ას-368-766-06 5 მარტი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ვ. და ნ. ს-ები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. და ვ. ს-ებმა 2002 წლის 6 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოპასუხეების _ შ. ბ-სა და მ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებისათვის დაკარგული პირუტყვის ღირებულების _ 1800 ლარის დაკისრება. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა დაასაბუთეს იმით, რომ ზეპირი გარიგების საფუძველზე 2002 წლის 15 აპრილს შ. ბ-ს მოსავლელად მიაბარეს სამი ძროხა. ამ უკანასკნელს იჯარით ჰქონდა აღებული ფერმა, სადაც მის საქონელს მწყემსავდა დაქირავებული მწყემსი მ. ბ-ი. მათსა და შ. ბ-ს შორის საქონლის მოვლის თაობაზე შედგა გარიგება. აღნიშნული გარიგების საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოევლო, გამოეკვება და ემწყემსა მათი საქონელი, რისთვისაც ისინი თითო ძროხაში გადაუხდიდნენ თვეში 4 ლარს, სულ _ 12 ლარს. 2002 წლის მაისში მათი ორი ძროხა ფერმიდან მოიპარეს დაუდგენელმა პირებმა, რის გამოც მოსარჩელეებმა მოითხოვეს შ. ბ-საგან და მ. ბ-საგან ამ ძროხების ცოცხალი წონის ანაზღაურება 1 კგ-ზე 2 ლარის ოდენობით, რამაც შეადგინა 1800 ლარი (ერთი ძროხის წონა, მათი განცხადებით, იყო 550 კგ, ხოლო მეორეში – 350 კგ).
შ. ბ-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გარიგება პირუტყვის მოვლის თაობაზე მოსარჩელეებმა დადეს არა მასთან, არამედ მწყემს მ. ბ-თან, რომელსაც მოსარჩელეებმა ჩააბარეს საქონელი, შესაბამისად, ამ საქონლის დაკარგვაზე პასუხი უნდა ეგო მ. ბ-ს და არა მას.
მოცემული საქმის დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში განხილვისას მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს მოპასუხედ მ. ბ-ის მონაწილეობაზე; მათი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა იმავე სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განჩინებით.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. და ვ. ს-ების სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ სასარგებლოდ შ. ბ-ს დაეკისრა 1800 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. და ვ. ს-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ... , ე.წ. ,,...” ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმა ეკუთვნოდა ი. ბ-ს. დადგენილია ასევე ის, რომ ფერმით სარგებლობდა ნ. ჯ-ი, რომელსაც თავისი საქონლის მოსავლელად დაქირავებული ჰყავდა მწყემსი მ. ბ-ი. 2002 წლის აპრილში ვ. ს-მა კუთვნილი სამი ძროხა მიაბარა მწყემს მ. ბ-ს, რაც დასტურდება ვ. ს-ის განცხადებით, რომლითაც მან მიმართა პოლიციას (ს.ფ. 138). ამასვე ადასტურებს ვ. ს-ის 2002 წლის 6 მაისის ახსნა განმარტება (ს.ფ. 148), სადაც იგი განმარტავს, რომ იგი მოელაპარაკა შ. ბ-ს პირუტყვის მის ბინაში აყვანის და მწყემსისათვის ხელფასის სახით თვეში 4 ლარის გადახდის შესახებ, აღნიშნული დასტურდება მოწმეების ლ.კ-ის და ვ. ბ-ის ჩვენებებითაც. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შ. ბ-ი თავად ვერ ჩაიბარებდა მოსავლელად საქონელს, რადგან შ. ბ-ი მწყემსავდა ცხვარს და ძროხებს იგი ვერ მიიბარებდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მ. ბ-ნ და არა შ. ბ-თან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად მიმბარებელი უფლებამოსილია შემნახველს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ შ. ბ-ის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა ვ. და ნ. ს-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა რატომ არ შეესაბამება ნარდობის ხელშეკრულებას;
სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, რა სახის ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელეებსა და მოპასუხე შ. ბ-ს შორის. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ ვის ეკისრებოდა ფერმის დაცვის ვალდებულება, ფერმის მეპატრონეს თუ მწყემს; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მიბარებული საქონელი დაიკარგა ფერმის ტერიტორიაზე.
კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ფაქტობრივად ვის ეკავა ფერმა მოსარჩელეების მიერ საქონლის მიყვანის დროისათვის, ვის ჰყავდა დაქირავებული მწყემსი ბ-ი, ვის ეკისრებოდა ფერმის დაცვის ვალდებულება, რა ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის და მოსარჩელეებსა და მ. ბ-ს შორის. კასატორთა განმარტებით, ისინი ხელშეკრულების მხარედ არ მოიაზრებენ მ. ბ-ს, რადგან ისინი შეუთანხმდნენ ფერმის მესაკუთრეს. შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს ფერმის მესვეურებს.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დარღვევით; სასამართლომ თუ მიიჩნია, რომ ფერმა ეკუთვნის ი. ბ-ს, მაშინ კასატორებისათვის უნდა შეეთავაზებინა არასათანადო მოპასუხის ნაცვლად სათანადო მოპასუხის ჩართვა, მით უფრო, რომ ზარალი ი. ბ-მა უნდა აუნაზღაუროს.
კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ ისედაც დაზარალებულებს დააკისრა ადვოკატის მომსახურების თანხა 116 ლარი, ამასთან სასამართლომ არ განმარტა ხარჯების დაკისრების დროს მისი გასაჩივრების წესი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. და ვ. ს-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. ს-მა 2002 წლის აპრილში თავისი კუთვნილი სამი ძროხა მიაბარა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ... , ე.წ. „...“ ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში მწყემსს მ. ბ-ს მოსავლელად.
დადგენილია, რომ აღნიშნული საქონლის ფერმა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით წარმოადგენს ი. ბ-ის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ ფერმით სარგებლობდა ნ. ჯ-ი, რომელსაც თავისი საქონლის მოსავლელად დაქირავებული ჰყავდა მწყემსი მ. ბ-ი. ვ. ს-მა კუთვნილი სამი ძროხა მ. ბ-ს რომ მიაბარა მოსავლელად, აღნიშნულს ადასტურებს იგი ს.ფ. 138, 148-ზე წარმოდგენილ თავის ახსნა-განმარტებებში. მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ შ. ბ-მა ვ. ს-ი საქონლის მოვლის თაობაზე მოსალაპარაკებლად გაუშვა მ. ბ-თან, რომელსაც იგი შეუთანხმდა, რომ თვეში ხელფასის სახით 4 ლარს გადაუხდიდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევის შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელეებსა და შ. ბ-ს შორის სადავო საქონლის მოვლის თაობაზე სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა.
სააპელაციო პალატამ ასევე სწორად მიუთითა, რომ ვ. ს-მა კუთვნილი ძროხების მოვლის თაობაზე მწყემს მ. ბ-თან დადო მიბარების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის შესაბამისად შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. ამდენად, მიბარებული საქონლის მოვლის და შენახვის ვალდებულება დაეკისრა მ. ბ-ს და არა მოსარჩელეთა მიერ მითითებულ მოპასუხე შ. ბ-ს. შესაბამისად, ასეთი ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს შ. ბ-ს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი შ. ბ-ის მიმართ.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არ შეთავაზა მათ შ. ბ-ის, როგორც არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით – ფერმით მეპატრონე ი. ბ-ით, რომლის ფერმაშიც მუშაობდა მწყემსი მ. ბ-ი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხოლოდ მ. ბ-თან, ამიტომ ფერმის მესაკუთრის, როგორც სათანადო მოპასუხის ჩაბმის თაობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა. მით უფრო, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზთ. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მოპასუხის მიმართ სარჩელის აღძვრის თაობაზე. თვით მ. ბ-ი კი მოცემულ საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული შ. ბ-თან ერთად დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ნოემბრის განჩინებით (ს.ფ. 66); მაგრამ შემდეგ ვ. და ნ. ს-ებმა იმავე სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის სხდომაზე უარი განაცხადეს საქმეში მოპასუხედ მ. ბ-ის მონაწილეობაზე; მათი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განჩინებით (ს.ფ. 455-456).
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კასატორები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. და ვ. ს-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.