Facebook Twitter

საქმე №5აპ-16. ქ. თბილისი

ჩ-ე გ.–5აპ-16 19 აპრილი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. გ-ს

ადვოკატ – ლ. ჩ-ს

მსჯავრდებულ _ გ. ჩ-ს

მონაწილეობით განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ გ. ჩ-ს, _ ნასამართლობის არმქონეს, _ ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2015 წლის 19 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ ... მიმდებარედ, ოჟიო-ალავერდის საავტომობილო გზის გვერდით მდებარე ე. ა-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან გ. ჩ-მ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოიღო ვენახის ბეტონის 45 სარი და დაეუფლა მათ. თითოეული სარის ღირებულება შეადგენდა 5 ლარს, შესაბამისად, აღნიშნული ქურდობის შედეგად ე. ა-ს მიადგა 225 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. გ. ჩ-მ ოჟიო-ალავერდის საავტომობილო გზის გვერდით მდებარე ლ. ჯ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოიღო ვენახის ბეტონის 130 სარი და დაეუფლა მათ. თითოეული სარის ღირებულება შეადგენდა 6 ლარს, შესაბამისად, აღნიშნული ქურდობის შედეგად ლ. ჯ-ს მიადგა 780 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენით გ. ჩ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ლ. ჯ-ს ეპიზოდი); იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ე. ა-ს ეპიზოდი) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. გაუქმდა გ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინებით დაყადაღებულ მ. ჩ-ს უძრავ ქონებას (მდებარე – თბილისში, ვარკეთილის დასახლება, მე-3 მასივი, მე-.. კვარტალი, მე- .. კორპუსი) მოეხსნა ყადაღა.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ს-მ. მან ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენის შეცვლა ლ. ჯ-ს ეპიზოდში გ. ჩ-ს გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი გ. ჩ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

7. კასატორი – პროკურორი შ. ს-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითება იმის შესახებ, რომ ბრალდების ფორმულირებაში ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის მიუთითებლობა ეჭვქვეშ აყენებს ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის ფაქტს - უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებითაც უტყუარად დგინდება, რომ გ. ჩ-მ ე. ა-სა და ლ. ჯ-ს კუთვნილი ორი ნაკვეთიდან 2015 წლის 19 და 20 თებერვალს მოიპარა ვენახის ბეტონის სარები, კერძოდ: ე. ა-ს ნაკვეთიდან წაიღო 45, ხოლო ლ. ჯ-ს ნაკვეთიდან – მინიმუმ 90 სარი, რომლებიც ბრალდებულმა შემდგომში მიჰყიდა გ. ფ-ს; 90 სარის ღირებულება აღემატება 150 ლარს, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

8. კასატორის აზრით, „ოჟიო-ალავერდის საავტომობილო გზის გვერდით მდებარე ლ. ჯ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი“ საკმარისია დანაშაულის ჩადენის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად; რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის დროს, მისი დაუზუსტებლობა არ ნიშნავს დანაშაულის არარსებობას; გარდა ამისა, სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის არსებობისათვის არ არის აუცილებელი დანაშაულის ჩადენის დროის დადგენა; ბრალდების დადგენილებაში ასახულია სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშანი და მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება მიჩნეული ქმედების ჩადენის დროდ, ეს ვერ მოახდენს გავლენას ქმედების კვალიფიკაციაზე.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა შ. ს-მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა ლ. ჯ-ს ეპიზოდში გ. ჩ-ს გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ორივე ეპიზოდში.

10. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. გ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

11. მსჯავრდებული გ. ჩ-ე და მისი ადვოკატი ლ. ჩ-ი არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ს-ს საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უპირველეს ყოვლისა, პალატა მიუთითებს, რომ არ აფასებს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას გ. ჩ-ს მსჯავრდების შესახებ ე. ა-ს კუთვნილი ბეტონის სარების ქურდობის ეპიზოდში, ვინაიდან ასეთი მოთხოვნით მხარეებს საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავთ.

3. რაც შეეხება გ. ჩ-ს გამართლებას ლ. ჯ-ს კუთვნილი ბეტონის სარების ქურდობის ეპიზოდში, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მისი უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ეჭვის გამომრიცხავად და უტყუარად არის დადგენილი გ. ჩ-ს მიერ ლ. ჯ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბეტონის სარების დაუფლების ფაქტი, კერძოდ:

4. დაზარალებული ლ. ჯ-ი ჩვენებაში უთითებს, რომ მისი ნაკვეთიდან მოპარული იყო 130 ცალი სარი, რითაც მას მიადგა 780 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მოწმე გ. ფ-მა აჩვენა, რომ მან გ. ჩ-სგან შეიძინა 135 ცალი სარი, რაშიც 610 ლარი გადაუხადა, ხოლო თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან 45 ცალი სარი მოიპარა ე. ა-ს კუთვნილი ვენახიდან, გ. ფ-სთვის მიყიდული დანარჩენი სარები კი ლ. ჯ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ჰქონდა წამოღებული. აღნიშნული უდავო მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა გ. ჩ-მ სწორედ ხსენებული მიწის ორი ნაკვეთიდან მოიპარა სარები, რომელთაგან, ბრალდებულისვე განმარტებით, 45 ცალი იყო ე. ა-ს საკუთრება, ხოლო დანარჩენი - ლ. ჯ-ს.

5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული „ოჟიო-ალავერდის საავტომობილო გზის გვერდით მდებარე ლ. ჯ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი“ საკმარისია დანაშაულის ჩადენის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად; რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის დროს, მისი გამორჩენა არ ნიშნავს დანაშაულის არარსებობას იმ ვითარებაში, როცა უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება დანაშაულის ჩადენის დრო, კერძოდ: დაზარალებულ ლ. ჯ-ს, ბრალდებულ გ. ჩ-სა და მოწმე გ. ფ-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ქმედების ჩადენის დრო მოიცავს 2015 წლის 19 თებერვლიდან იმავე წლის 22 თებერვლამდე პერიოდს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის შესაძლებლობას, ხოლო სხვა მხრივ ზუსტი დროის დაუდგენლობა კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის არსებობისათვის არ არის აუცილებელი დანაშაულის ჩადენის დროის დადგენა.

6. საკასაციო პალატა არ იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გ. ჩ-ს ბრალეულობას ეჭვის ქვეშ აყენებს ასევე ის ფაქტი, რომ მან ჯამში 135 სარი მიჰყიდა გ. ფ-ს, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ 45 ცალი, გ. ჩ-ს განმარტებით, ეკუთვნოდა ე. ა-ს, რაც თავის მხრივ თანხვდენილია ე. ა-ს ჩვენებასთან, გამოდის, რომ 130 ცალი სარი ლ. ჯ-ს ვერ იქნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს ბრალდებულის ჩვენებაზე, სადაც იგი განმარტავს, რომ ამოღებისას ემტვრეოდა სარები, რის გამოც მეორე დღეს გაყიდული სარების ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს, რაც სრულიად დამაჯერებლად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არ აღმოჩნდა გაყიდულ სარებს შორის ლ. ჯ-ს კუთვნილი 135 სარიდან ყველა მათგანი. პალატა აღნიშნულ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს ასევე გ. ფ-ს ჩევნებაზე, რომელიც ადასტურებს ამ ნაწილში ბრალდებულის ჩვენებას, კერძოდ, იგი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მიჰყიდა სარები, ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩ-ე ნამტვრევებსაც გაამზადებდა და დაურეკავდა.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ჩ-ს ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა (ლ. ჯ-ს ეპიზოდი), რაც საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველია.

8. რაც შეეხება სასჯელს, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და იმის გათვალსწინებით, რომ მან აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთნ, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მისთვის ბრალდების ორივე ეპიზოდში სანქციის მინიმუმის განსაზღვრა და 63-64-ე მუხლების სფუძველზე პირობით ჩათვლა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჩ-ე ნასამართლობის არმქონეა, მისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის წესი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ე. ა-ს ეპიზოდი) და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. გ. ჩ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ. ჯ-ს ეპიზოდი) და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ე. ა-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ. ჯ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჩ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე