Facebook Twitter

ას-379-775-06 25 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ლ. და თ. კ-ები

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის განჩინება.

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-მა 2004 წლის 9 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ლ. და თ. კ-ების მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2002 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში მასთან მივიდა მოპასუხე ლ. კ-ი და სთხოვა, ვინმესგან მისთვის ესესხა ფული ერთი დღით 100 ლარზე პროცენტის _ 6 ლარის გადახდით დღეში. ასე განმეორდა რამდენჯერმე და სხვადასხვა დროს მოსარჩელემ დედა-შვილს მისცა სხვადასხვა ოდენობის თანხა, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 3800 ლარი და 300 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხებს მოპასუხეები იყენებდნენ კომერციული საქმიანობისათვის. წაღებული თანხიდან მოპასუხეებმა დააბრუნეს 2000 ლარი და 200 აშშ დოლარი. ამდენად, მათ გადასახდელი დარჩათ 1800 ლარი და 100 აშშ დოლარი.

მოსარჩელე მ. ბ-მა წარდგენილი სარჩელით მოითხოვა, მის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაკისრებოდათ 1800 ლარისა და 100 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ლ. კ-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 100 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო სარჩელის მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. და თ. კ-ს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დღის დანიშვნის შესახებ. მიუხედავად ამისა, ისინი არ გამოცხადნენ სხდომაზე. რამდენადაც სასამართლოსათვის უცნობი იყო მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოობის შესახებ, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აპელანტის წარმომადგენლის _ თ. მ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. და თ. კ-ის წარმომადგენელმა ი. ი-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის განჩინებით ლ. და თ. კ-ების წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და თ. კ-მა. კასატორთა განმარტებით, მათი წარმომადგენელი სასამართლოში დროულად გამოცხადდა, მაგრამ, სასამართლოს შენობაში მიმდინარე რემონტის გამო, ვერ შეძლო სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლა, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლო შემადგენლობის მიერ და გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორებმა ასევე მიუთითეს, რომ მათ პირადად არ შეეძლოთ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ვინაიდან ლ. კ-ი სხდომის დღეს იყო ავად, ხოლო თ. კ-ი, იძულებული იყო ეზრუნა ლ-ს ბავშვზე. აღნიშნული გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი საჩივრის განხილვის დროს, რის გამოც კასატორებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის განჩინებისა და 2005 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. და თ. კ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თნახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ კასატორებს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებულ სხვა გარემოებებს, რომელიც კასატორების გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო საჩივრის ავტორებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივანის მიერ მითითებული იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების განმარტება იმის თაობაზე, რომ მათ პირადად არ შეეძლოთ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, ვინაიდან ლ. კ-ი სხდომის დღეს იყო ავად, ხოლო თ. კ-ი, იძულებული იყო, ლ-ს ბავშვზე ეზრუნა ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ავადმყოფობა უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე, რაც კასატორს არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება, 2005 წლის 19 დეკემბერს გაცემული ცნობა ¹29, ადასტურებს, რომ ლ. კ-ი 2005 წლის 28 ნოემბრიდან 09 დეკემბრის ჩათვლით მკურნალობდა ამბულატორიულად, რაც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა, რადგან იმავე ამბულატორიის მიერ 2006 წლის 2 თებერვალს გაცემული ¹2 ცნობით დასტურდება, რომ ლ. კ-ი, 2005 წლის 5 დეკემბერს, ექიმის ბინაზე ვიზიტის დროს, სახლში არ იმყოფებოდა, ანუ მას არ ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი და შეეძლო გადაადგილება, მიუხედავად ამისა, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ არ შეიძლებოდა ცნობილიყო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა კასატორ თ. კ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თავისი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო, დაეტოვებინა მისი მცირეწლოვანი შვილი, რადგან ლ. კ-ი არ იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ მოევლო თავისი შვილისათვის, შესაბამისად, თ. კ-ის გამოუცხადებლობაც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვერ ჩაითვლებოდა საპატიოდ.

კასატორებმა ვერ დაადასტურეს შესაბამისი მტკიცებულებით ის გარემოება, რომ მათ წარმომადგენელს, თელავიდან წამოსვლისას, გზაში ავტომანქანა დაუზიანდა. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში რემონტის გამო, მათმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო, დროულად მოეძებნა დარბაზი, სადაც სხდომა ტარდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ, მიუხედავად შენობაში მიმდინარე რემონტისა, მხარეებს შეუფერხებლად შეეძლოთ სასამართლო პროცესზე დასწრება, თუ ისინი სასამართლოში დროულად გამოცხადდებოდნენ. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, სხდომა დანიშნული იყო 12 საათზე და დაიწყო 12 სთ.25 წუთზე, გამოცხადებული მხარე სასამართლო სხდომის მდივნის მიერ წარმოდგენილ იქნა სხდომის დარბაზში, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს არც მოწინააღმდეგე მხარეები და არც მათი წარმომადგენელი სასამართლოს შენობაში არ გამოცხადებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მართებულად არ ცნო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2006 წლის 4 აპრილის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. და თ. კ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.