საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-388-637-08 24 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ჯ-შვილი
წარმომადგენელი _ მ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ., ს. და შ. ჯ-შვილები
გასაჩივრებული განჩინება-- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ფაქტობრივი მფლობელობით სამკვიდროს მიღების დადასტურება და სამკვიდროზე მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბორჯომის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ჯ-შვილმა და მოითხოვა კანონიერ მემკვიდრედ ცნობა საცხოვრებელი სახლის 2/3 წილზე, რომელიც მდებარეობს ბორჯომის რ/ნი, დაბა ბაკურიანი. … ¹3-ში.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-შვილის სარჩელი ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადასტურებისა და სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით, ნ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ნ. ჯ-შვილის მამკვიდრებელი ა. ჯ-შვილი გარდაიცვალა 1980 წლის 19 მაისს.
მამკვიდრებლის ა. ჯ-შვილის სახელზე ირიცხებოდა და ირიცხება დღეის მდგომარეობითაც, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში თავისუფლების შესახვევის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2\3 წილი.
მოდავე მხარეებს წარმოადგენენ ა. ჯ-შვილის პირველი რიგის მემკვიდრეები; კერძოდ, მოსარჩელე ნ. ჯ-შვილი არის ა. ჯ-შვილის შვილი, ხოლო მოპასუხეები გ., ს. და შ. ჯ-შვილები არიან ა. ჯ-შვილის 1975 წელს გარდაცვლილი შვილის, შოთა ჯ-შვილის შვილები (მემკვიდრეობითი ტრანსმისია);
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ჯ-შვილს დედის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ აქვს მიღებული, ვინაიდან ნ. ჯ-შვილს სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ არ წარუდგენია და ამასთან, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას და მართვას.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების მტკიცების ტვირთი მართებულად იქნა გადატანილი მოსარჩელეზე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რომლებზეც აპელირებს მოსარჩელე, მათი შინაარსიდან გამომდინარე ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად სამკვიდროს დაუფლებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-შვილმა.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა მოწმეების ჩვენებებს, რომელითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს დედის დანაშთ ქონებასთან არ გაუწყვეტია ურთიერთობა და იგი დაეუფლა მას და არა მარტო ნ. ჯ-შვილი, არამედ მისი დებიც.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ მისცა შეფასება აპელანტის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მიწის გადასახადის ქვითარს, რომელიც გაცემულია ახალციხის საგადასახადო სამსახურის მიერ, ხოლო გადამხდელს წარმოადგენდა ნ. ჯ-შვილი.
არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა საქმის განხილვისას სარჩელი სწორად იყო თუ არა აღძრული იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
კასატორის განმარტებით, საქმეში მოპასუხედ არასწორედ იქნა ჩაბმული ლილი წიკლაური, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ამოერიცხათ იგი როგორც არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან იგი საკუთრების უფლებით არ ფლობდა არაფერს. ასევე სასამართლომ არასწორად ჩააბა საქმეში გიორგი, სოლომონი და შორენა ჯ-შვილები, ვინაიდან ისინი სათანადო მოპასუხედ ჩაითვლებოდნენ იმ შემთხვევაში თუკი მათ საკუთრებაში აღმოჩნდებოდა ნ. ჯ-შვილის დედის დანატოვარი ქონება, სხვა ყველა შემთხვევაში მოპასუხე მხარე უნდა ყოფილიყო ქ. ბორჯომის სანოტარო ბიურო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი საკასაციო პრეტენზიას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერ დედის დანატოვარი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. უნდა აღინიშნოს, რომ კასატორი არ უთითებს, თუ რომელი ნორმები დაარღვია სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების თუ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამრთლოს მიერ დადგენილი გარემოებები ითვლება დადგენილად თუ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში კი მოიაზრება საპროცესო ნორმათა დარღვევა, რომელთაც განაპირობეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში კი საკასაციო საჩივარი ასეთ სახის მითითებას საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე არ შეიცავს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მემკვიდრეობის მიღება არ გულისხმობს სამკვიდროს ე.წ. მექანიკურ დაუფლებას, არამედ იგი მოიაზრებს მემკვიდრის მიერ ქონების როგორც მისი საკუთარი, მემკვიდრეობით მიღებული ქონების დაუფლებას. ის გარემოება, რომ ნ. ჯ-შვილმა დამარხა მისი ძმა და უვლიდა ძმისშვილებს, ასრულებდა მიცვალებულთათვის აუცილებელ ქრისტიანულ წესებს, არ ნიშნავს იმას, რომ მან როგორც მემკვიდრემ მიიღო ქონება. იგივე შეიძლება ითქვას ავეჯის თაობაზეც. აქ უმთავრესია გამოიკვეთოს მიზანი ასეთი ქმედებისა. არცერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ კასატორი სადავო ქონებას ფლობდა, როგორც საკუთარს და თავისად დაგულვებულს. აღნიშნულს ვერ ადასტურებს ახალციხის საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი ცნობაც, რომლიდან ისიც კი არ ირკვევა, თუ რა სახის გადასახადებს იხდიდა ნ. ჯ-შვილი.
პალატა ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ მოცემულ დავაში მხარე ნოტარიუსია და არა გიორგი ჯ-შვილი მხარეთა შორის დავის საგანია სამკვიდრო ქონების მიღება. სამკვიდროს გაყოფა კი ხდება მემკვიდრეთა შორის, ნოტარიუსი მხოლოდამხოლოდ აფიქსირებს მხარეთა შორის მემკვიდრეობის მიღებიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგს.
რაც შეეხება საქმეში მოპასუხეთა სახით ჩართული ა. ჯ-შვილის შვილებისა და შვილიშვილების საკითხს და მათი სხდომაზე მოუწვევლობის ფაქტს, უნდა ითქვას, რომ განჩინებაში არ არის მითითებული მათი მონაცემები საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გვარი, სახელი, მისამართი და ა.შ.). ასეთი რეკვიზიტების არარსებობის შემთხვევაში კი შეუძლებელია ისინი მიჩნეული იქნენ მხარედ, საქმეში და მათ მიმართ დადგეს რაიმე შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეუძლებელია გადაწყვეტილების გაუქმება, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.