Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-386-781-06 14 ივლისი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი),

რ. ნადირიანი

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 18 აგვისტოს ვ. დ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების აჭარის ა/რ ... სამინისტროსა და შპს «ს-ის» მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1977 წელს ქ.ბათუმში თავის კუთვნილ ბინაში, დაიდგა ტელეფონი, ნომრით ... იგი ყოველთვიურად, როგორც კეთილსინდისიერი აბონენტი‚ იხდიდა გადასახადს. 2003წ. აგვისტოში, ტელეფონი გაუთიშეს იმ მოტივით, რომ ძველ კაბელს ცვლიდნენ ახლით. ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ 2-იანი ინდექსი გადადის სამიანზე ფირმა «ს-ის» მიერ და ითხოვენ 200 ლარს.

2003წ. სექტემბერში, მიმართა ქ.ბათუმის მერს – გ. ა-ძეს თხოვნით, რომ როგორც ინვალიდისთვის შეენარჩუნებინათ მისთვის წინანდელი ნომერი, ან დაეკლოთ ფასი. ბათუმის მერმა განცხადება ... სამინისტროს გადაუგზავნა, მან კი თავის მხრივ შპს «ს-ს». 2003წ. ოქტომბრიდან დადიოდა შპს «ს-ში» თხოვნით, რომ აღედგინათ მისი ძველი ნომერი ან ჩაერთოთ ახალი, სადაც ისევ 200 ლარი მოსთხოვეს. შემდგომ, მიმართა ქ.ბათუმის სატელეფონო საამქროს, სადაც აცნობეს, რომ ძველი ნომრის 2-იანი ინდექსით აღდგენა შეუძლებელია, რადგან მისი უბანი 3-იანის გადართვის ზონაშია მოქცეული და გადართვის თაობაზე კი შპს «ს-ის» დირექტორს უნდა მიმართოს. შპს «ს-ი» არც ერთ განცხადებაზე პასუხს არ აძლევდა. 2004წ. 21 ივნისს, ჩაურთეს ტელეფონი ნომრით ... ამ ფაქტის გამო მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, გადაიტანა დიდი სულიერი ტანჯვა და მიიღო მორალური ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. დ-ძის სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ვ. დ-ძის სარჩელი შპს «ა. ე-ის» მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს «ს-ის» მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, სსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. დ-ძემ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე, სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე, შეამოწმა კასატორ ვ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. მოცემული …მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს‚ სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა მოცემულია სსკ-ის 397-ე მუხლში, რომელიც საკასაციო საჩივრის შეტანის ვადას ეხება.

სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოში სხდომას და გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა თვითონ კასატორი ვ. დ-ძე. სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი კასატორის დას _ ირა დ-ძეს ჩაბარდა 2006წ. 29 მაისს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს გაშვებული აქვს კანონით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადა, რადგან მან საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2006წ. 6 ივლისს, ე.ი. ერთი თვისა და 6 დღის შემდეგ.

სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელიწ. შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. რადგან მოსარჩელე ვ. დ-ძემ გაუშვა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. დ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.