Facebook Twitter

¹ ას-383-778-06 24 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ჩ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. პ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე _ .. .. ..

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საზოგადოების დამფუძნებელთა კრების ოქმის, წესდების, პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და ნ. ჩ-ების მიმართ საზოგადოების დამფუძნებელთა კრების ოქმის, წესდების, იჯარა-გამოსყიდვით დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების, ასევე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1993 წლის 11 თებერვალს მოსარჩელემ და მოპასუხე თ. ჩ-მ დააფუძნეს შპს “საქართველოს ი. ა.”, რომელიც განთავსდა ქ.თბილისში, ... ქ.¹13-ში მდებარე 159,81 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართში, ე.წ. “თბ” კი _ ქ.თბილისში, ... ქ.¹22ა-ში მდებარე 225,72 კვ.მ-ში. საზოგადოების პრეზიდენტად დაინიშნა თ. ჩ-ა, ხოლო გენერალურ დირექტორად _ მ. პ-ი. ნ. ჩ-ი. მათ საქმიანობაში არ მონაწილეობდა, თუმცა ძმის _ თ. ჩ-ს ხელშეწყობით უკანონოდ მოახდინა ზემოხსენებული ფართის თავის სახელზე პრივატიზება. 1998 წლის 25 თებერვალს მოპასუხეებმა, მოსარჩელის გაუფრთხილებლად, ჩაატარეს საზოგადოების დამფუძნებელთა საერთო კრება, მიიღეს წესდება და შექმნეს საწესდებო ფონდი. აღნიშნულის შედეგად მ.პ-ი ფაქტობრივად ჩამოშორდა საზოგადოების ფუნქციონირებას.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება საქართველოს .... სამმართველო.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. პ-ის სარჩელი კვლავ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის განჩინებით მ.პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. და ნ. ჩ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით შედგენილი საკასაციო საჩივრის, საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად. ამავე სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ხოლო თ. ჩ-ს საკასაციო პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელდა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 17348,85 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, თ. ჩ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 4 იანვარს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ. და თ. ჩ-ებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ხოლო თ. ჩ-ს ამავე სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელდა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, თ. ჩ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 4 იანვარს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში თ. ჩ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.