Facebook Twitter

ას-387-738-07 21 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. თ-ს წარმომადგენლის _ თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განაჩინებაზე, საქმეზე – გ., მ., ე., ზ. და მ. თ-ების სარჩელის გამო ლ. ფ-ის მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ., მ., ე., ზ. და მ. თ-ებმა, 2005 წლის 28 ივლისს, განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიუთითეს, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლებსა და მოპასუხე ლ. ფ-ს შორის არსებული დავა და, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე და 2003 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მის სასარგებლოდ მოპასუხეებს: გ., მ.,¸ე., ზ. და მ. თ-ებს დაეკისრათ ბინის ქირის _ 1467 ლარის გადახდა, დადგინდა გ., მ., ე., ზ. და მ. თ-ების გამოსახლება ქ.თბილისში, ... ქ. ¹2 ბინა 9-დან დათმობის ხელშეკრულებით გადახდილი 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ლ. ფ-ის მიერ დაბრუნების შემდეგ. ლ. ფ-ს უარი ეთქვა ელექტროენერგიის დავალიანების თანხის მოპასუხეებისთვის დაკისრების თაობაზე. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს, რომ თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით 1959 წელს გ. თ-ა შესახლებულ იქნა თბილისში, ... მე-2 შესახვევ ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 21.5 კვ.მ ოთახში, რომელიც გადასცა მათ მ. ყ-მა. 1960 წლის 8 თებერვლის ურთიერთხელშეკრულებით კი მ. ყ-მა შ. ა-სგან 25000 მანეთად „ასტუპნოის“ წესით იყიდა ზემოთ მითითებული ოთახი გ. და ა. თ-ებისთვის ანუ 1959 წლიდან დღემდე, 46 წლის განმავლობაში, აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს ფლობს და განკარგავს თ-ების ოჯახი, რაც დასტურდება კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით. იმის გათვალისწინებით, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონში 2005 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრეს მოსთხოვოს დაკავებულ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდა საცხოვრებელი სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, ხოლო ამჟამინდელი მესაკუთრე, მოპასუხე ლ. ფ-ე, არ აპირებს თანხის გადახდას, განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული გარემოება, ანუ საკანონმდებლო ცვლილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აპრილის განჩინებით გ., მ., ე., ზ. და მ. თ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ., ე., ზ. და მ. თ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განაჩინებით მ., ე., ზ. და მ. თ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აპრილის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-ს წარმომადგენელმა თ. ლ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-ს წარმომადგენლის _ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აპრილის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ., ე., ზ. და მ. თ-ებმა. სააპელაციო სასაამართლომ მხოლოდ მათი სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში და მათ მიმართ 2007 წლის 16 იანვარს გამოიტანა განჩინება, რომლითაც მ., ე., ზ. და მ. თ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აპრილის განჩინება. საკასაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა გ. თ-ს წარმომადგენლის _ თ. ლ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. თ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება არ მიღებულა და მას საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. თ-ს წარმომადგენლის _ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. თ-ს წარმომადგენლის _ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.