საქმე №ბს-11(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ლა.კ-ე, კ.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ზედდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მონაცემებთან
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2025წ. გადაწყვეტილებით ლ.კ-ის სარჩელი მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის 14.07.2022 წლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 27.02.2023 წლის №... გადაწყვეტილება, 03.04.2023 წლის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 18.05.2023 წლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 02.06.2023 წლის №... გადაწყვეტილება წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, 14.06.2023 წლის №... გადაწყვეტილება წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, 19.06.2023 წლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 14.07.2023 წლის №... გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დარეგისტრირდება ლ.კ-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, სოფ. ..., ფართობი 1500 კვ.მ.) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2025წ. განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 06.10.1992 წლის №11 კეკ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ლ.კ-ეს საკუთრებაში გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, (თითოეულის ფართობი - 0.15 ჰა, ნაკვეთების დასახელება: „...“ და „...“), რომელთაგან ...ის ტერიტორიაზე გადაცემული მიწის ნაკვეთი უკვე დაირეგისტრირა, ხოლო საჯარო რეესტრში 14.04.2022 წელს წარდგენილი განცხადებით მოითხოვა „...-ს“ ტერიტორიაზე გადაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არა ერთხელ იქნა მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ და მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთა იდენტურობა, ასევე სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თუმცა მუნიციპალიტეტის მიერ ადგილი არ ჰქონია უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტაზე უარი იმ საფუძვლით თქვა, რომ არ ჰყავდა შესაბამისი სპეციალისტი, რის გამოც მოკლებული იყო პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მიმართვის შესაძლებლობა მარეგისტრირებელ ორგანოს არ ათავისუფლებს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის ვალდებულებისგან. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა შეფასებული დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა განცხადებები, მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები და მოსარჩელის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი. საქმის მასალებში წარმოდგენილი, ლ.კ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების - მ.ზ-ისა და მ.კ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მ.კ-ის მიწის ნაკვეთს დასავლეთით, ხოლო მ.ზ-ის მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით უდავოდ ესაზღვრებოდა ლ.კ-ის მიწის ნაკვეთი, ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დაინტერესებული პირის მიერ ასევე წარდგენილი იყო მ.კ-ისა (მ.კ-ის მემკვიდრე) და მ.ზ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები მათ მომიჯნავედ ლ.კ-ის მიწის ნაკვეთის არსებობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდებოდა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან ზედდებას, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არსებობა ვერ დააბრკოლებს ლ.კ-ის საკუთრების უფლების რეალიზებას, რამეთუ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურდა მისი საკუთრების უფლების არსებობა მოთხოვნილი ადგილმდებარეობით მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე. მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი სწორედ სახელმწიფოს მიერ გადაეცა ჯერ კიდევ 90-იანი წლებში კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა უტყუარად ვერ დადგინდა, ამასთან, უძრავი ნივთის იდენტურობის დადგენა გამგეობისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებაა, შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებები კანონიერია და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. კასატორმა მიუთითა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე, 35-ე მუხლებსა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 46-ე, 47-ე მუხლებზე, ასევე ამჟამად მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე, 107-ე, 109-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააგენტომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაცია. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.02.2017 წლის №ბს-729-721(კ-16) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილებას. მოცემულ შემთხვევაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლები ძალაშია, შესაბამისად ამ დავის ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილება ვერ გამოიწვევს საჯარო რეესტრის მიერ უძრავ ქონებაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების გაუქმებას, რაც გამორიცხავს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალებით ლ.კ-ემ 14.04.2022 წელს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფ. ...ში „...ში“, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების მასალებში დაცული საქართველოს ეროვნული არქივის 28.04.2022 წლის წერილის თანახმად, სოფ. ...ის 2001-2005 წლების მონაცემებით საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ლ.კ-ე, კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან: ლი.კ-ე (ცოლი), ლა.კ-ე (შვილი) და კ.კ-ე (შვილი). 14.04.2022 წლის განცხადებაზე თანდართული 06.10.1992 წლის №11 კეკ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ლ.კ-ეს გადაეცა მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, თითოეული 0.15 ჰა ფართობის ოდენობით (ნაკვეთების დასახელება: „...“ და „...“). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი სახელწოდებით „...“ უკვე რეგისტრირებულია და ამჟამად მოსარჩელე ითხოვს „...ის“ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი განიხილება საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, შესაბამისად წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხ. „ჟ“ ქვ.პ.).
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. მითითებული ნორმის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 14.07.2022 წელს მიმართა საბურთალოს რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, კერძოდ, №11 კეკ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მოთხოვნით (ტ. 1. ს.ფ. 104). საბურთალოს რაიონის გამგეობის 11.05.2023 წლის წერილის თანახმად, გამგეობა მოკლებულია მოთხოვნილი იდენტურობის დადგენის შესაძლებლობას შესაბამისი კომპეტენციის მქონე დარგის სპეციალისტის არარსებობის გამო. საბოლოოდ, 19.06.2023 წელს ლ.კ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის (ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის) წარუდგენლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 245-247). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.04.2023 წლის და 14.07.2023 წლის გადაწყვეტილებებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრები, სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, 25-27, 256-258). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა უფლების რეალიზაცია ვერ მოახერხა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სზაკ-ის 96.1 მუხლით გათვალისწინებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას. სარეგისტრაციო წარმოების მიმართ სზაკ-ის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა სხვა წესს არ ითვალისწინებს, ასეთ პირობებში საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან ერთად გამოიყენება სზაკ-ის ნორმები. სარეგისტრაციო სამართალურთიერთობები არის ადმინისტრაციული სამართალურთიერთობების ნაირსახეობა, თუმცა იმავდროულად მათ თავიანთი თავისებურებები გააჩნიათ (სუსგ №ბს-791-791(კ-18), 15.07.2020წ.). განსახილველ შემთხვევაში საბურთალოს რაიონის გამგეობამ უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა და აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ვერ შეძლო დარგის სპეციალისტის არარსებობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 239), ამდენად, გამგეობის წერილი ეფუძნება არა იდენტურობის უარყოფას, არამედ შესაბამისი სპეციალისტის არარსებობის გამო ასეთი იდენტურობის დადგენის შეუძლებლობას, რაც არ გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სზაკ-ის 97-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენების შესაძლებლობას (იხ. სუსგ №ბს-1256(კ-25), 30.03.2026წ.).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია №11 მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ნაკვეთის მოსაზღვრეებისა (მ.ზ-ი, მ.კ-ი) და მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის მოსაზღვრე ნაკვეთების ურთიერთშესაბამისობა. აღსანიშნავია, რომ მოსაზღვრე უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დაცულია საჯარო რეესტრში, შესაბამისად სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეესწავლა მასთან დაცული დოკუმენტები და შეედარებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუხორციელებია. საქმის მასალებში დაცული მ.კ-ისა და მ.ზ-ის ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებებით აღნიშნული პირები ასევე ადასტურებენ №11 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული („...ას“ ტერიტორიაზე მდებარე) ნაკვეთისა და ლ.კ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობას (ტ. 1, ს.ფ. 229-234). როგორ უკვე აღინიშნა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა გათვალისწინებულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (მე-41 მუხ. „ა“ ქვ.პ.). მოცემულ შემთხვევაში კი სადავო ნაკვეთის მოსაზღვრედ უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელ ორგანოს გააჩნდა მოსარჩელისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობა.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები.
განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება გამორიცხავს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას, ამასთან კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.02.2017 წლის №ბს-729-721(კ-16) გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებებისაგან. კასატორის მიერ მითითებულ №ბს-729-721(კ-16) ადმინისტრაციულ საქმეში დავის საგანი იყო ფიზიკური პირის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, რომლის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც არ გასაჩივრებულა. განსახილველ შემთხვევაში კი სარეგისტრაციო წარმოებისას ზედდების არსებობა დადგინდა თვითმმართველის ერთეულის და არა ისეთი პირის საკუთრებასთან, რომელმაც ქონება პრივატიზების გზით ან სხვა ფორმით შეიძინა. თვითმმართველი ერთეულის სახელზე სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაციით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება (შდრ. იხ. სუსგ №ბს-1008(კ-20), 16.03.2022წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში მიწის რეფორმა დაიწყო 1992 წელს, კერძოდ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992 წლის №48 დადგენილების გამოცემით დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მასობრივი განსახელმწიფოებრობა (სუსგ №ბს-121(2კ-24), 05.02.2025წ.). მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტი – მიღება-ჩაბარების აქტი თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ფორმდებოდა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ფიზიკურ პირს შორის, შესაბამისად ამ სამართალურთიერთობის მხარეს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ადგენდა მიღება-ჩაბარების აქტებს (სუსგ №ბს-824-808(გ-12), 04.04.2013წ., №ბს-578(კ-24), 16.10.2025წ.). მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრთა ხელმოწერასა და მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ბეჭედს, ამასთან აღნიშნული აქტი დადასტურებულია სოფ. ...ის თემის საკრებულოს გამგებლის ხელმოწერითა და ბეჭდით, რომელიც „გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ 29.01.1991 წლის საქართველოს რესპუბლიკის კანონიდან (ძალადაკარგულია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ 16.10.1997წ. საქართველოს ორგანული კანონით) გამომდინარე წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს. „სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების-საკრებულოს სტრუქტურის, კომპეტენციის და მუშაობის ორგანიზაციის ზოგადი საწყისების შესახებ“ 14.05.1991 წლის საქართველოს რესპუბლიკის კანონის (ძალადაკარგულია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ 16.10.1997წ. საქართველოს ორგანული კანონით) 24-ე მუხლის თანახმად შესაბამისი გამგეობა (გამგებელი) ადგილობრივი საკრებულოების აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოდ მიიჩნეოდა, ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტის გამცემი ორგანოს ფუნქციურ-ინსტიტუციური მოწყობის გათვალისწინებით სადავო უძრავი ნივთის დღეის მდგომარეობით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებობის ფაქტი ვერ იქნება განხილული მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე