ას-369-720-07 14 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. კ-ე (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვალის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სველი წერტილის მოშლა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ი. ც-ის სარჩელი ნ. კ-ის მიმართ სველი წერტილის მოშლისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ.კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10-დღიანი ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 200 ლარისა და 100 აშშ დოლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. 2007 წლის 17 მაისს საკასაციო პალატას გადაეცა სააპელაციო სასამართლოში შეტანილი ნ.კ-ის დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, თუმცა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი მხარეს არც ამ შემთხვევაში არ წარმოუდგენია. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება 2007 წლის 17 მაისს ნ.კ-სათვის გადასაცემად ჩაბარდა მის მამას, თ. კ-ს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილი 2007 წლის 17 მაისს ჩაბარდა კასატორის მამა თ. კ-ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება და გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ აღნიშნული დოკუმენტები, ადრესატის არყოფნის გამო, მხარისათვის გადასაცემად ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გზავნილი ნ. კ-ს ჩაბარდა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მას სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.