ას-376-693-09 25 მაისი, 2009 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. ც-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ქ-ილი (შეგებეული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, შეგებეულ სარჩელში _ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან წილის განსაზღვრა, ქონების გაყოფა და საერთო ვალის ნახევრის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ც-შვილი სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ქ-ილის მიმართ განქორწინების, არასრულწლოვანი შვილის _ ა. ც-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის _ 2000 აშშ დოლარის დაკისრებისა და მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან 2/3 წილის გამოყოფის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან თითოეულის წილის დადგენა, ქონების გაყოფა და საერთო ვალის ნახევრის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე, საოჯახო დავა _ თ. ც-შვილის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრებისა და რ. ქ-ილის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა განქორწინებისა და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ გამოეყო ცალკე წარმოებად. ამავე სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ქ-ილის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა 2008 წლის 4 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი განქორწინებისა და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ც-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ც-შვილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობის, ც. დ-შვილის ადვოკატის მოწმობის, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 8 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელ ც. დ-შვილს _ ამავე წლის 11 მაისს (ტ.II, ს.ფ.113-114).
2009 წლის 14 მაისს ც. დ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, განმარტა, რომ ეთანხმება მისი წარმომადგენლის _ ც. დ-შვილის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს და, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, წარმოადგინა 2009 წლის 8 მაისს ც.დ-შვილის სახელზე გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ც-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში თ. ც-შვილს საკასაციო საჩივარს 2009 წლის 4 მაისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობის, ც.დ-შვილის ადვოკატის მოწმობის, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება თ.ც-შვილ ჩაბარდა 2009 წლის 8 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელ ც.დ-შვილს _ ამავე წლის 11 მაისს (ტ.II, ს.ფ.113-114).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 8 მაისს (ტ.II, ს.ფ.113). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 9 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 13 მაისს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. რაც შეეხება კასატორის 2009 წლის 14 მაისის განცხადებას, რომელსაც ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება, განცხადება წარმოდგენილია ხარვეზის გამოსწორებისათვის განჩინებით განსაზღვრული ვადის დარღვევით და ამასთან, მასში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ხარვეზის სრულად გამოსწორების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ც-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.