Facebook Twitter

¹ას-387-703-09 8 ივნისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ პ. წ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ე. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ა-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. წ-ძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 3600 ლარის ე.ა-იანის სასარგებლოდ ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ა-იანმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ.წ-ძეს აპელანტის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 25628 ლარის, ექსპერტიზის ხარჯების _ 275 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 1025,12 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. წ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და ე.ბ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 18 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელ ე.ბ-ძეს _ ამავე წლის 19 მაისს (ს.ფ. 308-309). სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. წ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში პ. წ-ძის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და ე.ბ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება პ.წ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 18 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელ ე.ბ-ძეს _ ამავე წლის 19 მაისს (ს.ფ. 308-309).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 18 მაისს (ს.ფ. 309). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 19 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 25 მაისს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. წ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.