ას-383-734-07 19 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ქ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “.. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “.. ..ის” მიმართ და მიუთითა, რომ 1986 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში. 1999 წელს მოპასუხე ორგანიზაციამ გარკვეული მიზეზების გამო შეაჩერა თავისი საქმიანობა, მაგრამ მოსარჩელე დატოვეს სამსახურში ამწის მოვლა-პატრონობისათვის. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 15 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების შემცირებასთან დაკავშირებით. ლ. ქ-მა სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციას - შპს „.. ..ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 11100 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ს სარჩელი მოპასუხე შპს “.. ..ის” მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე შპს “.. ..ს” დაეკისრა მიუღებელი ხელფასის - 150 ლარის გადახდა 1999 წლის ივნისიდან 2004 წლის 15 დეკემბრამდე სულ 9970 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “.. ..მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გაგაწყვეტილებით შპს “.. ..ის” წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ქ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “.. ..ს” ლ. ქ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1800 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 97-ე მუხლი, მუშაკის დათხოვნისას სადავოდ ქცეული კუთვნილი თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის შესახებ, მაგრამ მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 2141 მუხლი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 2141 მუხლი და უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 207-ე მუხლი. კასატორი მიუთითებს, რომ საპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში (მოსარჩელის) გამოუყენებელი შვებულების ფულად კომპენსაციაზე და მოსარჩელის გაფრთხილების გარეშე თავიანთი ინიციატივით დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით ლ. ქ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ლ. ქ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ქ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.