Facebook Twitter

¹ას-373-771-06 8 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს “გ. კ-ის” დირექტორი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – .. .. .. (მოსარჩელე)

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

.. .. .. დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ 2005 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “გ. კ-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის და დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის მიერ 2004 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა შედარების აქტი მოპასუხის მიერ დარგობრივი პროფკავშირისა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის დადგენისა და აღიარების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილის და შრომის კანონთა კოდექსის მეექვსე თავის შესაბამისად მუშა-მოსამსახურეებზე ყოველთვიურად ახდენდა ხელფასიდან პროფსაწევროს დაქვითვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ხდება თანხის პროფკავშირის ანგარიშზე ჩარიცხვა. მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს ჯერ კიდევ 2004 წლის 1 ივნისამდე უნდა ჩაერიცხა დარგობრივი პროფკავშირის” სასარგებლოდ 16140 ლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით .. .. .. სარჩელი სს “გ. კ-ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა .. .. .. თავმჯდომარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით .. .. .. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს “გ. კ-ს” .. .. .. სასარგებლოდ დაეკისრა 16000 ლარის გადახდა; სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “ .. .. ..” მოთხოვნის საფუძველია 2004 წლის 23 ივნისის “შედარების აქტი”. ამ აქტით სს “გ. კ-მა” აღიარა დავალიანების არსებობა როგორც დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის, ასევე პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიმართ. “შედარების აქტის” თანახმად სს “გ. კ-ის” დავალიანება პროფკავშირისადმი შეადგენდა 32280 ლარს, აქედან 16140 ლარი ეკუთვნოდა დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციას, ხოლო 16140 ლარი _ პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ “დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციაში” იგულისხმება “ .. .. ..”. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით და დადგენილად ჩათვალა, რომ 2004 წლის 23 ივნისის “შედარების აქტი” წარმოადგენდა ორმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართული იყო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ. აღნიშნული “შედარების აქტი” წარმოადგენს გარიგებას _ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული დადასტურებულია სს “გ. კ-ის” წარმომადგენლის მიერ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს “გ. კ-ის” წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვალი აღიარა არაუფლებამოსილმა პირმა და აღიარებას იურიდიული ძალა არა აქვს, რადგან სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაადგინა, რომ სს “გ. კ-მა” “შედარების აქტის” ტექსტით, მისი საწარმოს ბეჭდით დამოწმებით, აქტზე სიტყვების დირექტორი ი. ბ-ე და ბუღალტერი ლ. ფ-ა დაბეჭდვით, აქტის საწარმოს დირექტორის მოადგილისა და ბუღალტრის ხელმოწერით შექმნა ისეთი გარემოებები, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა, რომ გარიგებას უფლებამოსილ პირთან დებდა. ამასთან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სს “გ. კ-ის” წარმომადგენელი არ უარყოფდა ვ. კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობას და აცხადებდა, რომ ვ. კ-ს “შედარების აქტზე” ხელმოწერის უფლება არ ჰქონდა თანხის სიდიდის, სოლიდურობის გამო. საკასაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელის განცხადება იმის შესახებ, რომ “შედარების აქტი” აპელანტის მხრიდან ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე და 107-ე მუხლების შესაბამისად “ .. .. ..” სს “გ. კ-ის” პროფკომიტეტის თავმჯდომარეს გააჩნდა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. იგი ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში გამოდიოდა როგორც პროფკომიტეტის, ასევე დარგობრივი პროფკავშირის სახელით. ადმინისტრაციაც ყოველთვის მის წინაშე აღიარებდა ვალდებულების არსებობას და მის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საეჭვოდ არ ხდიდა, ამასთან დარგობრივმა პროფკავშირმა დაადასტურა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებულია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. შესაბამისად, იმ გარემოებას, თუ რამდენად კანონიერად ხდებოდა პროფკავშირის საწევროს დაქვითვა საწარმოს მუშა-მოსამსახურეთა ხელფასიდან, განსახილველ საქმესთან კავშირი არა აქვს და ცალკე დავის საგანია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “გ. კ-ის” დირექტორმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნები არასათანადო მოპასუხის შეცვლის შესახებ, რადგან მათ განკარგულებაში არ ინახება მოთხოვნილი თანხა, ხელფასებიდან პროფკავშირების საწევრო ანარიცხები იქვითებოდა წევრთა პირადი წერილობითი განცხადებისა და საწარმოს ადმინისტრაციასთან კოლექტიური ხელშეკრულების დადების გარეშე, რითაც დაირღვა “პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესები. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 2004 წლის 8 ოქტომბრის ¹108 ბრძანებით 2004 წლის 1 ოქტომბრიდან შეწყდა ხელფასებიდან საწევრო ანარიცხების უკანონოდ დაკავების პროცესი და დაკავებული თანხები დაუბრუნდათ მუშა-მოსამსახურეებს. სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 91-ე და 317-ე მუხლის მუხლების მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 124-ე მუხლი ხელფასიდან დაქვითვის შეზღუდვის შესახებ. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება ჩათვალა მტკიცებულებად და დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს “გ. კ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხე ორგანიზაციისათვის პროფკავშირის საწევრო ანარიცხების თანხების გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძვლიანობაზე; დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 23 ივნისის “შედარების აქტი” და სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად მიიჩნია იგი მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარებად.

საქმეში წარმოდგენილ 2004 წლის 23 ივნისის შედარების აქტში მითითებულია, რომ 2004 წლის 1 ივნისის მდგომარეობით სს “გ. კ-ის” დავალიანება პროფკავშირისადმი შეადგენს 32280 ლარს, 16140 ლარი ეკუთვნის დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციას, ხოლო 16140 ლარი პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას (ს.ფ. 3). სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებიული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთახმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ შედარების აქტში არ არის მითითებული მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთ არსებით პირობებზე, როგორიცაა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითად უფლება-მოვალეობებზე, ფასსა და ვადაზე. შესაბამისად, ასეთი აქტი ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასრულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე გამოიტანა დასკვნები მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “გ. კ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.