Facebook Twitter

ას-377-728-07 4 ივლისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ფირმა “ბ...ი” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ. ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში ფირმა “ბ...ის” მიმართ და მოითხოვა აღნიშნულ ფირმას დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ 1615522,63 ლარის გადახდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 11 მაისის განჩინებით შპს “ .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა, ფირმა “ბ...ს” შპს “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა 1 615 489, 63 ლარის გადახდა.

მოცემული საქმე ზემდგომ ინსტანციის სასამართლოს მიერ არა ერთხელ იქნა განხილული და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფირმა “ბ...ის” წარმომადგენელ ნ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ფირმა “ბ...ის” წარმომადგენელ ნ. ჩ-ს განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2005 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფირმა “ბ...ის” წარმომადგენელმა ნ. ჩ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განჩინებით ფირმა “ბ...ის” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, მოცემული განჩინების ასლი ფირმა ბ...ს ჩაბარდა 2007 წლის 14 ივნისს, ხოლო ნ. ჩ-ს სახელზე გაგზავნილი განჩინების ასლი დაბრუნდა უზენაეს სასამართლოში აღნიშვნით, რომ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფირმა “ბ...ის” წარმომადგენელ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით ფირმა “ბ...ის” წარმომადგენელ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის _ 50000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, ფირმა “ბ...ს” საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 14 ივნისს. აღნიშნულის მიუხედავად, ფირმა ბ...ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ასევე ბ...ის წარმომადგენელ ნ. ჩ-ს სახელზე გაგზავნილი გზავნილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაუბრუნდა უკან, ვინაიდან ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღვნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. მოცემული ნორმის თანახმად, ნ. ჩ-ს სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაბარებულად ითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ფირმა “ბ...სა” და მის წარმომადგენელ ნ. ჩ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ფირმა “ბ...ის” წარმომადგენელ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.