Facebook Twitter

¹ას-381-698-09 29 ივნისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. მ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. მ-ძის მიმართ ხელშეკრულების დარღვევის გამო მისი ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანის _ 2542,50 ლარისა და ჯარიმის _ 14000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2005 წლის 30 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლის 7.3 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ვალდებული იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში სამინისტროსათვის აენაზღაურებინა კონტრაქტით დარჩენილი ვადის შესაბამისი ჯარიმა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 2542,50 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის 2005 წლის 30 მარტს გაფორმებული «თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» შრომითი ხელშეკრულების 7.3 მუხლის ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ¹20232 სამხედრო ნაწილი, რომელშიც ო.მ-ძე მსახურობდა, დისლოცირებული იყო ქ.ბათუმში. აღნიშნულით ო.მ-ძეს უადვილდებოდა ოჯახის _ ავადმყოფი მეუღლისა და ბავშვის მოვლა, თუმცა მოგვიანებით, სამხედრო ნაწილის ქ.ქუთაისში გადაყვანის გამო, მან მიმართა ხელმძღვანელობას მძიმე ოჯახური პირობების გათვალისწინებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, ო.მ-ძე სამუშაოდან გათავისუფლდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. შრომითი ხელშეკრულების სადავო პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შრომის კანონთა კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილს და არსებობს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, 55-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 91-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ო. მ-ძეს დაეკისრა 2542,50 ლარის გადახდა, ხოლო ჯარიმის _ 14 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კი ო.მ-ძემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო ო. მ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ო.მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო.მ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2005 წლის 30 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ო. მ-ძეს შორის დაიდო ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹2845 ბრძანებით ო.მ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2005 წლის 26 სექტემბრიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მეორე თავის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე. სამხედრო სამსახურის გავლის დროს 2005 წლის 30 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ო.მ-ძემ მიიღო კუთვნილი შრომის ანაზღაურება 2542,50 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ვადა შეადგენს 4 წელს, 3.2 პუნქტით კი სამხედრო სამსახურის პირველი სამი თვე სამხედრო მოსამსახურის სწავლებისა და მომზადების პერიოდია, რაც შედის 3.1 მუხლში აღნიშნულ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. კონტრაქტის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, «სამხედრო მოსამსახურეს» ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი 1 კატეგორიის ხელფასის სახით, თვეში 447 ლარის ოდენობით, მე-5 მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს 4.1 მუხლში აღნიშნული ხელფასი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან, მათ შორის, მომზადების პერიოდშიც უზრუნველყოფილია სათანადო ანაზღაურებით, ხელფასით. ო.მ-ძემ დაარღვია კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.6 პუნქტი, რის გამოც სამინისტრო იძულებული იყო შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის გამო სამინისტროს მიადგა 2542,50 ლარის ოდენობის ზიანი. პალატის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტისას მოსამსახურის პასუხისმგებლობას არ ადგენს, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 407-ე და 414-ე მუხლებს. სასამართლომ ჩათვალა, რომ, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, მისი ვადამდე შეწყვეტა უნდა შეიცავდეს სამართალდარღვევის შემადგენლობის ყველა ისეთ მახასიათებელ აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. პალატამ მიიჩნია, რომ ო.მ-ძემ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, ანუ არსებობს მართლწინააღმდეგობა და ბრალი, თუმცა არ დასტურდება ზიანის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სათანადო მტკიცებულებებს არ ეფუძნება თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება ო.მ-ძის მიერ მიყენებული ზიანის _ 2542,50 ლარით განსაზღვრისა და აღნიშნული თანხის ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის გაწეულ დამატებით ხარჯად მიჩნევის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 20232-ე სამხედრო ნაწილის მეთაურისა და ფინანსისტის მიერ გაცემული 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹1628 ცნობით დასტურდება, რომ ო.მ-ძემ სადავო თანხა მიიღო კუთვნილი შრომის ანაზღაურების სახით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო ანაზღაურება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ზიანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაადასტურა, თუ რა ოდენობის თანხა დაიხარჯა ო.მ-ძის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში, კონტრაქტის დარღვევის შემდეგ მოამზადა თუ არა ახალი სამხედრო მოსამსახურე და რა თანხა დაიხარჯა ამისათვის, ასევე სადავო კონტრაქტის დარღვევით მიადგა თუ არა სამინისტროს მატერიალური ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან დაადგინა, რომ საქმე პირველი ინსტანციის წესით განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გააუქმა. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა კასატორის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რადგან ო.მ-ძისათვის ცნობილი იყო მის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში კონტრაქტის 8.2, 8.3 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი სადავო კონტრაქტის მიმართ მდგომარეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფაში. სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას საჭიროა მისი სხვა მოსამსახურით ჩანაცვლება, რაც გარკვეულ ხარჯთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ხელფასი და სხვა სახის დანამატი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი განსჯადობის წესები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2005 წლის 30 მარტს ო. მ-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი კონტრაქტი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹2845 ბრძანებით შეწყდა. თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ, ო.მ-ძემ კი შეგებებული სარჩელით მოითხოვა კონტრაქტის ნაწილის ბათილად ცნობა. ამდენად, მხარეთა შორის დავა წარმოიშვა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული სამართლის ნორმებით, შეეფასებინა სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების კანონიერება «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონთან, «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებასთან მიმართებით, აღნიშნულის შემდეგ კი ემსჯელა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამოქალაქო-სამართლებრივ საკითხებზე. ამასთან ნიშანდობლივია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავი დასაშვებად თვლის ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმების გამოყენებას.

ამდენად, მოცემული დავა განხილულია კანონით დადგენილი განსჯადობის წესების დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.