¹ას-388-704-09 16 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ. რ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 18 იანვარს ბაღდათის რაიონულ სასამართლოში არსებითად განსახილველად შევიდა სისხლის სამართლის საქმე 8807 892. საქმეში წარდგენილი იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სარჩელი ვ. რ-ძის წინააღმდეგ:
მოსარჩელის განმარტებით, ვ. რ-ძე, 2006 წლის 8 მარტიდან, 2006 წლის 5 მაისამდე მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დირექტორის თანამდებობაზე და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლებოდა მოხელედ;
დეპარტმენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე, მის სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა: ტყის ფონდის დაცვა, ტყის სარგებლობის წესების დამრღვევთა მიმართ ზომების გატარება, ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტებზე სათანადო რეაგირება, მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა.
მიუხედავად აღნიშნულისა ვ. რ-ძემ განიზრახა ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უპირატესობის მისანიჭებლად არ გადაეგზავნა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ბაღდათის სატყეო მეურნეობის თანამშრომელთა მიერ გამოვლენილი ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები და ამ გზით გაფლანგა დიდი ოდენობით სახელმწფიო ქონება.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ მოითხოვა ვ.რ-ძისათვის, სახელმწიფოს სასარგებლოდ, მის მიერ მიყენებული ზიანის, 14475 ლარის გადასახდელად დაკისრება.
ბაღდათის რაიონული სასამრთლოს მიერ სისხლის სამართლის წესით საქმის განხილვისას, იმავდროულად განხილული იქნა სამოქალაქო სარჩელი და 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით, ვ.რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშვედ. შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მასვე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწფიო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14475 ლარის გადახდა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.რ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ვ.რ-ძე გამართლდეს სეკვესტრირებული მორების სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით რეალიზაციისა და დიდი ოდენობით 13375 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის
ნაწილში. პროკურორის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ.რ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა 14475 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს;
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ვ.რ-ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტიოება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. რ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვ. რ-ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა , მიყენებული ზიანის 11734,83 ლარის ანაზღაურება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 31 ოქტომბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა მოპასუხე (მსჯავრდებული) მხარე ვ.რ-ძემ და მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვა მოითხოვა. განსახილველ საქმეზე სასამართლოს მხარეთა ახსნაგანმარტებები მოსმენილი ჰქონდა მანამდე ჩატარებულ სხდომებზე.
პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოტანილი, თუ მხარე არ გამოცხადდა საქმის განხილვის დაწყებისას, ხოლო მას შემდეგ, რაც საქმის არსებითად განხილვა დაიწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით და მოსმენილი იქნება მხარეთა ახსნა-განმარტებანი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი, დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ საფუძლიანად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სარჩელს, ამასთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ 2006 წლის ბაღდათის სატყეო მეურნეობის ტყის წესების დარღვევათა აღრიცხვის წიგნში რეგისტრირებული ხე-ტყის უკანონოდ მოპვებასთან დაკავშირებით ბაღდათის სატყეო მეურნეობის დირექტორად ვ.რ-ძის მუშაობის პერიოდში – 2006 წლის 08 მარტიდან ამავე წლის 05 მაისამდე შედგენილი 43 ოქმიდან, 13 ოქმთან დაკავშირებით, რეაგირების გაწვევისა და სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა. შესაბამისად
ვინაიდან, მოსარჩელეს მიერ სადავოდ იქნა გამხდარი ბაღდათის სატყეო მეურნეობის ტყის წესების დარღვევათა აღრიცხვის წიგნში რეგისტრირებული ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით, ბაღდათის სატყეო მეურნეობის დირექტორად ვ.რ-ძის მუშაობის პერიოდში – 2006 წლის 08 მარტიდან ამავე წლის 05 მაისამდე შედგენილ ოქმებზე, რეაგირებასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის ნამდვილობა, ხოლო მოპასუხე მხარის (აპელანტის) მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს მითითება იმის თაობაზე, რომ ოქმების რეაგირების გარეშე დატოვებით სახელმწიფოს მიადგა ზიანი ნაწილობრივ დასაბუთებულია.
პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დამდგარი ზიანი შეადგენს 13375 ლარს ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბაღდათის სატყეო მეურნეობის ტყის წესების დარღვევათა აღრიცხვის წიგნში რეგისტრირებული ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით, ბაღდათის სატყეო მეურნეობის დირექტორად ვ.რ-ძის მუშაობის პერიოდში – 2006 წლის 08 მარტიდან, ამავე წლის 5 მაისამდე შედგენილი ოქმებიდან, მხოლოდ 13 ოქმი დარჩა რეაგირების გარეშე. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ სულ ზიანმა შეადგინა 11734,83 ლარი
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. რ-ძემ.
კასატორის განმარტებით, ის აღიარებს სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფატს 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არის უსაფუძვლო. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 08 მარტიდან ამავე წლის 05 მაისამდე რეაგირების გარეშე დარჩა მხოლოდ 13 ოქმი. კასატორის განმარტებით სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ოქმების ჩაბარების, გასაჩივრებისა და ნებაყოფლობით ანაღზაურების ვადებზე. რისი გარკვევის შემდეგაც დადგინდებოდა ჩემი ბრალეული მოქმედება და შესაბამისად სახელმწფიოზე მიყენებული ზარალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით ვ.რ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღეკვეთა 14 წლის ვადით. მასვე ჩამოერთვა 2 წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ამასთან დაკმაყოფილდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სარჩელი ვ. რ-ძის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14475 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის განაჩენში, შეტანილი იქნა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით.
ვ.რ-ძე გამართლდა სეკვესტრირებული მორების სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით რეალიზაციისა და დიდი ოდენობით 13375 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ნაწილში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ვ.რ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. მასვე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით. პროკურორის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ.რ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14475 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა და ვ.რ-ძის ქმედება სსკ 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. ვრ-ძეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღეკვეთა 9 წლით, 10 თვითა და 27 დღით, მასვე ჩამოერთვა 2 წლის ვადით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. განაჩენი გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს.
როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უთითებს საკასაციო სასამართლომ (სისხლის სამართლის საქმეზე) გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღდათისა და ვანის სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობის პერიოდში 2006 წლის 8 მარტიდან ამავე წლის 5 მაისამდე ვ.რ-ძემ ხე-ტყის უკანონო ჭრის არაერთი შემთხვევა დატოვა რეაგირების გარეშე, რაც სწორად შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და რომ 13375 ლარის ღირებულების ზიანის დადგომისას არ ჩაუდენია სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და ქონებრივი ზიანი გამოიხატა აცდენილ სიკეთეში. გარდა ამისა, ვ.რ-ძემ ნაცვლად ადმინისტრაციული წესით საქმეთა გადაგზავნას შეიტანა სასარჩელო განცხადებები მხოლოდ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ამ მოქმედებით ხე-ტყის უკანონოდ მჭრელი 22 პირი განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, რამაც გამოიწვია 1100 ლარის ზიანი, ხოლო ზიანის ოდენობა 2006 წლის 8 მარტიდან ამავე წლის 5 მაისამდე პერიოდში შეადგინა 14475 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელირებულია განჩინებით ცალსახადაა დადგენილი ის ფაქტი, რომ ვ.რ-ძემ სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 14 475 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად ასეთი ფაქტები დადასტურებას აღარ საჭიროებენ. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. მითითებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ასეთ ფაქტებზე მითითებისას სასამართლო აღარ აფასებს მტკიცებულებებს, არამედ უპირობოდ ეყრდნობა განაჩენში ასახულ დადასტურებულ გარემოებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტებით შეუძლებელია იმ გარემოებების უარყოფა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით. ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად დამტკიცებულად ითვლება ვ.რ-ძის მიერ სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ფაქტიც და ოდენობაც. ეს გარემოებანი კი სადავოდ არ შეიძლება გახდეს სამოქალაქო წესით საქმის განხილვისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.