Facebook Twitter

ას-372-723-07 29 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განიხილა გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 18 აპრილს ნ. ფ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე რ. ს-ის წინააღმდეგ და მიუთითა, რომ 1986 წელს მისმა მეუღლემ ბინა გაუცვალა ვ. ჩ-ს, რომელსაც ბინასთან ერთად გადაეცა ლითონის კონსტრუქციის ავტოსადგომი, რომლითაც სარგებლობდა სახლიდან 1983 წელს გადასული გ. გ-ი. მოსარჩელის განმარტებით, მან გ. გ-ს სთხოვა ავტოსადგომის ტერიტორიიდან ლითონის კონსტრუქციის გატანა, ვინაიდან სურდა კაპიტალური ავტოფარეხის მშენებლობის დაწყება ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული პროექტის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. გ-ს უარი არ უთქვამს, 2004 წლიდან აღნიშნული ავტოფარეხით სარგებლობა, გ. გ-ს ნებართვით, დაიწყო რ. ს-მ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ნ. ფ-მა მოითხოვა მოპასუხე რ. ს-ის დავალდებულება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹57/59 საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე მისი კუთვნილი რკინის კონსტრუქციის გატანასა და ტერიტორიის გათავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით რ. ს-ე შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ გ. გ-თ, რომელმაც სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ ავტოფარეხის აგების ხარჯების სახით _ 3500 აშშ დოლარის დაკისრება.

თავის მხრივ დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა რ. ს-მ და მოითხოვა გ. გ-სათვის ავტოფარეხის გატანის დავალდებულება და ტერიტორიის მისთვის გადაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ფ-სა და მესამე პირის რ. ს-ის სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ასევე არ დაკმაყოფილდა გ. გ-ს შეგებებული სარჩელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ს წარმომადგენელმა ვ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ს წარმომადგენელ ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება ნ. ფ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. გ-ს დაევალა კუთვნილი ლითონის კონსტრუქციის გატანა ქ. ბათუმში, ... ქ. 57/59-ში მდებარე სახლთმფლობელობის მიწის ნაკვეთიდან, კერძოდ იმ ნაწილიდან, რომელ ნაწილშიც მოსარჩელემ უნდა აწარმოოს კაპიტალური ავტოფარეხის მშენებლობა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 21 დეკემბრის ¹... წერილისა და 1999 წლის 21 დეკემბრის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული ¹... პროექტის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმში, ... ქ. ¹57/59-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები, ანუ კეთილსინდისიერი მფლობელები არიან ამ მისამართზე მცხოვრები მობინადრეები, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები, ხოლო გ. გ-ი აღნიშნულ საცხვრებელ სახლში ბინის მესაკუთრე არ არის, რასაც არც თავად ხდის სადავოდ და, შესაბამისად, მას მიწის ნაკვეთზე სანივთო ან ვალდებულებითი უფლებები არ გააჩნია, ხოლო მშენებლობის ნებართვა, რომელიც გ. გ-ს გააჩნდა, მას უძრავ ნივთზე უფლებებს არ ანიჭებს, ვინაიდან იგი აღარ არის საბინაო ამხანაგობის წევრი და მიწას არამართლზომიერად ფლობს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ფ-ს, როგორც ამხანაგობის წევრს, საზიარო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება გააჩნია, მაგრამ ვერ სარგებლობს არამართლზომიერი მფლობელის _ გ. გ-ს მხრიდან უკანონო ხელშეშლის გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებით გ. გ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ხელშემშლელი მოქმედების აღკვეთასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. გ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.