ას-388-739-07 8 ივნისი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 10 ივნისს ვ. მ-მ სარჩელით მიმართA ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ფ-ს მიმართ და მოითხოვა ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხის, თანმხლებ პირებთან ერთად, კუთვნილი ბინიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით ფლობს თბილისში, ... ქუჩაA ¹9-ში მდებარე სახლის ნაწილს. აღნიშნულ ფართში მდგმურის უფლებით ცხოვრობს ნ. ფ-ა ოჯახის წევრებთან ერთად. ვინაიდან თავად აღარ გააჩნია საცხოვრებელი, ხოლო მოპასუხე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ბინას, მოითხოვა ნ. ფ-ს თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლება.
მოპასუხე ნ. ფ-მ, სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა ვ. მ-ისა და გ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მათ შორის 2002 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სადავო ბინის რემონტისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების, კერძოდ,O 1400 აშშ დოლარისა და 400 ლარის ანაზღაურება.
თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ვ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვ. მ-სა და ნ. ფ-ს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულება. ნ. ფ-ა მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისი, ... ქუჩაA ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. ვ. მ-ს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
ნ. ფ-ს შეგებებული სარჩელი მოპასუხეების ვ. მ-ისა და გ. მ-ის მიმართ, 2002 წლის 30 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ბინის სარემონტოდ გაწეულის ხარჯების, 400 ლარის დაკისრებისა და ყველა სხვა სასამართლო ხარჯების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქირავნობის ხელშეკრულება ვ. მ-სა და ნ. ფ-ს შორის, ნ. ფ-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა საცხოვრებელი ბინა მდებარე - თბილისში, ... ქუჩა ¹9-ში და ვ. მ-ს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ნ. ფ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. მ-მ სარჩელის აღძვრამდე აცნობა ნ. ფ-ს ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ასევე დაადგინა, რომ ნ. ფ-ა ვ. მ-ს 2004 წლიდან ბინის ქირას აღარ უხდის.
სასამართლომ გ. მ-ის ქმედება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მართლზომიერად ჩათვალა და, შესაბამისად, მიიჩნია, რომ ვ. მ-ე კეთილსინდისიერი შემძენია.
სასამართლომ ნ. ფ-ს მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურებაზე ხანდაზმულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ვ. მ-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებით ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.