Facebook Twitter

ას-369-688-09 4 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ლ-იანცი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ო-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება, თანასაკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციის გზით გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ო-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-იანცის მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და თანასაკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციის გზით გაყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1998 წლის 18 თებერვალს მხარეებმა შეიძინეს ქ.თბილისში, ... ქ.¹25-ში მდებარე ¹9 ბინა, რის შემდეგ დაქორწინდნენ, თუმცა ამჟამად მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილია. დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელეს სურს მიიღოს კუთვნილი წილი სადავო ბინიდან, თუმცა მოპასუხე აღნიშნულის შესაძლებლობას არ აძლევს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ლ.ო-იას სადავო უძრავი ნივთის გაყოფა მისთვის არ შეუთავაზებია, ამასთან, ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის და, შესაბამისად, ვერც ერთი მათგანის თანასაკუთრებად ვერ ჩაითვლება. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სადავო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ო-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა საზიარო უფლება სადავო უძრავ ნივთზე გაუქმდა ბინის საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით და დადგინდა ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილობრივად განაწილება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მ. ლ-იანცის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.ლ-იანცმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოში მ.ლ-იანცის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას პალატას განცხადებით მიმართა კასატორის წარმომადგენელმა რ. ხ-იამ, რომელმაც განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 აპრილის განჩინებით დამტკიცებული ამავე მხარეთა შორის არსებულ სხვა სამოქალაქო დავაზე მიღწეული მორიგებით, ლ.ო-იასა და მ.ლ-იანცს შორის მომდინარე ყველა დავა უნდა შეწყდეს, რის გამოც მან საკასაციო საჩივარსა და დავის შემდეგ გაგრძელებაზე უარი განაცხადა. განცხადებას დაერთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ასლი სამოქალაქო საქმეზე _ მ. ლ-იანცის სარჩელის გამო ლ. ო-იას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და მორიგების ერთ-ერთ პირობად ლ. ო-იამ უარი განაცხადა სარჩელზე მ. ლ-იანცის მიმართ ქ.თბილისში, ... 25-ში მდებარე ¹69 ბინასთან დაკავშირებით ¹2ბ/1586-08 საქმეზე. მოცემულ შემთხვევაში მ.ლ-იანცის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის ¹2ბ/1586-08 განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ლ-იანცის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე უფლებამოსილია, თანმდევი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.

მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 1 მაისს საკასაციო სასამართლოს მიმართა კასატორ მ. ლ-იანცის წარმომადგენელმა რ.ხ-იამ, რომელმაც თავისი მარწმუნებლის სახელით საკასაციო საჩივარზე უარი თქვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 378-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შეწყდეს წარმოება მ. ლ-იანცის საკასაციო საჩივარზე, საქმეზე _ ლ. ორეხოვსაკაიას სარჩელის გამო მ. ლ-იანცის მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და თანასაკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციის გზით გაყოფის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.