Facebook Twitter

ას-385-780-06 19 მარტი, 2007 წ. ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გაზეთი “ .. ..” რედაქცია (მოპასუხე)

დავის საგანი _ ბოდიშის საჯაროდ მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჩ-მ 2005 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გაზეთ “ .. ..” რედაქციის მიმართ და მოითხოვა გაზეთის რედაქტორისა და ჟურნალისტის ნ. ბ-ს მიერ მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიის გამო იმავე გაზეთის მეშვეობით ბოდიშის საჯაროდ მოხდა და მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისათვის, საქმიანი რეპუტაციის შელახვის, სულიერი და ფიზიკური ტკივილის მიყენებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1991 წლიდან მუშაობს ... საშუალო სკოლაში ... მასწავლებლად. 2003 წლიდან არის ... წევრი. 2004 წლის 12 ივლისს იგი გაძარცვეს, სამართალდამცავებმა დააკავეს დამნაშავე, თუმცა ამ საქმის ინიციატორი არ გამოკვეთილა. მოსარჩელის მოსაზრებით, ამ დანაშაულის ხელშემწყობია სოფლის გამგებელი, მან მოსარჩელეს დაუპირისპირა რამდენიმე მეზობელი დამნაშავეთა მხრიდან, ნ. მ-ს დააწერინა საჩივარი თითქოს მის შვილს ავიწროებდა. 2005 წლის 24 აპრილს საკრებულოში გაიმართა გაფართოებული კრება, სადაც განიხილა მოსარჩელის მასწავლებელ ნ. ჩ-ს სოფლიდან მოკვეთის საკითხი. ამ კრებას თავად მოსარჩელე არ ესწრებოდა. აღნიშნული კონფლიქტის თაობაზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია გაზეთში “ .. ..”. პუბლიკაციაში რედაქციამ გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფორმაცია: დღეისათვის სოფელ ... მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება იმის თაობაზე, რომA ნ. ჩ-ა მოკვეთილ იქნას სოფლიდან და აღკვეთილ იქნას მისი ქმედება. ზემოაღნიშნული ფრაზით შეილახა მოსარჩელის პატივი და ღირსება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე _ მოპასუხე გაზეთ “ .. ..” რედაქციისაგან მორალური ზიანის 10 000 ლარის გადახდაზე და ამავე გაზეთის საშუალებით საჯაროდ ბოდიშის მოხდაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მითითებით მისი პატივი და ღირსება შეილახა არა სარედაქციო მინაწერით, არამედ რედაქციის მიერ აპელანტთან მიმართებით სიტყვის “მოკვეთილი” გამოყენებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმისათვის, რომ ცალკე აღებული ესა თუ ის სიტყვა მოექცეს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის რეგულირების სფეროში, საჭიროა, რომ იგი წარმოადგენდეს ცილისწამებას, უხამსობას, პირდაპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას ან მუქარას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სიტყვა “მოკვეთა” არ ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და შესაბამისად, არ არის უხამსი და არ არის პირდაპირ შეურაცხმყოფელი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში სიტყვა “მოკვეთილი” გამოყენებულია არა მოწოდების, წაქეზების ან მუქარის მიზნით, არამედ ფაქტის აღსანიშნავად, იმის საჩვენებლად თუ რისთვის გროვდება ხელმოწერები. სააპელაციო სასამართლომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტზე მითითებით ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარედაქციო მინაწერის ცილისწამებად მისაჩნევად საჭირო იყო იმის დამტკიცება, რომ სოფელ ... არ მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება ან მიმდინარეობდა, მაგრამ არა ნ. ჩ-ს სოფლიდან მოკვეთის მიზნით. ნ. ჩ-ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოფელ ... არ გროვდებოდა ხელმოწერები მისი სოფლიდან მოკვეთისა და ქმედებების აღკვეთის თაობაზე. იმ შემთხვევაშიც თუ დადასტურდებოდა გაზეთის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელების ფაქტი, სააპელაციო საჩივარი მაინც არ დაკმაყოფილდებოდა. გაზეთი “ .. ..” დაცული იყო საქართველოს კანონის “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” მე-15 მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორის მითითებით, არასწორია სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისი პატივი და ღირსება შეილახა არა სარედაქციო მინაწერით, არამედ რედაქციის მიერ მის მიმართ სიტყვის “მოკვეთილის” გამოყენებით. კასატორმა მიუთითა, რომ მისი პატივი და ღირსება შეილახა სწორედ სარედაქციო მინაწერით და არა მხოლოდ სიტყვა “მოკვეთილის” გამოყენებით. სარედაქციო მინაწერი არის ცილისწამება და პირადი შეურაცხყობა, რადგან არანაირი ხელმოწერები არ გროვდებოდა სოფელში მის წინააღმდეგ. კასატორის მითითებით, სიტყვა “მოკვეთილი” საერთოდ კრებაზე არ გამოყენებულა არცერთი რესპოდენტისაგან. ეს არის თავად რედაქციის მიერ გამოყენებული სიტყვა მისი ავტორიტეტის შესალახავად. გაზეთმა გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი სტატია ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წლის 16-22 მაისის გაზეთ “ .. ..” გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელსაც ერთვოდა სარედაქციო მინაწერი: “დღეისათვის სოფელ ... მიმდინარეობს ხელმოწერები იმის თაობაზე, რომ ნ. ჩ-ა მოკვეთილ იქნას სოფლიდან და აღკვეთილ იქნას მისი ქმედება”. კასატორის მითითებით, აღნიშნული სარედაქციო მინაწერით შეილახა მისი პატივი და ღირსება; ეს ფრაზა წარმოადგენს ცილისწამებასა და მის შეურაცხყოფას. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკირება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის ზემოაღნიშნული სარედაქციო მინაწერი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მას ზიანი მიადგა. ნ. ჩ-ს მიერ კი სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დადასტურებული არ ყოფილა გაზეთში გამოქვეყნებული ფრაზების სიმცდარე და არც ის გარემოება, რომ მას ასეთი განცხადებებით ზიანი მიადგა. ზემიოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორ ნ. ჩ-ს მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სწორად ეთქვა უარი, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილის მეოთხე წინადადების თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. რადგან მოცემულ შემთხვევაში არ არის დადასტურებული გაზეთ “ .. ..” მიერ ნ. ჩ-ს პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი, საკასაციო პალატა თვლის, რომ შესაბამისად, არ არსებობს ზემოხსენებული ნორმის გამოყენების საფუძველი.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშულებით. ეს პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრესისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე გაზეთ “ .. ..” მიერ დაცულია “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ჩ-ს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.