ას-370-721-07 31 ოქტომბერი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი– ი. ქ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 18 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. ქ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ, მოპასუხედ დაასახელა ნ. ჩ-ე, კ. თ-ე, ბ. გ-ე, ი. ს-ე და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეების გამოსახლება.
მოსარჩელის განმარტებით ქ. ბათუმსი, ... ქ. ¹15-ში მდებარე სახლის მეორე სართული, სახლთმფლობელობის 2/7, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. მოპასუხეები უკანონოდ შეიჭრნენ ი. ქ-ის კუთვნილ სამ ოთახში, რომლებსაც აქირავებენ და ღებულობენ ქონებრივ სარგებელს. აღნიშნულით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გარანტირებული მოსარჩელის უფლებები, რის გამოც ი. ქ-მ მოითხოვა კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოპასუხეთა გამოსახლება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: ისინი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდნენ სადავო ოთახებს, რეგისტრირებული იყვნენ ზემოხსენებულ მისამართზე, იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის შესაბამისად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეები გამოსახლებული იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹15-შიმდებარე ბინიდან და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან სადაო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს არა სამოქალაქო კოდექსით არამედ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით. 1998 წლის 25 ივნისს მიღებული იქნა კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვენ. 2005 წლის 30 ივნისს მითითებულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები და პირველი მუხლის “ა” ქვეპუნკტის თანახმად მოსარგებლეს წარმოადგენს ნ. ჩ-ე, ვინაიდან მოსარგებლედ ითვლება ის ვინც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში ადგილი აქვს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების დათმობისათვის აუცილებელ ორივე გარემოებას. საქმის მასალების თანახმად ქ. ბათუმში ... ქუჩა ¹15-ში მდებარე ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს ი. ქ-ე, ხოლო აპელანტი დაბადებიდან 1941 წლიდან ჩაწერილია მითითებულ ბინაში. სადაო ფართს 2004 წლამდე ფლობდა აპელანტის დედა- თ. ბ-ე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ფართის ფლობას შეუდგა თავად ნ. ჩ-ე, რომელიც რეგისტრირებულია სადაო საცხოვრებელ სადგომში.
პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოცემულ დავაში ნ. ჩ-ე წარმოადგენს მისი მშობლების უფლებამონაცვლეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა. რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხე ნ. ჩ-ის მიერ, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ დანარჩენ მოპასუხეებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ მათ მიმართ კანონიერ ძალაშია შესული. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მთლიანად გაუქმებული იქნა 2005 წლის 22 ივნისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ასევე დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულია არსებითი საპროცესო დარღვევა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მხარეებს, ნ. ჩ-ის გარდა, რომელთაც შეეხო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება არ მოუთხოვიათ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო სააპელაციო საჩივრის შემტან პირს არ ქონია მინიჭებული ზემოაღნიშნული პირებისგან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება-მოსილება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით და ამ დარღვევის შედეგად საქმეზე გამოტანილია არასწორი გადაწყვეტილება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია ი. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეები ნ. ჩ-ე, კ. თ-ე, ბ. გ-ე და ი. ს-ე გამოსახლდნენ ქ. ბათუმში, ... ქ. 15-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება მოპასუხეთაგან გაასაჩივრა მხოლოდდამხოლოდ ნ. ჩ-მ. მან სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება მთლიანად – ნ. ჩ-ის, კ. თ-ის, ბ. გ-ისა და ი. ს-ის მიმართ. საქმეში არ მოიპოვება მითითებულ პირთაგან ნ. ჩ-ისთვის ან მისი წარმომადგენლისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ მოპასუხეთაგან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდდამხოლოდ ნ. ჩ-ის მიერ სადავო ფართის ფლობის მართლზომიერების საკითხზე. მიღებული გადაწყვეტიოლებით კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა სხვა მოპასუხეთა ნაწილშიც, რომლითაც არ მოუთხოვიათ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არაადეკვატურია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილთან მიმართებაში. სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებანი სხვა მოპასუხეთა მიმართ, სამართლებრივი შეფასება არ მიუცია ამ გარემოებებისათვის. არ უმსჯელია ნ. ჩ-ის უფლებამოსილებაზე მოეთხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე სხვა მოპასუხეთა მიმართაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.