Facebook Twitter

ას-38-392-07 15 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

სხდომის მდივანი – გ. უპტაშვილი

კასატორები: 1. შპს «ტ.-ი» (მოპაუხე)

წარმომადგენელი _ მ.წ.-ი

2. ლ. შ.-ის უფლებამონაცვლე დ. შ.-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ.ჭ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. შ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ტ.-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მუშაობდა ამიერკავკასიის „ტ.-ში“, რომლის რეორგანიზაციის შემდეგ მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სს „ტ.-ი“. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს ლ.შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადახდა. გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდისათვის მითითებული სხვაობა შეადგენდა ყოველთვიურად 172,11 მანეთს. 1945 წლის შემდეგ ორგანიზაციაში ხელფასის ოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა და მოპასუხეს ხელფასსა და პენსიას შორის შეცვლილი ოდენობის სხვაობა უნდა გადაეხადა. შპს „ს.-ის“ ფილიალის თბილისის ... დეპოს 2003 წლის 23 ივნისისა და 17 ივლისის ცნობებითა და შპს „ა.-ის“ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით, სს „ტ.-ის“ დავალიანება 1995 წლიდან სასამართლოში სასარჩელო განცხადების შეტანამდე შეადგენს 7605,78 ლარს. სს „ტ.-ს“ ლ.შ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე სარგებლის _ 3945,75 ლარისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის, სულ _ 12051 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო შემდეგი დასაბუთებით: საზოგადოება ყოველთვიურად უხდიდა მოსარჩელეს სარჩოს სს «ტ.-ში» მომუშავე მემანქანეთა საშუალო ხელფასის მიხედვით, შესაბამისად, სადავო დავალიანება გამოანგარიშდა აღნიშნული ხელფასიდან გამომდინარე. სს „ტ.-ის“ დავალიანება ლ. შ.-სადმი შეადგენს 2205 ლარს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტისა და ადვოკატების თანხების დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.შ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ტ.-ს“ ლ.შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2205 ლარის, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების _ 500 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 67,63 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. შ.-მ თავისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. შ.-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს „ტ.-ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანება 5400 ლარისა და პროცენტის სახით დარიცხული სარგებლის _ 3945,75 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამავე სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ.შ.-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2004 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება 1000 ლარის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება სს «ტ.-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. შ.-ე გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი შვილი _ დ. შ.-ე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 27 მაისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სს „ტ.-სათვის“ 2205 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და სს „ტ.-ს“ დ. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1145 ლარის გადახდა, სარჩელი პროცენტის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1979 წლის 29 მარტს ლ. შ.-ე მუშაობდა რა ... დეპოში მემანქანედ, ამიერკავკასიის ...-ის ბრალით მიიღო ტრავმა. თბილისის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, ამიერკავკასიის ...-ს ლ. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზარალის _ 172 მანეთისა და 11 კაპიკის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ ლ.შ.-სათვის მიყენებულ ზიანს წარმოადგენს ხელფასი, რომელსაც იგი ტრავმის არარსებობის შემთხვევაში მიიღებდა, ამდენად, ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა უნდა მოხდეს ... დეპოს ხელფასის ოდენობის მიხედვით, სადაც მოსარჩელე მუშაობდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს «ს.-ის» ფილიალის თბილისის ... დეპოს მემანქანის ხელფასიდან გამომდინარე, სადავო ზიანის ოდენობა 2000 წლის ივლისიდან 2001 წლამდე შეადგენს 1722 ლარს, 2001 წლიდან 2002 წლამდე _ 344 ლარს, 2002 წლიდან 2003 წლამდე _ 4031 ლარს, 2003 წლის იანვრიდან 2003 წლის აგვისტომდე _ 3038 ლარს, საიდანაც ლ.შ.-მ მიიღო 2000 წლის ივლისიდან 2001 წლამდე _ 937 ლარი, 2001 წელს _ 2390 ლარი, 2002 წელს _ 2793 ლარი, 2003 წლის აგვისტომდე _ 1765 ლარი, ამდენად, სს «ტ.-ის» დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4350 ლარს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ საქმის წარმოების პროცესში მიღებული 2205 ლარი და 1000 ლარი და მოსარჩელეს აუნაზღაურდეს 1145 ლარი. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 401-ე მუხლების გამო, ვინაიდან შპს «ს.-ის» ... დეპოში მემანქანის ხელფასის ცვლილებასთან დაკავშირებით ლ. შ.-ს ზიანის ოდენობის გამოანგარიშება არ მოუთხოვია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობა მოპასუხის ბრალით არ იყო გამოწვეული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დ. შ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს «ტ.-სათვის» 2000 წლის ივნისიდან 2003 წლის აგვისტოს ჩათვლით დავალიანების _ 6427 ლარისა და პროცენტის _ 2081 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს მოსამართლე ზ.კ.-ა, რომელსაც საქმის საბოლოო გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მეორე პუნქტი, რაც, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა იმ ნაწილში, რომელიც აპელანტს არ გაუსაჩივრებია, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესები, კერძოდ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა 9346,53 ლარის დაკისრებაზე სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ კი გააუქმა მისი კანონიერ ძალაში შესული ნაწილი მოპასუხისათვის 2205 ლარის დაკისრების თაობაზე, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში იძულებით აღსასრულებლად მიქცეული 1000 ლარის შესახებ არ აღუნიშნავს, რაც გადაწყვეტილებას ბუნდოვანს ხდის. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო თანხის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო ... დეპოს ხელფასის მიხედვით, სადაც ლ.შ.-ე მუშაობდა, ვინაიდან ტრავმის მიღების შედეგად მოსარჩელეს მოადგა მითითებული ხელფასის ოდენობის ზიანი, თუმცა ფაქტობრივად გასაჩივრებული გადაწყვეტილების მონაცემები სს «ტ.-ის» მიერ წარდგენილი უწყისების მონაცემებს არ შეესაბამებოდა. მოპასუხემ 2000 წლის ივნისიდან 2003 წლის აგვისტომდე გადაიხადა 5998 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 12425 ლარი, მათ შორის სხვაობაა 6427 და არა 1145 ლარი. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ ... დეპოს ხელფასის შეცვლის შემდეგ ლ.შ.-ს ზიანის ოდენობის გადაანგარიშება არ მოუთხოვია და გადახდის ვადის გადაცილება მოპასუხის ბრალით არ მომხდარა, ვინაიდან არ არსებობს რაიმე კანონი, რომელიც დელიქტით გამოწვეული ზიანის გადაანგარიშებას ითვალისწინებს, არამედ ზიანის ოდენობა განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 401-ე მუხლი და უნდა ეხელმძღვანელა 403-ე მუხლის პირველი პუნქტით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასევე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „ტ.-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან, ერთის მხრივ, სასამართლო თვლის, რომ სადავო ზიანის გამოთვლა უნდა მოხდეს ... დეპოს ხელფასიდან, სადაც ლ.შ.-ე მუშაობდა, ხოლო, მეორეს მხრივ, იზიარებს მოპასუხის შესაგებლის დასაბუთებას, რომ შპს «საქართველოს რკინიგზის» ... დეპოში მემანქანის ხელფასის ცვლილებასთან დაკავშირებით ლ.შ.-ს ზიანის ოდენობის გადაანგარიშება არ მოუთხოვია, ამდენად, აღნიშნული ზიანი შეადგენს 172,11 მანეთს და კასატორის მიერ ლ.შ.-სათვის მემანქანის საშუალო ხელფასიდან გადახდილი ზიანის ოდენობა წარმოადგენს საზოგადოების კეთილ ნებას. ფაქტობრივად 2000 წლის ივლისიდან 2003 წლის აგვისტომდე სს «ტ.-ის» დავალიანება მოსარჩელისადმი შეადგენდა 770 ლარს. საქმის წარმოების პროცესში, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საზოგადოებამ მოსარჩელე მხარეს გადაუხადა 3205 ლარი, რაც მითითებულ დავალიანებაზე 2345 ლარით მეტია და აღნიშნული სხვაობა კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ სს «ტ.-ისა» და დ. შ.-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დ. შ.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვას სს «ტ.-ის» მიმართ შეუდგა მოსამართლეების _ ნ.ნ.-ის (თავმჯდომარე), ზ.კ.-სა და მ.ფ.-ს შემადგენლობით. საქმის განხილვა რამოდენიმეჯერ გადაიდო და, როგორც სააპელაციო პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მოსამართლე ნ.ნ.-ის, მ.ფ.-სა და თ.ზ.-ის მონაწილეობით. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლე თ.ზ.-ის ნაცვლად, ხელს აწერს მოსამართლე ზ.კ.-ა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იგი ხელმოწერილია არა ამ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების მიერ. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსამართლეების _ ნ.ნ.-სა და მ.ფ.-სთან ერთად საქმის განმხილველი მოსამართლე თ.ზ.-ის მიერ ხელმოწერილი არ არის და მის ნაცვლად, გადაწყვეტილებას არასწორად ხელს აწერს მოსამართლე ზ.კ.-ა, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ დ. შ.-ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამასთან, მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობაზე ვერ იმსჯელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს «ტ.-ისა» და დ. შ.-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ტ.-ისა» და დ. შ.-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.