწყაროს რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
2007 წლის 27 ნოემბერს საქრათველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირველი მოადგილის ¹2108-კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რ. ა-შვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2007 წლის 10 სექტქმებრის ¹429 ბრძანებით თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურთან დაკავშირებულ კორესპონდენციაზე, საკადრო წერილებზე, სააგენტოს სახელით გაცემულ მინდობილობებზე, შვებულებებზე, სტაჟირების შესახებ ბრძანებებზე, სამუშაო ადგილიდან და ხელფასის ცნობებზე ხელმოწერის უფლებამოსილება;
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარეს გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო ამავე დებულების მე-4 და მე-5 პუნქტის შესაბამისად, თავმჯდომარის პირველი მოადგილე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოსცეს ბრძანება თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუ თავმჯდომარე ბრძანების გამოცემის მომენტში არის შვებულებაში, მივლინებაში ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის გამო არ იმყოფება. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძანების გამოცემის მომენტში თავმჯდომარე სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული საფუძვლების გამო არ ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობებს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის 2007 წლის 27 ნოემბრის ¹2108-კ ბრძანება რ. ა-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული იყო იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა დარღვევით, რაც ბრძანების ბათილობის საფუძველია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება რ. ა-შვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც მას მიადგა ზიანი, კერძოდ 2007 წლის 27 ნოემბრიდან არ მიუღია ხელფასი, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელ შემოსავალშიც, კერძოდ სასამართლოს აზრით, სააგენტო ვალდებული იყო რ. ა-შვილისათვის აენაზღაურებინა მიუღებელი ხელფასი 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩიავრი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივარი და საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის 2007 წლის 27 ნოემბრის ¹2108-კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა რ. ა-შვილის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი თავჯდომარის პირველი მოადგილის მიერ გამოვლენილი ნების მოწონებას უფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებასც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქრათველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშეE სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ ჩათვალა, რომ უფლებამოსილი პირი, მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად და არაორაზროვნად ადასტურებდა მოპასუხის პოზიციას, რომ ეთანხმებოდა და იწონებდა 2007 წლის 27 ნოემბრის ¹2108-კ ბრძანებაში გამოვლენილ ნებას მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, შესამაბისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია რ. ა-შვილის პოზიცია, რომ მოპასუხეს მისი სამუშაოდან გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი ექნებოდა საშტატო განრიგის შემცირებას, ვინაიდან აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 2006 წლის 9 ოქტომბერს დადებულ შრომითი ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისიწნებული იყო ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთი საფუძველი, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რაც მოწესრიგებული შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ა-შვილი სამუშაოდან უკანონოდ არ გათავისუფლებულა და, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების კანონიერების დადგენა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპლაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივარი, რომელიც არ აკმაყოფილებდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ძირითად პირობას, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული, გადაწყვეტილების მიღებისას თბილისის საქალაქო სასამართლომ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი უსწორობანი დაუშვა;
კასატორის აზრით, სასამართლომ მნიშვნელოვნად დაარღვია სამართლის ნორმები, რამაც გავლენა მოახდინა გადაწყვეტილების მიღებაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების დროს სასამართლოს არ განუმარტავს, თუ ვის მიიჩნევდა კონკრეტულ მხარედ და რატომ არ ჩათვალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი ზურაბ ლაზუაშვილი მხარედ, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოერთვა ხელწერილი, შესაბამისად, კასატორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლო სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მხარის მოუწვევლობის გამო, უსაფუძვლო იყო.
კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გაითვალისწინა კანონის ის მოთხოვნა, რომ იგი უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარი განიხილოს მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში და ახალი ფაქტები და გარემოებები განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ ფაქტებისა და გარემოებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უადგილოდ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამასთან, კასატორის განმარტებით, აპელანტი არ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, არამედ თავად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში მინდობილობით წარმოადგენდა ამავე სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი ზურაბ ლაზუაშვილი და აღნიშნული მინდობილობის გაცემის შემდეგ, მის გაუქმებამდე იურიდიულად მხოლოდ იგი ითვლებოდა აპელანტად, ანუ მხარედ და სააპელაციო სასამართლოს, ნაცვლად იმისა, რომ გამოერკვია შინაარსობრივად და სამართლებრივად აღნიშნული ბრძანება შეესაბამებოდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობას, იგი დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ ბრძანებაში გამოვლენილი ნება აპელანტს სადავოდ არ მიაჩნია და მასზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ არ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ეკისრება სსიპ-ის წარმომადგენლობა.
სადავო ბრძანების გამოცემის მომენტში მოქმედი რედაქციით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა სააგენტოს თავმჯდომარე, უზრუნველყოფდა მათთან შრომითი ხელშეკრულების დადებას და განსაზღვრავდა მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით, თავმჯდომარის პირველი მოადგილე მხოლოდ მაშინ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა თავმჯდომარის უფლებამოსილება, თუ თავმჯდომარე ბრძანების გამოცემის მომენტში იყო შვებულებაში, მივლინებაში ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის გამო მისი არყოფნისას.
სსიპ-ის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები განსაზღვრულია კანონით, ხოლო მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ის დებულებით მკაცრად გამიჯნულია თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის უფლებამოსილებები, კერძოდ, უშუალოდ თავმჯდომარე იყო უფლებამოსილი სააგენტოს სახელით დაენიშნა ან გაეთავისუფლებინა თანამშრომელი, მის პირველ მოადგილეს კი ასეთი უფლებამოსილება ენიჭებოდა მხოლოდ დებულებაში მითითებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში პირველი მოადგილის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილებების განხორციელება უნდა შეფასდეს მისთვის დებულებით მინიჭებული მკაცრად რეგლამენტირებული უფლებამოსილების გადამეტებად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონის ანალოგიით სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლი.
სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ანალოგიით აღნიშნული ნორმა გამოყენებულ უნდა იქნეს ცალმხრივი გარიგების დროს ნების გამოვლენის საკითხების რეგლამენტაციისას. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლი სპეციალური ნორმაა და არეგულირებს მოწონების საკითხს ორმხრივი გარიგების – ხელშეკრულების დადებისას. საკასაციო პალატა თვლის, რომ შეუძლებელია ცალმხრივი გარიგებების, როგორიცაა ანდერძის შედგენა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ჯილდოს დაპირება და ა.შ., მიმართ მოწონების ინსტიტუტის გამოყენება. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მსგავსი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირია და შესაბამისი ნორმატიული აქტით სააგენტოს ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებანი მკაცრად რეგლამენტირებულია. ასევე საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ დამსაქმებელს.
სადავო ბრძანებაში რ. ა-შვილის განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ამ ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა არეგულირებს არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, არამედ მასში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცედურაზე, რაც უნდა შესრულდეს დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმის საფუძველზე შეუძლებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
ყველა ის პირობა, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა, მოცემულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. მითითებულ ნორმა განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს და ნებისმიერ შემთხვევაში დასაქმებულის გათავისუფლება უნდა მოხდეს ამ ნორმაში მითითებული რომელიმე საფუძვლით. სადავო ბრძანებიდან კი არ ირკვევა, თუ კანონმდებელობით გათვალისწინებული, რომელი საფუძვლით იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია შეფასდეს რ. ა-შვილის განთავისუფლების ფაქტის კანონთან შესაბამისობის საკითხი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის მომენტში უფლებამოსილი იყო თუ არა თავმჯდომარის მოადგილე გაეთავისუფლებინა სამსახურიდან მოსარჩელე, ასევე გაარკვიოს რ. ა-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.