განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-375-726-07 9 იანვარი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ე” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ს-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ს-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ს.-ის“ მიმართ და მიუთითა, რომ სს „ს.-ის“ დასავლეთის ფილიალის მიერ დამონტაჟებული საერთო კომუნალური მრიცხველის ჩვენებით ითხოვს მისგან ელექტროენერგიის საფასურის გადახდას, მაშინ, როდესაც მას გააჩნია ინდივიდუალური მრიცხველი, ამასთან მას და მოპასუხეს შორის არ დადებულა რაიმე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რაც დაავალდებულებდა მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადახდას. მოსარჩელემ მოითხოვა ელექტროენერგიის დარიცხვა როგორც წარსულში, ასევე დაყენებული ინდივიდუალური მრიცხველის მიხედვით; კომპანიის მიერ მის მიმართ 2006 წლის 29 ივნისს წარმოდგენილი ვალის - 1237 ლარისა და 67 თეთრის უკანონოდ მიჩნევა; მოპასუხის მიერ ყველა შეტყობინებისა და ქვითრის შევსება სემეკის 2006 წლის ¹1 დადგენილების მეცხრე მუხლის მიხედვით ყველა მონაცემის აღრიცხვით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ს-ძეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2002 წლის 5 აგვისტოდან 2006 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის - 465 ლარისა და 89 თეთრის გადახდა. სს „ს.-ს“ დაეკისრა 2006 წლის 13 იანვრიდან ბ. ს-ძის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოახდინოს ტექნიკურად გამართული ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გაასაჩივრა ბ. ს-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლს 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ბ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს.-ის“ დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ქუთაისის სერვისცენტრის მიმართ ბ. ს-ძის დავალიანება განისაზღვრა 1 ლარითა და 92 თეთრით. საგასახადო შეტყობინებებისა და ქვითრების სემეკის 2006 წლის 17 იანვრის ¹1 დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, შევსების ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2003 წლის მარტიდან 2005 წლის სექტემბრის პერიოდში, მოსარჩელე მოიხმარდა ე.წ. “კომერციულ დენს” და იხდიდა კიდეც შესაბამის თანხებს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე თანხებს მოსარჩელეს, მართლაც უმართებულოდ არიცხავდა, კერძოდ, როგორიცაა შეფარდებითი ჩვენება, კომუნალური დარიცხვა, ჩვენების კორექტირება, პირობითი მოხმარება, ვალის შესწორება და ა.შ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის მოხმარების თანხის დარიცხვისას დარღვეულია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიიის (სემეკის) 2005 წლის 6 აპრილის ¹7 „ს.-ის“ საერთო მოხმარების მრიცხველი მქონე აბონენტის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის გასაზღვრის დროებითი წესი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია კანონის დაცვით შედგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ბ. ს-ძისათვის გახარჯული ელექტროენერგიისა და შესაბამისი თანხის დარიცხვის მართზომიერებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლს 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა, სს „ს.-მ”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის სიტყვიერ განმარტებას და არ იმსჯელა იმ საკითხზე, რეალურად იყო თუ არა ბ. ს-ძე ე.წ. “კომერციული დენის” მომხმარებელი და იხდიდა თუ არა იგი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, თუ რას წარმოადგენდა ე.წ. “კომერციული დენი” და აქვს თუ არა სხვა ორგანიზაციას ელექტროენერგიის დისტრიბუციის უფლება. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელისთვის თანხების დარიცხვის უკანონობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სს „ე.-ის” საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო პერიოდში (და აქვე აზუსტებს _ დასაწყისში) არ იყო ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული და ითვლებოდა “საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტად”. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავოა 2002 წლის 5 აგვისტოდან 2006 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი კანონით მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ინდივიდუალური ბარათი ელექტროენერგიის მოხმარების თანხის დარიცხვის შესახებ.
მოსარჩელე სადავოდ ხდის სს “ე.-ის” მიერ დარიცხული თანხის კანონიერებას, რომელიც განხორციელდა 2006 წლის 29 ივნისის აქტით. ამდენად, ყურადღება გასამახვილებელია გარემოებებზე, რომლებიც მიუთითებენ ბ. ს.-ის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და ღირებულებაზე, რაც დგინდება და რეგულირდება კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალური ნორმატიული აქტებით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არის არსებითი სააპელაციო სასამართლოს მიერ მოშველიებული ტერმინის “კომერციული დენის” სამართლებრივი შინაარსისა და ბ. ს.-ისა და გარკვეული პირთა ჯგუფის მიერ ელექტრომოხმარების ფაქტის დადგენის კანონიერების საკითხის განხილვა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად კანონის მოთხოვნათა დაცვით განისაზღვრა მოსარჩელის დავალიანება და რა ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რაც უნდა შეესწავლა და შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 17 იანვრის ¹1 დადგენილებით დამტკიცებული სს “ე.-ს” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდიუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი, რადგან ენერგოკომპანიის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის საფასური მოსარჩელეს დაარიცხა აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ.
აღნიშნული წესების პრეამბულიდან ირკვევა განსახილველი ნორმატიული აქტის მიზნები, კერძოდ, მის მიზანს წარმოადგენს სს ”ს.-ის” ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, აგრეთვე, საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდიუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა.
ამრიგად, აღნიშნული წესები მიზნად ისახავს მომხმარებლის მიერ მოხმარებული (მიწოდებული) ელექტროენერგიის გადახდას და ინდივიდუალური მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი ითვალისწინებს ერთ შემთხვევაში მომხმარებლის ნებით საერთო მოხმარების მრიცხველით სარგებლობის პირობებსა და საერთო მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის განაწილების წესს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, აღნიშნული ნების არარსებობისას, უმრიცხველო მომხმარებლის საერთო მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის გამოთვლის წესს, კერძოდ, განსახილველი წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საერთო მოხმარების მრიცხველზე მიერთებული ყველა უმრიცხველო მომხმარებლის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის (ტექნიკური დანაკარგების გამოკლებით) განაწილება აბონენტებს შორის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, გარდა სამფაზა მომხმარებლებისა, რომელთაც უნდა გააჩნდეთ გამართული ინდივიდუალური ხელსაწყო და მათ მიერ მოხმარებული ელექტროე. უნდა გამოაკლდეს საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხულ ელექტროე.ს.”
ამავე წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულია მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისას გახარჯული ელექტროენერგიის გამოანგარიშების წესი.
როგორც გამომდინარეობს განსახილველი ნორმატიული აქტიდან, ელექტროენერგიის მომხმარებელი დგას ორი ალტერნატიული შესაძლებლობის წინაშე, რომლითაც განსხვავებულად რეგულირდება საერთო მოხმარების მრიცხველზე დაფიქსირებული ელექტროენერგიის გამოთვლის წესი.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მრიცხველით სარგებლობის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა შეთანხმება და მხოლოდ ამ შეთანხმებით განისაზღვრება აბონენტებს შორის საერთო მოხმარების მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიის განაწილების წესი.
აღნიშნული წესი შეიძლება არათანაბარზომიერ პირობებში აყენებდეს აბონენტებს. ამასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ¹1/1/374,379 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, A„... საერთო მრიცხველით სარგებლობა შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს ზოგიერთ მომხმარებელს...“ საერთო მრიცხველის გამოყენებასთან დაკავშირებული უთანაზომო ტვირთი, კიდევ უფრო მძიმდება ცალკეული მომხმარებლის არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგად”, მაგრამ უნდა აღინიშნოს, ამ რისკის მატარებლები არინ ყველა მომხმარებლები, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული წესი და ამდენად, ამ წესის გამოყენება დაკავშირებულია მოსახლეობის მიერ უმრიცხველოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის ნორმატიულ მექანიზმთან.
ამდენად, ამ კატეგორიის აბონენტის მიერ შეიძლება არც იყოს გახარჯული იმ ღირებულების ელექტროე., რომლის გადახდაც მას უწევს. თუ ეს აბონენტი არ ასრულებს შეთანხმებულ პირობებს, გამოიყენება წესის მე-6 მუხლი.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ განსახილველი ნორმატიული აქტი, სპეციფიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ითვალისწინებს მოხმარებული ელექტროენერგიის გამოთვლის განსაკუთრებულ წესს, რაც თავისთავად ატარებს დროებით ხასიათს და დამოკიდებულია მომხმარებელთა გამრიცხვიანობასთას.
საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დარიცხული თანხის კანონიერების საკითხი, რომელიც ეხება მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის სპეციფიკას და იმ თავისებურებებს, რომლებიც ახასითებს ზოგადად უმრიცხველო მომხმარებელსა და ელექტროკომპანიის უფლება-ვალდებულებებს.
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.
კერძოდ, კასატორი არ უთითებს (არ ასაბუთებს) რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალური დარღვევები. არ უთითებს, არ ასაბუთებს უმრიცხველო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გამოანგარიშების კანონიერებზე, რაც გამორიცხავდა და გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს.
ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
ამასთან ერთად საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არ განიხილა სასამართლომ და რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ე.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.